საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. ეროვნული ბანკიდან სრულიად მოულოდნელად წავიდა ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია, რომელიც სებ-ში კომერციული ბანკების ლობისტად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, ბანკების ასოციაციაში თავმჯდომარე შეიცვალა და ამ უწყებას ახლა „სილქროუდ ბანკის“ გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
ეროვნული ბანკიდან მურთაზ კიკორიას წასვლის ვერსია ბოლოდროინდელ ცვლილებებთან არის კავშირში. ეროვნული ბანკიდან მის წასვლას რეგულაციების ახალ დოკუმენტს უკავშირებენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელის ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მურთაზ კიკორიამ სებ ახალი ნორმების გამო დატოვა.
„ძირითადად, სწორედ კიკორია იყო ამ მიმართულების ხელმძღვანელი და მასთან გვქონდა კონსულტაციები. ისიც და საკრედიტო რისკების დეპარტამენტის წარმომადგენლები აანალიზებენ სიტუაციას და მშვენივრად ერკვევიან საკითხში. ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ ძალიან კარგადაც აანალიზებენ, საკითხშიც მშვენივრად ერკვევიან, თუმცა ვიღაცის ახირებას ან დავალებას არიან აყოლილი. პირველ რიგში, ეს არ არის პროფესიონალური მიდგომა საკითხისადმი. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც იყოს შიდა აზრთა სხვადასხვაობა“, - განუცხადა „ბიემს“ შენგელიამ და დასძინა, რომ მათ რჩებათ განცდა, რომ ეს ყველაფერი თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკვეთით ხდება.
განსხავვებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ლია ელიავას, რომელიც ფიქრობს, რომ კიკორია მიზანმიმართულად გაათავისუფლეს და ალბათ, უკვე ჰყავთ კიდეც მისი შემცვლელი. მისი წასვლით საბანკო სექტორი გავლენას და სასურველი რეგულაციების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.
„ეროვნული ბანკის შემადგენლობაში კიკორია გამორჩეული იყო. ეს არის ადამიანი მაღალი პროფესიონალიზმით, რომელმაც საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით იცოდა, რა იყო გასაკეთებელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვერ გაუძლო ეროვნულ ბანკში არსებულ სიტუაციას, რომელიც არის მძიმე. სხვა მხრივ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ასე მარტივად არ ტოვებენ“, - აღნიშნა ელიავამ.
მოსაზრებას, რომ კიკორიას პოსტიდან წასვლა საბანკო რეგულაციებს უკავშირდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ეთანხმება.
„ბატონმა მურთაზმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა მადლობა ვუთხრა მას ეროვნულ ბანკში ნაყოფიერი მუშაობისთვის. მისი შემოერთება ბანკში მაშინ მოხდა, როდესაც ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და დიდი წვლილი მიუძღვის ამ რეფორმებში. არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ის არ ეთანხმებოდა, რომელიმე ზომას ან ნაჯბიჯს რომელიც სებ-ში განხორციელდა. თავად შეგიძლიათ შეეკითხოთ. ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო და ის მუდამ იზიარებდა ამ მოსაზრებებს“, - ამბობს გვენეტაძე.
ამასობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახმაურდა. დღე-დღეზე ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიემს“ ბანკების ასოციაციაშიც დაუდასტურეს, თუმცა არჩვენები ასოციაციაში ერთ თვეში უნდა გაიმართოს.
„არჩვენები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ასოციაციის პრეზიდენტად ალექსანდრე ძნელაძე დარჩება“, - განსცხადა წყარომ.
ასოციაციის პრეზიდენტს ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ირჩევენ. რაც შეეხება ალექსანდრე ძნელაძეს ის „სილქროუდ ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.