ხუდონჰესის პროექტს პერსპექტივა აღარ აქვს, მოსახლეობის საპროტესტო ტალღას კი პრორუსული ძალები მართავენ. ასეთია ენერგეტიკოსების ნაწილის შეფასება მიმდინარე მოვლენებისადმი, რაც ენერგოსექტორში ამჟამდაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო განწყობებს რუსული ძალები მართავენ. ამას ერთხელ უკვე შეეწირა ხუდონჰესის პროექტი და ახლა იგივე მეორდება.
„აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რადგან მე ასე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთიდან მართული პროცესი, ისევე როგორც ეს 80-იან წლებში იყო, როცა „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს. მაშინ ძალიან კარგად იცოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ყველაფერს ცდილობდა, რომ რესპუბლიკები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდოდნენ, ენერგეტიკულად რუსეთზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს „ხუდონჰესი“ რომ ჰქონოდა, ელექტროენერგიის იმპორტი საჭირო აღარ იქნებოდა.
ამ პირობებში, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, დეპუტატი „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.
„მე ვეღარ ვხედავ პერსპექტივას. ხომ უყურებთ, ამას წინადაც გამოვიდა მოსახლეობა და დაიფიცეს, რომ საერთოდ აღარ აშენდება სვანეთში არანაირი ჰესებიო, არადა ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრი მდინარე არის ენგური. ასევეა რიონი და რაჭაშიც დიდი საპროტესტო ამბებია“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
სულ სხვაგვარად ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“. მათი წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი მუდმივად არღვევს ხელშეკრულების პირობას, რის გამოც პროექტი არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ შესაჩერებელია. ხუდონჰესის მშენებელმა კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ“ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
„არ ვიცი რა პროცესი მიდის, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ აქტიურია და საკუთრების უფლებას კვლავ „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ ფლობს. გარდა იმისა, რომ ამ კომპანიას არც კი დაუწყია მშენებლობა, მუდმივად ირღვევა ხელშეკრულების პირობები მიმდინარე პერიოდშიც კი.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ წყდება ხელშეკრულება, რის გაგრძელებაზეა საუბარი მთავრობის მხრიდან, როცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობას მაქსიმალურად უწყობდა ხელს, მაგრამ ინვესტორმა ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. ამ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტი არაფერ შუაშია, კომპანიამ საჭირო დოკუმენტაციას თავი ვერც კი მოუყარა. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც ვერ ან არ გაითვალისწინეს. ფაქტია, რომ ამ შენიშვნების საპასუხოდ დოკუმენტი, რომელიც ექსპერტების რეკომენდაციებს პასუხს გასცემდა, არ დადებულა. 2013 წლის შემდეგ პროექტი, პრაქტიკულად, შეწყვეტილია. ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელია ენერგეტიკოსების შეფასება“, - აღნიშნა ჭიპაშვილმა.
გაურკვევლობაში თავად „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანიაც. „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობამ „ხუდონჰესის“ ფინანსურ მოდელებს გადახედა, თუმცა რა არის ამ პროცესის შედეგი, უცნობია.
„დღეს ისევ „ტრანსელექტრიკაა“ ამ პროექტისა და ყველა იმ სამუშაოს მფლობელი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩატარდა - დაწყებული გეოლოგიური, სეისმური, თუ გარემოს დაცვითი საკითხების შესწავლებით“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ დავით მირცხულავამ და აღნიშნა, რომ პროექტზე ამ და სხვა სახის სამუშაოები 2016 წლის ბოლოდან შეჩერდა.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც „ხუდონჰესისა“ და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტს უკავშირდება, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ განწყობების საფუძველი დეტალურად უნდა შეისწავლოს.
„ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდრორესურსია და ეს დარგი ფაქტიურად, მთლიანად პარალიზებულია. ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსის ათვისება. რეალურად, დღეს ტემპი ძალიან დაბალია. ფაქტიურად, არც ერთი მნიშვნელოვანი სადგური დღეს ქვეყანაში არ შენდება. აქ მხოლოდ დიდ ჰესებზე არ არის საუბარი. მცირე ჰესებზეც ჩვენთან, განურჩევლად, ერთი და იგივე შეფასება ისმის, რომ მოსახლეობა და გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“, - აღნიშნა მირცხულავამ.