„უკვე „ოცნების“ რესურსიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდეს“

„უკვე „ოცნების“ რესურსიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდეს“

როგორც ამბობენ, პოლიტიკური ბრძოლის დროს ყველა ხერხი გამართლებულია, თუმცა, ქართულ წინასაარჩევნო კამპანიას თუ გადავხედავთ, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული ტაქტიკის გამოგონება არც გამხდარა საჭირო. მარიხუანას თემამ, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც მაინც და მაინც წინასაარჩევნოდ გამოიტანა განსახილველად, საკუთარი როლი უკვე შეასრულა. ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ კანაფის თემის ლობირებამ საზოგადოების დიდი ნაწილი და ეკლესია მის წინააღმდეგ აამხედრა. ოპოზიციამ ამით ისარგებლა და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც აქამდე მეტროსადგურებთან საკუთარი მხარდამჭერების სიებს აგროვებდა, ტაქტიკა შეცვალა და მარიხუანას მოყვანის მოწინააღმდეგეთა სიის შეგროვებაზე გადაერთო.

რამდენად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებული შეცდომები არჩევნების შედეგებზე და შესაძლებელია თუ არა, ხელისუფლება არჩევნებისგან განზე გადგეს, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: საზოგადოების რეაქცია უარყოფითი რომ იქნებოდა, ვფიქრობ, ამას დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა. შესაბამისად, კანონპროექტის გამოტანას ისედაც მოჰყვა ხმაური საზოგადოებაში და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიერ ამ კანონპროექტის ლობირება პიარის თვალსაზრისით, არ არის მაინც და მაინც გამართლებული. რატომ აკეთებს ამას, გაუგებარია. ისიც არ მესმის, თუ ამ კანონის შემოტანა სურდათ, რატომ არ მოიცადეს არჩევნების დასრულებამდე.

ცხადია, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ინიციატივით არ დაიწყებდა წინასაარჩევნოდ კანაფზე ლაპარაკს, სავარაუდოდ, უკარნახეს და მანაც თავი ვალდებულად ჩათვალა. არ ელოდებოდა ხელისუფლება, რომ ამით საზოგადოების რისხვა დაატყდებოდა მის კანდიდატს, თუ მის ინტერესში აღარ შედის ზურაბიშვილის თუნდაც, მეორე ტურამდე მიყვანა? არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამით ირიბად, ბაქარაძესაც კი უჭერდეს მხარს ხელისუფლება...

- თუ ასეთი სცენარი არსებობს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უცნაურია, რადგან ხელისუფლებას არავინ არ ექაჩებოდა, რომ ზურაბიშვილისთვის დაეჭირა მხარი. თუ მოტივი სჭირდებოდა, რომ უკან იხევს და არ იზიარებს ზურაბიშვილის მიერ წარმოებულ კამპანიას, არ ვიცი.

თუმცა, მხოლოდ მარიხუანას წარმოებაში არ არის საქმე, როდესაც ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოებულ პიარ-კამპანიას ეხება. ის ძალიან ხშირად იცვლის პოზიციებს, ერთით იწყებს, მეორეთი ამთავრებს - საკმაოდ უცნაური კამპანია აქვს და არ მგონია, ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდეს ხელისუფლებას - თუ ასეა ეს საკმაოდ უცნაური იქნებოდა. თუ ასეთ სვლას აკეთებენ, რაში სჭირდებათ, ესეც არ მესმის - რას მოიგებს ხელისუფლება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ გავიდეს მეორე ტურში?!

თუ მეორე ტურში დარჩებიანევროპული საქართველოდანაციონალური მოძრაობა“, ასეთ შემთხვევაში ბაქრაძის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალისევროპული საქართველოთიჩანაცვლება, თუმცა მრავალკომბინაციური გათვლებით ეს ხელისუფლება ნამდვილად არ გამოირჩევა და არც შექმნილ სურათს აქვს ლოგიკური ახსნა - თანაც ოპოზიციის როლშინაციონალური მოძრაობაცაწყობთ...

- ასეთი რთული და ცოტა გაუგებარი თამაშები რატომ უნდა ითამაშოს, თუ ეს უნდოდა ხელისუფლებას, საერთოდ არავის არ დაუჭერდა მხარს და თავისუფალ სივრცეში სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ვერ გავიდოდა მეორე ტურში.

ამ ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება წამგებიანი პოზიციით გასვლა. თუ ზურაბიშვილი ხელისუფლების დახმარებით ვერ გავიდა მეორე ტურში, აქ უკვე პრობლემა უჩნდება თავად ხელისუფლებას, რადგან შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ მას ელექტორატი არ ჰყავს და მხარს აღარავინ უჭერს - მთელი ორი წელი, საპარლამენტო არჩევნებამდე სწორედ ეს თემა იქნება სალაპარაკო.

ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ დიდი არჩევანი არ აქვს. ერთადერთი გზა, რომ არ გადაჰყვეს ზურაბიშვილის ასე ვთქვათ, გაუაზრებელ პიარკამპანიას, არის ის, რომ უკან წაიღოს თავისი მხარდაჭერა - შეუძლია თქვას, რომ არ ეთანხმება დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებებს.

სხვა მხრივ, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეორე ტურში ვერგასვლა იქნება ხელისუფლებისთვის წამგებიანი არა მხოლოდ ამ არჩევნევბზე, არამედ მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც.

