სამომხმარებლო ბაზრებზე ფასების ზრდა ნაადრევად დაიწყო. როგორც წესი, ეს პროცესი ზამთრის დასაწყისში აქტიურდებოდა, მაგრამ წელს ფასები შემოდგომიდანვე მაღლა წავიდა.
ბაზრებსა თუ ბაზრობებზე მოვაჭრეები რეალიზაციის შემცირებაზე ჩივიან, მომხმარებელი კი გაძვირებული პროდუქტების ძველებურად ყიდვას ვეღარ ახერხებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების გამო იძულებული გახდნენ ფასები აეწიათ, რადგან მათი სავაჭრო პროდუქცია გაძვირებულია. შედეგად, მოვაჭრეებმა მინიმუმ 5-10%-ით გაზარდეს საქონელის ღირებულება.
მდგომარეობა რთულია კომპანიებისთვის. მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავისებურად ჩიხშია არიან შესულნი. სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელი, იმპორტიორი ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასების შენარჩუნება უკვე შეუძლებელი ხდება. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქტი გაძვირდება, შემდეგ კი ყველანაირი იმპორტირებული საქონლის ფასიც მოიმატებს.
„ფასების თემა უკვე ძალიან მტკივნეული გახდა ქვეყანაში. კურსი მუდმივად იცვლება და სამომხმარებლო ბაზარზე ეს ძალიან მძიმედ აისახება. ლარი უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. თუ ფასები ავწიეთ, მსყიდველუნარიანობა შემცირდება, ამიტომ იძულებული ვართ, რომ მოგების მაჩვენებელი შევაჩეროთ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ნულზეც გავიდეთ. პირველ რიგში, გაძვირდება ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი - შაქარი, ზეთი, წიწიბურა და სხვა“, - ამბობს ჭყონია.
ეკონომიკის ექსპერტი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ ამჟამინდელი ვითარება სამომავლოდაც გაგრძელდება, თუკი ლარის კურსი იქნება ისეთივე მერყევი და სუსტი, როგორიც დღეს არის.
სუსტი ლარის გარდა, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაძვირების უმთავრეს მიზეზად ხორგუაშვილი ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას ასახელებს. მისი თქმით, ჩამოყალიბებული სიტუაცია წარმოშობს პესიმისტურ მოლოდინს და ეს ფაქტორიც დამატებითი მიზეზი ხდება ფასების მეტად ზრდის და ლარის მეტად გაიაფების თვალსაზრისით.
პროფესორი პაატა აროშიძე კი ამბობს, რომ შეუძლებელია ინფლაციის მაჩვენებელმა წლის ბოლოს არ გადააჭარბოს მიზნობრივს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია, თუმცა, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციამ 3,1%-ს უკვე მიაღწია. აროშიძის აზრით, არსებული მდგომარეობითაც კი ინფლაცია ხელოვნურადაა დაჭერილი არსებულ ნიშნულზე, მაგრამ ამას ვერაფრით მოახერხებენ უახლოეს თვეებში.
„იმპორტდამოკიდებულება, რაც ჩვენ ქვეყანაშია, შემოდგომის ბოლოს და ზამთრის დასაწყისში ისედაც იწვევს ფასების აწევას. ახლა მით უფრო მოიმატებს ღირებულება ასეთი გაუფასურებული ლარის პირობებში. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ლარის გაუფასურება იყო დროებითი პროცესი და მსოფლიო ვალუტების გაუფასურების ფონზე ერთგვარი ბუფერი იქმნებოდა. თვეზე მეტი გავიდა ამ პროცესის დაწყებიდან და დევალვაცია შეუქცევადად გრძელდება. ამას ემატება ისიც, რომ არავინ განცხადებას არ აკეთებს - არც ცენტრალური ბანკი და არც მთავრობა, რაც მოსახლეობის შიშს უფრო მეტად ზრდის“, - ამბობს აროშიძე.
სამომხმარებლო ფასების ზრდას ადასტურებს „საქსტატის“ ინფორმაციაც. აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა. ძირითადი მიზეზი რამდენიმე ჯგუფში ფასების ზრდაა:
ტრანსპორტი (ფასები გაიზარდა 7,8%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ფასები გაიზარდა 3,2%-ით). მათ შორის გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7%-ით), ზეთი და ცხიმი (4,4%-ით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3%-ით), თევზეული (3,3%-ით), რძე, ყველი და კვერცხი (2%-ით).