„მერაბიშვილის შეწყალება-არშეწყალების საკითხი სცდება პოლიტიკური ანალიზის სფეროს“

„მერაბიშვილის შეწყალება-არშეწყალების საკითხი სცდება პოლიტიკური ანალიზის სფეროს“

ვანო მერაბიშვილის მიმართ პოლიტიკური მოტივებით გამოწვეული ანტაგონიზმი ჰუმანურობით იცვლება. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერი №-9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში გამოსაკვლევად უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე უშედეგოდ გადაიყვანეს და მას უკეთესობა არ შეემჩნა, ადვოკატები და მედიკოსები მის შეწყალებაზე ალაპარაკდნენ. „შესაძლოა, მერაბიშვილი იქნას შეწყალებული“,-ასეთ აზრამდე მივიდა პროფესიით მედიკოსი, უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ექსპრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა.

მისი თქმით, თუ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, როგორც მისი ადვოკატები საუბრობენ, მაშინ პატიმრობაში მყოფი მაღალჩინოსნის შეწყალება შესაძლებელი ხდება. ასეთი ჰუმანური ჟესტის პარალელურად, დიმიტრი ხუნდაძეს მერაბიშვილის ინტოქსიკაციის ვერსიის არ სჯერა.

სხვაგვარად ფიქრობს გია ვოლსკი. მისი თქმით, არის დანაშაულები, რომლებიც მოწყალებასა და შეწყალებას არ ექვემდებარება.

რაც შეეხება ჰორნერის სინდრომს, ეს არის ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რასაც იწვევს ტვინიდან სხეულის ერთ მხარეს სახემდე და თვალამდე მომავალი ნერვული გამტარობის დაზიანება. როგორც წესი, ჰორნერის სინდრომი სხვა სამედიცინო პრობლემის-ინსულტის, სიმსივნის, ან ზურგის ტვინის ტრავმის შედეგია, თუმცა ზოგჯერ გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. მართალია, ამ სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა შეუძლებელია, მაგრამ გამომწვევი მიზეზის დადგენისა და მისი მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება აღდგეს ნერვის ფუნქცია.

ის, რომ პროფესიით ექიმები ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მიემხრობიან, გასაკვირი არც არის, რადგან ჰიპოკრატეს ფიცი, როგორც საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი, სხვაგვარ მიდგომას მოითხოვს პაციენტის მიმართ. თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსები და იქნება თუ არა ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც არჩევნების წინ ეფექტური?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი პოლიტიკურად შევხედავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, უდიდესი რისკია მერაბიშვილის შეწყალება, რადგან მას ისეთი კატეგორიის დანაშაულები აქვს ჩადენილი, რომ ამ შემთხვევაში, გია ვოლსკის უნდა დავეთანხმოთ. თუმცა ყველანი ადამიანები ვართ და, თუ ექიმები მიიჩნევენ, რომ საპატიმრო დაწესებულებაში მისი ყოფნა უფრო გადაწონის ამ რისკს, რაც არის პოლიტიკური რისკი, ადამიანურად უნდა მოვიქცეთ და ჰუმანურები უნდა ვიყოთ. თანაც, შეიძლება ადამიანი საპატიმროს გარეთ იმყოფებოდეს, მაგრამ მისი საქმიანობა კონტროლდებოდეს. სწორედ ამისთვის არსებობს სპეციალური სამაჯურები და რაღაც უფლებებიც შეიძლება მას შეეზღუდოს.

