ოტია იოსელიანი: „მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!“

ოტია იოსელიანი: „მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!“

[მანანა ნოზაძე] 

ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოტია იოსელიანის ცხედარს დღეს გელათის ტაძრიდან გამოასვენებენ და, ანდერძისამებრ, წყალტუბოს რაიონში, სოფელ გვიშტიბში საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალავენ. ოტია იოსელიანი 14 ივლისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იუბილეები და ტაშ-ფანდურა არ უყვარდა. „რა უბედურებაა იუბილე, თუ რამეს უკეთებ ხალხს, თუ რამის გაკეთება შეძელი ამ დაქცეულ ქვეყანაში, მადლობელი შენ თვითონ აქეთ უნდა იყო და იქით უნდა უხადო ხალხს მადლობა. და არა, მოდით დამიდგით ძეგლიო... ნუ ახდევინებ მადლობას და ნუ აკრევიებ ტაშს. მწერლებმა უნდა მივცეთ მაგალითი ხალხს. ჩინ-მედლები გამოგონილი იყო ჯარისკაცებისთვის. იბრძოდა საწყალი და აძლევდნენ მედალს... ახლა რად უნდა მწერალსა და ბრძენს ჩინ-მედლები?!“ – გაოცებული კითხულობდა ოტია იოსელიანი, როცა 80 წლის ასაკში ილიას პრემიით აჯილდოებდნენ.

თავად ერთადერთი პრემიის დაწესებას ფიქრობდა – ლუარსაბისა და დარეჯანის პრემიის სახით. თანაც ხუმრობდა, – აუ, რა ლაურეატები გვეყოლებაო?! ილია ახსენდებოდა, ამ კაცმა დაგვიწერა „კაცია-ადამიანი?!“, გვითხრა, არ გაგიწყრეს ღმერთი, ასე არ ქნათო, ჩვენ კი ისე მოვიქეცით, როგორც ლუარსაბი და დარეჯანი იქცეოდა.

არ მოსწონდა ტელევიზიით ძირითადად გასართობი პროგრამები რომ გადაიცემოდა. „გვეუბნებიან, იცინეთ და იცინეთო, რაზე ვიცინო? სულელი ხომ არ ვარ? გადაირია ქვეყანა, იმიტომ ვართ გამათხოვრებულები. სიცილი მაშინ არის, როგორც აკაკის აქვს ერთი ფრაზა ნათქვამი: რომ სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარია. ესაა სიცილი, სატირა“.

მისი პირდაპირობა, ირონია,  მისგან მხილება და ზოგჯერ უხასიათობაც საწყენად არ აღიქმებოდა. ყველამ იცოდა, რომ ეს მართალი სიტყვა იყო, ილიას „ბედნიერი ერის“ მსგავსად თქმული, ან აკაკის „ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოს“ მსგავსი...

„ბომონდურ“ თავყრილობებზე არ დადიოდა, მაგრამ სადაც კი გამოჩნდებოდა, ვერავინ შეჰბედავდა საყვედურს, რომ მუნდშტუკის ამოღება და სიგარეტის გაბოლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კარგ ტონად არ ითვლებოდა, მით უფრო მაშინ, როცა ხუთ წუთში მისივე სიგარეტის ბოლისგან ოტიას დანახვაც კი ჭირდა. „ჩემთვის მოუწევლობა არ შეიძლება, ამით მიდგია სული, მაგრა ბოვშვები ნუ იზავთ ამას!“– კატეგორიულობას ცდილობდა.

იტყოდა ხოლმე, თქვენ ინტელიგენტი ადამიანები ხართ, ჩვენ კი გლეხები ვართო, და ამით თითქოს სიტყვა „ინტელიგენტის“ მნიშვნელობასა და მის არარაობაზე დაგაფიქრებდა. ვინ უფრო ინტელიგენტი იყო – ე.წ. ბომონდური საზოგადოება თუ გალაკტიონი, რომელიც ფეხშიშველა დადიოდა ბალახზე?! ან ოტია იოსელიანი, რომელიც გალაკტიონსაც კი ამეტებდა უბრალოებაში. ერთხელ ამაზე თავადაც იხუმრა: „გალაკტიონმა ხომ თქვა: ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამულიო?" – მე კიდევ გეუბნებით: მიწა თუ კოჭებამდე მაინც არ შემოიყარე ფეხებზე, ისე ვერ გაიგებ, მამული რა არის!

მან იცოდა, რა იყო მამული. ბარი და თოხი არ გაუგდია ხელიდან, რადგან ახსოვდა სახარებაში დაწერილი: ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი არსობისაო, რასაც საკუთარ კომენტარსაც დაურთავდა ხოლმე: „პური შენი არსობისა“, „ძღომისა“ კი არაო.

