დღის სინათლე იხილა მსოფლიო ბანკის სკანდალურმა დასკვნამ, რომლის მიხედვითაც, 12,5 თეთრიდან დენის ტარიფი, სავარაუდოდ, 27,5 თეთრამდე გაიზრდება. დოკუმენტი სულ რამდენიმე გვერდიანია, მაგრამ ადგილობრივი მომხმარებლისთვის საკმაოდ შემაშფოთებელი. ენერგეტიკული რესურსის ასეთ ნახტომისებურ გაძვირებას არათუ მოსახლეობა, ქვეყანაც კი ვერ გადაიტანს.
მსოფლიო ბანკის დოკუმენტი გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით საქართველოში აქამდე გასაიდუმლოებული იყო. დასკვნაში, რომელიც 17-გვერდიანია და ნენსკრაჰესის, ნამახვანისა და კორომხეთიჰესის შესახებ არის მომზადებული, წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა, მომხმარებლებისთვის კი ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დასკვნა 2018 წლის დასაწყისში მომზადდა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წევრი დავით ჭიპაშვილი აღნიშნავს, მომავალი წლიდან საქართველოში დენის ტარიფის მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი.
„დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5 თეთრამდე. ყველა ქვეყანაში ფასების დინამიკა არის კლებადი, ხოლო ჩვენთან მკვეთრად იწყებს ზრდას უკვე მომავალი წლიდან გარანტირებული შესყიდვების გამო“, - აცხადებს ჭიპაშვილი.
მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე კი აცხადებს, რომ ზარალის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ინვესტორებთან დადებული კაპიტულანტური და კაბალური ხელშეკრულებებია.
„ენერგეტიკული პროექტების დანაშაულებრივი ხელშეკრულებები თუ არ გადაიხედა, სახელმწიფო ბიუჯეტი 2041 წლამდე, ყველაზე მცირე, 6,5 მილიარდ ლარს დაკარგავს. ჩამოთვლილი ჰესების ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულება ორჯერ ძვირი იქნება, ვიდრე იმპორტირებული ენერგია. ასეთი მაღალი ტარიფით ენერგია არც ერთ ჩვენს მეზობელს არ სჭირდება და მისი ექსპორტზე გატანაც დიდი ტყუილია.
ენერგოდეფიციტზე საუბარი სპეკულაციაა და ჩამოთვლილი ჰესების აშენებით ელექტროენერგია ჭარბი ოდენობით იქნება, რისი შესყიდვაც ხელშეკრულების მიხედვით - მიზნობრიობის გარეშე მოუწევს სახელმწიფოს და ამით დააზარალებს ბიუჯეტს. მხოლოდ ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფომ 34 წლის განმავლობაში უნდა შეისყიდოს გამომუშავებული სიმძლავრე და შემდეგ გადაყიდოს უფრო ძვირად მოსახლეობაზე“, - აცხადებს კუპრაძე და დასძენს, რომ ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფო უსამართლო და გაურკვეველ ვალდებულებას იღებს.
„ინვესტორი თუ ვერ მიიღებს მოგებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით მილიარდ დოლარამდე თანხა უნდა გადაეცეს მფლობელ კომპანიას. ამ დეტალების მიღმა, ორივე ინსტიტუტი საუბრობს, რომ საქართველო მიიღებს ჭარბ და ძვირ ელექტროენერგიას, რაც ჩვენს ეკონომიკას და ბიზნეს სექტორს მძიმედ დააზარალებს“, - აღნიშნავს კუპრაძე.
ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უარყო. ქობულიას უწყებაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ შიდა დოკუმენტია და ფისკალური ანალიზის გამო შეიქმნა.
„რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფი კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს - ფისკალურ ანალიზს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.