„იქნება შფოთი, დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა“

„იქნება შფოთი, დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა“

ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ამხელს, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ხელშეშლასა და პროვოკაციების მოწყობაში. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოდადოებას მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში დატოვოს, როგორც გადმონაშთი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დიპლომატიური კორპუსი.

აღარ აწყობს მმართველ ძალას „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მთავარი ოპონენტი, ფრთხილობს იმის გამო, რომ მათმა აქტიურობამ შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეუქმნას მის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს თუ მთავარი ოპოზიციური ძალისგან კიდევ უფრო მასშტაბურ პროვოკაციას ელოდება? - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალურობა დაკარგა, რაკი „ქართული ოცნებაა“ მისი „შემქმნელი“. ისიც არ მგონია, საქართველოში აკრედიტირებულ პირებს დამატებითი ინფორმაცია აინტერესებდეთ საარჩევნო კამპანიის შესახებ, რადგან ისედაც ყველამ ყველაფერი იცის - უინსტონ ჩერჩილის სიტყვები მახსენდება ამ სიტუაციაზე: „როდესაც იწყება პაექრობა წარსულსა და აწმყოს შორის, აღმოჩნდება, რომ დავკარგეთ მომავალი“, - სწორედ ამ სიტუაციაშია დღეს საქართველო.

გააფთრებული იბრძვის ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლება და არავის ადარდებს რა მდგომარეობაშია ქვეყანა. იმის ნაცვლად, რომ წინსვლის გზები ვეძებოთ, ნეგატიური ინფორმაციით კრემლის ინტერესს ვასხამთ წყალს. წინასაარჩევნო ბრძოლას წესების გარეშე დასავლეთიც ნეგატიურად შეაფასებს და ამით ისევ რუსეთის სამიზნე გავხდებით.

ვფიქრობ, ხელისუფლების ამგვარი განცხადებები უფრო შიშითაა გამოწვეული, რომ მათი კანდიდატი არ დამარცხდეს. რაც მთავარია, დედაქალაქის მერს იმისი დრო არ უნდა ჰქონდეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიით იყოს დაკავებული.

კალაძე მხოლოდ მერი არ არის, ის პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავებს პარტიაში...

- ახალი არ არის, როდესაც რამდენიმე ფუნქციას ითავსებენ ჩინოვნიკები, მაგრამ კარგი იქნება, თუ თბილისელები მერის სხვა ფუნქციებისგან გათავისუფლებას მოვითხოვდით, რადგან დედაქალაქში უამრავი რამ არის მოსაგვარებელი და გასაკეთებელი.

შევეჩვიეთ, რომ ერთადერთი კადრთუხუცესი საკუთარი ხედვით ალაგებს საკადრო პოლიტიკას, მაგრამ შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს ცუდად შემოუბრუნდეს.

ნაციონალური მოძრაობისმხრიდან პროვიკაციები ახალი არ არის, მაგრამ ხელისუფლება როდესაც ამაზე სპეციალურ ბრიფინგებს მართავს, საკუთარი კანდიდატის ჩავარდნის შიში ამოძრავებს, თუ სხვა ქვეტექსტებიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამგვარ განცხადებებში?

- ახალი მიდგომები საპრეზიდენტო კანდიდატისათვის მარტივია, როცა კონსტიტუციაში ცვლილებები შეგაქვს, მაგრამ როდესაც უკვე რეალურად არის ჩასატარებელი არჩევნები, ბუნებრივია, იქნება ღელვა, რომ ვაითუ ერთმანეთთან შეუთანხმებელი ნაბიჯები უკან შემოუბრუნდეთ.

მით უმეტეს, რომ კიდევ 44 კანდიდატის მოსმენა მოგვიწევს და კაცმა არ იცის, რა თემებზე დასვამენ კითხვებს - მაგალითად, რატომ ვერ გაიზარდა წელს ჯარისკაცების როდენობა ქართულ ჯარში; სხვა სფეროებშიც გამოიძებნება კითხვები, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ქართული პოლიტიკის პრიმიტული ხედვა ანგრევს ჩვენი ქვეყნის პერსპექტივას, რომელიც ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში შეგვიყვანდა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იზრუნა და ბოლო დღეებში ის ეკლესიისთვის მიუღებელი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრად უფრო მკაცრია ეკლესიის პოზიცია მარიხუანას მოყვანის თემასთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, თითქოს, რაღაც შეთანხმებაც კი დაიდო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ წამოტივტივდა ეს თემა მაინც და მაინც არჩევნების წინ?