ამბობენ, ამ ასაკში მარხვასაც იცავდა და არც ხორცს ჭამდა, ხოლო პურს მხოლოდ მაშინ გეახლებოდათ, თუ ის კახეთში იყო მოწეული. ცივი მჭადი იყო მისი ყოველდღიური რაციონი.

„ვნების კვირაში ღორის ქონით პირი რომ გექნება დასვრილი, იმას რა უნდა ეკლესიაში! იმას რა უნდა ტაძარში, სხვის დასანახად რომ ანთებს სანთელს? ეს არ არის რწმენა და მოქცევა. როცა აღსარებას იტყვი და მოინანიებ, ეკლესიიდან გამოსული კიდევ ჩაიდენ იმ ცოდვას, რაღა მონანიებაა?“

რომაელ კონსულ ცინცინატუსის მსგავსად, მოკრძალებულად ცხოვრობდა სოფელ გვიშტიბში. უყვარდა ეს რომაელი კონსული, რომელმაც სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადა მტერთან ბრძოლაში და ისევ სოფელს დაუბრუნდა, ახლა მიწის ვალი მეძახისო. ოტია იოსელიანის იდეალს_რომაელ ცინცინატუსსაც არც თანამდებობა იზიდავდა, არც პატივმოყვარეობა კლავდა, უბრალო ცხოვრებას ამჯობინებდა, რგავდა კომბოსტოსა და წითელ ჭარხალს...

ერთხელ ოტიამ იხუმრა: არც აყვავებულ და არც აღორძინებულ საქართველოზე არ ვოცნებობ, რადგან ერთ სიტყვაში "ღორი" ურევია, მეორეში "ყვავიო". არც იმ საქართველოზე ოცნებობდა, სადაც პირველყოფილი გამოქვაბულისკენ მიუძღვებოდნენ ხალხს.

„მიშა (სააკაშვილი) იყო ჩემთან სტუმრად. მაშინ პოზიციასავით იყო მიშა. ვუთხარი, სად მიდიხართ? სად მიგყავთ ქვეყანა-მეთქი? ვუთხარი, თქვენ უკან ბრუნდებით გამოქვაბულში-თქო. მიშა დაიბნა, კი, ბატონო ოტია, მაგრამ წინა გამოქვაბულში მივდივართო. ახლა მართლა გამოქვაბულში ხომ არ ვბრუნდებით?! პატარა ქვეყანა ვართ, ისე გავქრებით, როგორც ზღვაში წვეთი... ოთარ იოსელიანი მირეკავდა პარიზიდან. კაცო, რა ქენით, რა რევოლუცია მოაწყეთ, რომ გადარიეთ ეს ფრანგები? თქვენ ასწავლით ფრანგებს რევოლუციასო? მე ვუთხარი, ვასწავლით, მაგათ გილიოტინა ედგათ და ჭრიდნენ თავებს. სხვათაშორის, კაი თავებსაც...“

ვარდების რევოლუციამ ოტია იოსელიანის იმედები არ გაამართლა.   

ეროვნული გამოთაყვანება გვჭირსო, – პირდაპირობით ამბობდა. რას დაამსგავსეს ქვეყანა, მტრისას, რა დღეში ვართო. ეროვნული გამოთაყვანების წამალიც იცოდა: ხალხის ცნობიერებაზე ზრუნვა მართალი სიტყვის მეოხებით. ამის მაგალითად ილიას ახსენებდა: როცა ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან დაბრუნდა, იცით, რა დღეში ვიყავით?! ქართულად ვერ ვლაპარაკობდით, ილიამ იზრუნა ამაზე, ისევ „თერგდალეულებმა“ გვიშველეს…ოტია იოსელიანიც, ილიას მსგავსად, ბრძოლის მთავარ იარაღად მართალ სიტყვას მიიჩნევდა. უთქვამს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სიტყვითო.

„გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა?! ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო. კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც. კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს".

არც განათლების რეფორმას წყალობდა და მიაჩნდა, რომ ჩვენი განათლების რეფორმა განკუთვნილია განუვითარებელი ხალხისთვის.

