საქართველოში საათობრივ ანაზღაურებას ითხოვენ. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია და საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს. ქართველ სპეციალისტებს მიაჩნიათ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, მაგრამ ამ ეტაპზე უმჯობესია მინიმალური ხელფასის ზღვარის განსაზღვრა, რომელიც ქვეყანაში ვერა და ვერ დადგინდა.
ახალი საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. ის „შრომის კოდექსში“ გარკვეული ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში – 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ახალი ინიციატივით, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, თანაც – მზარდი: შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.
როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას.
რამდენად შესაძლებელია საათობრივი ანაზღაურების სისტემის დამკვიდრება, ეს ცოტა ძნელი სათქმელია. „სოლიდარობის ქსელის“ დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივაში აჯობებდა, მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მოთხოვნა ყოფილიყო, რაც მინიმუმ 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს საკანონმდებლო პროექტი კი დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, ისე დაყოს სამუშაო საათები, მაინც არ გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ახლა იხდიან. მერწმუნეთ, ბიზნესი ასეთ გზას იპოვის“, – აცხადებს ჯაფარიძე.
რამდენი ხნის წინ ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმა მინიმალური თვიური ხელფასის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში ამ კუთხით დიდი განსხვავებაა.
ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თვეში ფიქსირდება ლუქსემბურგში – 1999 ევრო, მეორე ადგილზეა ირლანდია – 1614 ევრო; მინიმალური ხელფასი მაღალია ჰოლანდიაში – 1578 ევრო, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში – 1498 ევრო.
„მინიმალური ხელფასის“ ცნება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან ექვსში საერთოდ არ არსებობს. საბერძნეთი ამ ქვეყნების სიაში 684 ევროთი მე-11 ადგილს იკავებს. დაახლოებით ამდენივეა თვიური მინიმალური ხელფასი პორტუგალიაში, ესპანეთსა და მალტაში. ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია – 261 ევრო.
მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის კვიპროსში, იტალიაში, დანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ფინეთში. ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც.
„სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე იმ ცვლილებეზეც საუბრობს, რომელიც ზოგადად აუცილებელია ნორმალური შრომითი გარემოს შესაქმნელად.
„კანონმდებლობა ძალიან ბუნდოვანია. მაგალითისათვის ზეგანაკვეთურ შრომაზე წერია „ოდნავ მეტი“, რაც საერთოდ გაუგებარია, რას გულისხმობს. კვირაში, წესით, სამუშაო საათების ოდენობა 40-ია, თუმცა თითქმის ყველა მუშაობს 48 საათს, ანუ დასაქმებულთა უმეტესობა დამსაქმებელს კვირაში 8 საათს ჩუქნის. უდიდესი პრობლემაა მომსახურების სექტორში, სადაც ნებისმიერ დანაკლისს დასაქმებული ანაზღაურებს და ამის გამო კონსულტანტები ისედაც მცირე ხელფასის ნახევარსაც კი ვერ იღებენ ხოლმე“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.