- როგორც ჩანს, თავიდან არავინ მოელოდა რა რეაქცია მოჰყვებოდა, თუმცა შეიქმნა შფოთიც და ხმაურიც.

გინდა თუ არა, ჩნდება კითხვა, რამ აიძულა სოხუმი ნარკოგამსაღებლების მიმართ სასჯელის უკიდურესი ფორმა, სიკვდილით დასჯა შემოეღო, ან წლების განმავლობაში ხომ არ იყო აფხაზეთი მძევალი უფრო მასშტაბური ნარკომიმოქცევის?!

სააკაშვილის მმართველობის დროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობოდა ნარკოტრანზიტის თემას. ამასთან, ცნობილია, რომ კონფლიქტური რეგიონები ამ მხრივ ვერ კონტროლდება. დღეს ამ თემის წამოწევა შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ქვეყნების ინტერესის საგანი?

- უსაფრთხოების საკითხებზე ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტიც უფრო ფრთხილად უნდა საუბრობდეს, არა მხოლოდ ნარკოტიკებზე, არამედ სხვა თემებზეც - სულ მცირე შურისძიების საბაბი რომ არ მისცეს მაგალითად, მეზობელ ქვეყანას. მთლიანობაში კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები არ არიან დამოუკიდებლები და ფიქრობენ, თავიანთი განცხადებებით ივანიშვილს არ აწყენონონ, შედეგად კი ზოგჯერ ასეთ გაუგებარ სიტუაციებსაც ვიღებთ.

ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის... მარტო აჭარაში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი რად ღირს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარი ფაქტორებიდან გამომდინარე, შეკამათებაც უჭირთ.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის ინტერესებს, საქართველოში ნებისმიერი არეულობით პირველ რიგში მოსკოვი ინტერესდება.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრს სურს პრეზიდენტობა, მაგრამ კანდიდატებს შორის მხოლოდ დავით უსუფაშვილს შეიძლება ჰქონდეს შანსი, მიიმხროს ამ ხელისუფლებაზე განაწყენებული ამომრჩეველი, თუმცა მეორე ტურში მის გასვლაზეც ნაკლებად კეთდება პროგნოზები. რა შეიძლება იყოს დაბალი რეიტინგის მიზეზი?

- ძნელად წარმომიდგენია, ქართველი ამომრჩეველი მის პრეზიდენტობაზე რომ ფიქრობდეს. ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია, რომ მის სახელს რიმე უმსგავსობა არ უკავშირდება, უცხოეთშიც მაღალი წარმოდგენა შეიქმნა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ახორციელებდა ვიზიტებს.

ხელისუფლება მეორე ტურში თუ უსუფაშვილისა და ბაქრაძისკენაც გაიხედავდა, ცუდი არ იქნებოდა, თორემ ძალიან ბევრი პრეზიდენტობის მსურველი შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ამომრჩეველს დაპირდება, რომ პრეზიდენტის სასახლეს, როგორც სიმბოლოს შეუნარჩუნებს.

პირველი კონფლიქტი ხელისუფლებასა და მარგველაშვილს შორის პრეზიდენტის სასახლის გამო მოხდა. რაიმე უფრო მნიშვნელოვანი ქვეტექსტიც ხომ არ ჰქონდა ამ კონფლიქტს?

- ეს ჩანდა, თუმცა ბურუსით მოცულ სივრცეში რაც ხდებოდა, არ არის ის თემა, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგებოდა...

ხელისუფლებას საკმაო დრო ჰქონდანაციონალური მოძრაობისწარსულში დასატოვებლად. ახლა, ამ მომენტში გახდა მისთვის მოუხერხებელი?