„თუ საპატიმროში ყოფნა მისი ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელი საფრთხის მქონეა, ამას ნუ გავაკეთებთ. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს იქნება არა მარტო არჩევნების წინ მიღებული არაპოპულარული გადაწყვეტილება, არამედ არჩევნების შემდეგაც. სხვათა შორის, გრიგოლ ვაშაძემ პირდაპირ თქვა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ დამნაშავეთა შეწყალებაა, უწინარეს ყოვლისა, სააკაშვილის და მერე მისთვის მოქალაქეობის აღდგენა. ჰკითხონ გრიგოლ ვაშაძეს, ამას მართლაც აპირებს? რა თქმა უნდა, იტყვის, ვაპირებო და ეს გასაგებიცაა, მისი პოლიტიკური მიზანი აქედანაც ჩანს, თუ რა სწყურია. მას უნდა რევანში, ანუ ყოფილი ხელისუფლების უკან მობრუნება. ეს არის მისი მთელი საარჩევნო კამპანიის არსი. თუმცა ვიმეორებ, მერაბიშვილის საკითხი სპეციფიკურია, რადგან ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული და ჰუმანურობა და ადამიანური ღირებულება გაცილებით მნიშვნელოვანია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, თუ არსებობს დიდი პოლიტიკური რისკი, აქ შეიძლება კიდევ დაფიქრდეს ადამიანი, მაგრამ ამ საკითხს სპეციალისტები და პროფესიონალები უნდა წყვეტდნენ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მერაბიშვილის პროცესს ახლა ნიურნბერგის პროცესს ვერ შევადრით, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული იყო და იქ შეწყალებაზე არც იყო საუბარი.

„მერაბიშვილს ბევრი აკლია ნიურნბერგის პროცესამდე, მთლად ეგეთიც არ იყო, მან ბევრი უბედურება დაატრიალა, მაგრამ ასეთ კატეგორიაში კონკრეტულად მერაბიშვილის გაყვანა არა მგონია, სწორი იყოს. თანაც, ნიურნბერგის პროცესში ინდივიდუალური სარჩელები არ ყოფილა, არამედ მთლიანად გასამართლდა ფაშისტური რეჟიმი. რაღაც მსგავსი უნდა მოხდეს საქართველოშიც“.

For.ge დაინტერესდა, თუკი დაავადებას გამოვრიცხავთ, რამდენად შეიძლება მერაბიშვილის გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ელოდა, მერაბიშვილი ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, მაგრამ ასე არ მოხდა და დასავლეთის თვალში თავის ატკიებად უკვე აღარ სჭირდებათ მავრი?! ამის შესახებ დავით ზარდიაშვილმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების მოპოვების პრობლემა არ უნდა არსებობდეს და მერაბიშვილზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, რათა იმდროინდელი მავნებლობა და დანაშაული გამოიძიონ. ამისთვის არსებობს სხვა უამრავი მეთოდი.

„თუ ასეა საქმე, რომ მერაბიშვილის ჩვენებების გარეშე საქმეები არ გაიხსნება, ეს არასწორია. მერაბიშვილმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა და მისი ციხეში ყოფნის მთავარი მოტივი სწორედ ეს არის. ის ბრალდებულია და სასჯელი უნდა მოიხადოს, თუკი ეს მისი ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელი საფრთხის მქონე არ იქნება“.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკურ ჭრილში ამ საკითხს ვერ განიხილავს. მისი აზრით, საეჭვოა, რეალურად მერაბიშვილი რაიმე ტიპის პოლიტიკურ აქტივად იქცეს ვინმესთვის.

„ცხადია, მის შესახებ არსებობდა ლეგენდები, სანამ ის შს მინისტრი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც საჯარო პოლიტიკაში გადაინაცვლა, ის აბსოლუტურ პაროდიად იქცა. გვახსოვს მისი პრემიერმინისტრობის პერიოდი... აქედან გამომდინარე, მისი შეწყალება-არშეწყალების საკითხი სცდება პოლიტიკური ანალიზის სფეროს და უფრო ჰუმანიტარული განზომილება აქვს. ჰუმანიტარულ განზომილებაში კი, ვინც უნდა, იმან გადაწყვიტოს ეს საკითხი. ამაზე მაინცდამაინც ტვინის ჭყლეტას არ ვაპირებ“.