ხელისუფლებამ კარგად იცოდა სალომე ზურაბიშვილის კონფრონტაციული ხასიათის შესახებ და მაინც მასზე დადო ფსონი - ეს ყველაფერი თუ იმის დასამტკიცებლად სჭირდება, რომ სალომე ზურაბიშვილსაც კი გაიყვანს, თუ მოინდომა, ძნელი სათქმელია. საზოგადოებას უჭირს დაიჯეროს, რომ ყველაფერი ასე მარტივადაა და უკვე შეთქმულების თეორიები ვითარდება. რაში აწყობს ხელისუფლებას ზურაბიშვილი?

- არსებობს არგუმენტები და მოსაზრებები, თუ რატომ დაუჭირა მხარი ხელისუფლებამ ზურაბიშვილს და არა ვინმე სხვას. შესაძლებელია ამის არგუმენტირება - მოიძებნა გარეშე პირი, რომელიც არც ერთი დაჯგუფების გავლენის ქვეშ არ იმყოფება და „ოცნებაში“ არსებული არც ერთი გუნდის ლობირებას არ დაიწყებს პრეზიდენტობის დროს.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ხიფათს პრეზიდენტობის შემთხვევაში. შესაძლოა, არ იყოს პროგნოზირებადი მისი განცხადებები, რაც ნაკლებად აღელვებს ხელისუფლებას, მაგრამ მთავარი, რაც არ უნდა ხელისუფლებას ის არის, რომ არ დაიკავოს პრეზიდენტის სავარძელი პიროვნებამ, რომელიც შემდგომ, საპარლამენტო არჩევნევბისათვის შეუქმნის ორგანიზაციულ პრობლემებს. ანუ პრეზიდენტის სავარძელს არ გამოიყენებს იმისათვის, რომ დააგროვოს პოლიტიკური კაპიტალი და იბრძოლოს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებისთვის. 2020 წელს - ამის რესურსი ზურაბიშვილს არ გააჩნია.

შესაძლოა, ამ ფაქტორის გათვალისწინებით ის მისაღები ყოფილიყო „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ განცხადებები, რომელიც მან გააკეთა, საკმაოდ მკვეთრ რეაქციას იწვევს საზოგადოებაში და ახლა უკვე „ქართული ოცნებისთვის“ არის პრობლემა, მაინც გაუწევს ლობირებას ზურაბიშვილს, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა დიდი რეიტინგი, რომ დამოუკიდებლად კენჭისყრის შემთხვევაში რაიმე შედეგისთვის მიეღწია, თუ განზე გადგება.

ახლა უკვე „ქართული ოცნების“ რესურსიც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი იმისათვის, რომ ზურაბიშვილი მეორე ტურში გავიდეს.

თუ დაინახავს ხელისუფლება, რომ მეორე ტურში მისი გაყვანა რთულია ან შეუძლებელი, ურჩევნია, უარი თქვას მის მხარდჭერაზე და არგუმენტად ზურაბიშვილის განცხადებები მოიყვანოს, ვიდრე ბოლომდე მიჰყვეს მას და წააგოს არჩევნები.

მოგახსენეთ, რატომაც დაუჭირა მხარი ხელისუფლებამ ზურაბიშვილს, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და გართულდა და საკმაოდ მკვეთრია პროტესტი საზოგადოების ყველა ფენის მხრიდან, კანაფის თემიდან გამომდინარე. ამიტომ უმჯობესია, გადაწყვიტოს ხელისუფლებამ აგრძელებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას თუ გვერდზე გადის და ზურაბიშვილს პირისპირ ტოვებს ამომრჩეველთან.

თუ ხელისიფლება გვედზე გადგა და გაათავისუფლა საარჩევნო ველი, რომელ კანდიდატს რა შანსი უჩდნება და როგორ კონფიგურაციას ვიხილავთ?

- ვფიქრობ, ძირითადად ოთხ კანდიდატს შორის მიმდინარეობს ბრძოლა - ესენი არიან ვაშაძე, ბაქრაძე, ზურაბიშვილი და უსუფაშვილი. თუ ზურაბიშვილი, ანუ, „ქართული ოცნება“ გავა თამაშიდან, მაშინ უსუფაშვილის შანსები მკვეთრად გაიზრდება, რომ გავიდეს მეორე ტურში.

უსუფაშვილს მხარს ძირითადად, ის ამომრჩეველი დაუჭერს, რომელიც თავის დროზე „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე, უსუფაშვილს ემატება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც, შესაბამისად, მეორე ტურში გასვლის შანსი უჩნდება. მეორე ტურში გასვლა კი, დიდი ალბათობით, მის გაპრზედენტებას ნიშნავს.

მეორე ტურში გავა ბაქრაძე ან ვაშაძე. ჯერჯერობით ვაშაძეს უფრო მეტი შანსი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ნაციონალებს საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ ვიდრე „ევროპულ საქართველოს“ - ჯერჯერობით ასეთი კონფიგურაცია იკვეთება.

არავინ ველოდით, თუნდაც ორი-სამი კვირის წინ, რომ ზურაბიშვილის რეიტინგი და მისი პიარკამპანია ამ მიმართულებით წავიდოდა. ისეთი სიტუაცია იყო, თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა, მინიმუმ, მეორე ტურში გასვლა ჰქონდა გარანტირებული, მაგრამ ისეთი პიარი აწარმოა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდსაჭერის შემთხვევაშიც კი გაუჭირდება მეორე ტურში გასვლა.