- როგორც ჩანს, ვიღაცეებს თავის გამოჩენა სურთ, მაგრამ არც ის არის დასავიწყარი, რომ არც ერთ ნაციონალს დანაშაული არ მოუნანიებია. ეს რომ გაეკეთებინათ, შესაძლოა, მეტი სიმშვიდეც ყოფილიყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების მიმართ სიმპათიაც კი გაჩენილიყო, მაგრამ ეს არ მომხდარა...

ახლა უკვე ვანო მერაბიშვილის შეწყალების კამპანია წამოიწყონაციონალურმა მოძრაობამ“. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი შეიძლება იყოს ეს, თუ ვანო მერაბიშვილი ციხის გარეთ რაღაცისთვის სჭირდებათ?

- ვანო მერაბიშვილს ბევრი აქვს მოსანანიებელი და იხდის კიდეც სასჯელს, მაგრამ სხვათა შორის, მისი მინისტრობის დროს ნარკომანია ასე არ ყვაოდა, მათ შორის, ციხეში. მართალია საპროცესო შეთანხმებებით ბიუჯეტი ივსებოდა, მაგრამ ნარკომანებიც და გამსაღებლებიც ბევრად შემცირდნენ. შეწყალება არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, შესაბამისი უფლებამოსილება რომ მქონდეს, დავინტერესდებოდი, როგორ ებრძოდა ნარკომანიას და თუნდაც საკანში ამ თემაზე დაწვრილებით ვესაუბრებოდი...

ხელისუფლებამ გამოიტანა თემა და როგორ მოხდა, რომ ამ თემით მხოლოდნაციონალურმა მოძრაობამდაიწერა ქულები? - ვაშაძე მარიხუანას მოყვანის საწინააღმდეგო ხელმოწერებსაც აგროვებს...

- ისიც მახსოვს, როგორ იქმნებოდა ნაციონალებისგან „გირჩი“, რომელიც სუფთა პოლიტიკას გვპირდებოდა, თუმცა მგონია, მისი პოლიტიკური საქმიანობა სისუფთავისგან შორსაა.

ანუ როცა სჭირდებათ, რომელიმე ნარკომანის მხარდამჭერ აქციასაც აწყობენ? როგორც ჩანს, პიარში ისევ აგებს ხელისუფლება?

- მგონია, რომ სახელისუფლებო პარტიაში დაბნეულობაა. ერთი შეედვით ერთი პარტიაა, მაგრამ სხვადასხვა შეხედულებებია და ეს ვფიქრობ, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ნიშანია.

თუმცა როდესაც მთავარ პოლიტიკურ ძალას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც ძალზე იშვიათად გვანებივრებს საჯარო გამოსვლებით, ვიტყოდი, რომ მმართველი პარტია ამ მხრივ, დაჩაგრულია.

უმჯობესი იქნებოდა ივანიშვილს თავად ემართა პროცესები?

- ან შეერჩია პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელსაც ენდობოდა... რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდებით, რომ ნაკლებად ენდობა გარემოცვას.

ამ ყველაფერს დაალაგებს 2020 წლის არჩევნები?

- ამის განმსაზღვრელი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი.

რა შედეგს ელოდებით?

- დავიდარაბას, შფოთს, დაპირისპირებას, დაუმორჩილებლობას.

ანუ, რაც დააანონსეს ნაციონალებმა?

- რაც შედის რუსეთის ინტერესებში. ანუ სამოქალაქო დაპირისპირება. ამის წინაპირობა წლების განმავლობაში მუშავდებოდა. შეიქმნა კარგად გააზრებული თავდასხმის საშუალებები მედიასივრცეში. უამრავი მედიაგამოცემა არსებობს, რომელიც რუსულ ინტერესზე მუშაობს. სწორედ ეს არის რბილი ძალა, რომელიც მეტისმერად მომძლავრდა საქართველოში.

ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფიქსირებული, რომელიც რუსული ფულის მხარდაჭერით არსებობს და უსაფრთხოების სამსახური ჯერჯერობით ამ ფაქტზე არ რეაგირებს, რაც ასევე დამატებით კითხვებს ბადებს.