ქვემო ქართლში გრანტებით განებივრებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთი თავისებურება სჭირთ - მათი თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიმართ ლოიალურ და მეგობრულ დამოკიდებულებაშია: არ აპროტესტებენ ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლების არც ერთ საკამათო გადაწყვეტილებას თუ რეფორმას, მეგობრობენ ძალოვან უწყებებთან, რეგიონის პროკურორს და პოლიციის უფროსს საკუთარ საახალწლო ბანკეტზე ეპატიჟებიან და ერთად ერთობიან.
ასეთი შეხმატკბილებული არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება, ალბათ, ბევრ რეგიონს არ ყავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს „უცნაური თავისებურება“, საბედნიეროდ, ჩვენი რეგიონის ყველა ენჯეოს არ სჭირს. თუმცა, ვისაც არ ჭირს, უსახსრობისგან ყოფნა-არყოფნის პრობლემის წინაშეა.
19 ივლისს, ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი შედგა. ღონისძიება ადგილობრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” ორგანიზებული გახლდათ. მისი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი სამთავრობო უწყებებისთვის მადლობების ჩამორიგებას ვერ აუდიოდა. ფორუმზე მოწვეულ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, თამარ კინწურაშვილს კი სცენიდან „თამუნათი” მიმართავდა.
„ჩვენი პროექტის ფარგლებში, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებოდნენ მაღალი რანგის სახელმწიფო პირებს. შეხვედრები გვქონდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და თავად მინისტრის მოადგილეებთან. იყო საშუალება პირდაპირ დაგვესვა მათთვის კითხვები, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამუნას - უშიშროების საბჭოს, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე განსაკუთრებული მადლობა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას. არ ყოფილა ჩვენი ღონისძიება, რომლის მიმართაც მათ სათანადო ყურადღება არ გამოეჩინოთ.
ასევე მინდა ვთქვა, რომ სხვა აქტივობებთან ერთად ჩვენი პროექტის მონაწილე არასამთავრობოებს სამთავრობო უწყებების დათვალიერების საშუალებაც მიეცათ. ვიყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც“ – განაცხადა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა.
მოგვიანებით, გავიდა პროექტის სატელევიზიო ვიდეორგოლი. ბოლო კადრებში, ნაჩვენები იყო არასამთავრობოების და დავით კირკიტაძის შეხვედრა.
ფორუმის მიმდინარეობისას არაერთხელ მოხდა ხაზგასმა, რომ რეგიონში არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებასთან „ჯანსაღ” ურთიერთობებშია.
„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს. ეს ადამიანები აქტიურად თანამშრომლობენ თვითმმართველობასთან. ატარებენ საჭირო ტრენინგებს, ეხმარებიან უმცირესობებს ინტეგრაციის პროცეში. ასევე - მუშაობენ დევნილებთან. ჩვენ მზად ვართ, მათთან კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ” – განაცხადა, ფორუმზე მოწვეულმა რუსთავის მერმა, ზაქრო დარჩიაშვილმა.
ადგილობრივი არასამთავრობოების მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელსაც.
„სამოქალაქო სექტორის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩანს, რომ რეალურად დემოკრატიის ჩანასახები ჩნდება და ვითარდება. ჩვენ მზად ვართ ყველა სადისკუსიო საკითხი, იქნება ეს - შესყიდვების, თუ ბიუჯეტის დაგეგმვის თემა, თქვენთან ერთად განვიხილოთ. თქვენთან ურთიერთობა ჩვენთვის სასიამოვნოა” - სცენიდან საუბრობდა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე.
რა თქმა უნდა, ყველა დამსწრეს, როგორც სამთავრობოს, ასევე - სამთავრობო არასამთავრობოს, გული აუჩუყდა და თვალზე სიხარულის ცრემლი მოადგა. სასიამოვნოა, როდესაც რეგიონის რწმუნებული და საკრებულოს თავმჯდომარე სამოქალაქო სექტორის გადამწყვეტ მნიშვნელობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების აუცილებლობაზე საუბრობენ.
სასიამოვნოა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერისთვის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე „უბრალოდ თამუნაა“.