„ამ უნარ-ჩვევებს ასწავლიან იმისათვის, რომ ქვები არ ვისროლოთ. ესენიც ატარებენ ამ ვაი-რეფორმას, რადგან დაფინანსება აქვთ. დამახინჯებული და ჩაოხრებულია მთელი სკოლები, ყოველ ორღობეში უნივერსიტეტია გახსნილი. ყოველ დღე მეშინია, პატრიარქი არ მომიკლან… მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, რაც გვაქვს… დიახ, იმას მაინც ნუ დავანგრევთ, რაც წინაპრებმა დღემდე სისხლის ფასად შეგვინარჩუნეს!“

„მასხარები არ გვეყოფა, რომ მწერლები არ მიემატოსო?“ – ცინიკურად იტყოდა და შეულამაზებლად იხსენებდა, თუ როგორ გახდა მწერალი. მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტს გარეთ დარჩა. დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. მაშინ ოტიას უთხრეს: ძალიან რომ მოინდომო, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგეო. ,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს”, – ცინიკურად შენიშნავდა მოგვიანებით ოტია.

მართლაც ლიტერატურაში ფეხის შედგმის მცდელობა ოტია იოსელიანისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან  ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესებისა („ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“) და სცენარების დაწერა დაიწყო. ერთხელ თქვა, წიგნები სად მქონდა, რომ წამეკითხა, თორემ მე როგორ გავბედავდი წერასო. ისედაც ვბლუყუნობ, რომ ვერ ვლაპარაკობდი, იმიტომ ვწერდიო, – უთქვამს.

უფრო ადრე კი სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება სცადა, „ვითომ ვხატავდი. შიშკინის ნახატი გადმოვიხატე დახეულ ზეწარზე და იცინეს და იცინეს. დავტოვოთ ეს მოსამზადებელ კურსებზე და გვაცინებსო, მე კი მეგონა, მოეწონათ“. 

ოტია იოსელიანი არაორდინარულ სიტუაციაშიც ჩავარდნილა, მაგრამ თავი ისევ და ისევ იუმორით დაუღწევია. ერთხელ მისი რომანის „ქალი გამოვიდა საღალატოდ“ განხილვის დროს ერთ-ერთი დამსწრე მანდილოსანი ბატონი ოტიას შეხედულებით დაინტერესდა. ქალს აინტერესებდა, სიცოცხლეში რამდენჯერ შეიძლებოდა ქალს შეყვარებოდა? ბატონმა ოტიამ უპასუხა, რომ ქალს შეეძლო ორჯერ, სამჯერ ყვარებოდა. ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა დამსწრე ქალბატონი და კიდევ შეჰკადრა მწერალს, არ შეიძლება, მანდილოსანს სიცოცხლეში უფრო მეტჯერ შეუყვარდესო? ბატონმა ოტიამ ხათრი არ გაუტეხა და უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მანდილოსანს კიდევ რამდენჯერმე შეყვარებოდა მამაკაცი. ბოლოს დამსწრე ქალბატონი რომ აღარ მოეშვა და კიდევ სულმოუთქმელად ელოდა მის მოსაზრებას, თუ მაინც რამდენჯერ შეეძლო ქალს შეყვარება, ოტიამ უპასუხა, ქალბატონო, მე-16-დ უკვე ბო----აო. 

"ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში (ოტია ობლობაში გაიზარდა),  ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო" – ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია",– წერდა ოტია იოსელიანი.

ერთ-ერთ თავის ნოველაში, სახელწოდებით „ეპიტაფია“ ოტია იოსელიანი მარტოხელა კაცის – სერაფიონის აღსასრულის შესახებ წერდა, რომელიც მთელი სოფლისთვის პატივსაცემი კაცი იყო. მისთვის ყველა ოჯახში ინახავდნენ ულუფას, სერაფიონი ყველგან იყო, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. სოფელმა აღარ იცოდა, გარდაცვლილი სერაფიონისთვის პატივი როგორ ეცათ. ამიტომ ხანგრძლივად ბჭობდნენ, რა წაეწერათ მისი საფლავის ქვაზე. 

– ძვირფას სერაფიონს! – იყო წინადადება.
– არ ვარგა! სერაფიონი რომ ძვირფასია, ამას რა დაწერა უნდა!
– დაუვიწყარ სერაფიონს...
– გადაირიე, შე კაცო, სერაფიონის დავიწყება სად გაგონილა?!
– საყვარელ სერაფიონს!
– დაკარგე ჭკუა? სერაფიონის მოძულე კაცი გინახავს?!

სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვეს და ოსტატი შეუდგა საქმეს...

დილით შორიდან თეთრ ქვაზე ამოკვეთილი ჩანდა. ადვილად შეგეძლო გაგერჩია კაცს ერთი სიტყვა. დიახ! მხოლოდ ერთადერთი სიტყვა: „სერაფიონი“.

თავისი გმირის – სერაფიონის მსგავსად, უპრეტენზიოდ წავიდა ოტია იოსელიანი ამ სოფლიდან. არც დიდუბის პანთეონი მოუთხოვია და არც მთაწმინდის პანთეონი.