ქვეყნის ავღანეთიზაციად და პაკისტანიზაციად გადაქცევას ჩვენი „ეკონომიკის მამები“ არ უშინდებიან და კანაფიდან მიღებულ სარგებელზე დიდი მონდომებით საუბრობენ. ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, კანონის მიღების შემდეგ 2-3 წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფლად შეუძლია ავიდეს მილიარდი ლარის ღირებულების კანაფის ექსპორტზე, რაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია. სხვაგვარად ფიქრობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, რომელსაც For.ge ესაუბრა.
როგორც ჩანს, არავინ ისმენს სასულიერო პირთა მოწოდებას „მორფინისტების“ ცოლებისა და დედების მოსმენის თაობაზე და არავის აინტერესებს, მათ რა დღეები აქვთ გადატანილი. უბრალოდ, ხალხის განწყობიდან გამომდინარე, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვას, ალბათ, არჩევნების შემდეგ განაახლებენ. ეს ინიციატივა ეკონომიკურად წაადგება ქვეყანას, თუ, პირიქით, ეკონომიკასთან ერთად მთელ ერს გადაიყოლებს?
- როგორ შეიძლება, ქვეყნის განვითარების საქმე, ან ეკონომიკური განვითარება კანაფს მიაბან?! ეს რაღაც არანორმალური პროპაგანდაა, რომელიც საღ აზრს არ ექვემდებარება. შეიძლება, ამით გარკვეული რაოდენობის თანხა შემოვიდეს, მაგრამ მცირემიწიან ქვეყანაში რომც განახორციელონ ეს ინიციატივა, მისგან მიღებული სიკეთე და შემოსავალი ქვეყნის განვითარების, პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით იმდენად მიზერული იქნება, რომ სასაუბროდაც არ ღირს.
სასაცილოა, ვიღაც აბოლებს მთელ ქართულ საზოგადოებას და უაზრო არგუმენტი მოჰყავს, რომ კანაფს გაყიდის და განათლების სფეროსა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას მოახმარს. ქვეყნების განვითარება ასე არ ხდება, ასე არავინ განვითარებულა და საქართველოც ვერ განვითარდება. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე მიდის. როგორც ჩანს, მათ თავიანთი ლიმიტი ამოწურეს, რადგან ასეთ უადგილო და უდროო დროს, არჩევნების წინ იმაზე საუბარი, რომ თურმე კანაფს მოიყვან და ქვეყანას განავითარებ, ყველანაირ პოლიტიკურ საღ აზრს აღემატება.
ცალკეული ადამიანები ეჭვებს გამოთქვამენ და პირდაპირ ასახელებენ, ვის ინტერესშიცაა კანაფის მოყვანა, რაც კონკრეტული პირის ქველმოქმედებას ჩრდილს აყენებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, ეს რაღაც ძალიან მძლავრი ჯგუფის ინტერესს უკავშირდება, ანდა არის მეორე ვერსიაც, რომ ეს სპეციალურად ხდება და ხელისუფლება თვითონ უკეთებს საკუთარ თავს დისკრედიტაციას სრულად გასაგებ მიზეზთა გამო. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი ლიმიტი ფაქტობრივად ამოწურულია და მიანიშნებს, რომ უნდა წავიდნენ.
საუბრობენ ისრაელის, ჩინეთის გამოცდილებაზე, კერძოდ, რუსეთის მოსაზღვრე პროვინციაში თურმე კანაფი წარმატებით მოჰყავთ და ნამდვილი მწვანე ოქროა ფერმერისთვის, რადგან 1 ჰექტარი მოსავლის გაყიდვით ფერმერი თურმე 1500 დოლარს ღებულობს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ამავე რაოდენობის სიმინდის გაყიდვისას.
- რუსებს აქვთ სიტყვა „ნაგლოსტ“. ეს არის უხამსობის დონემდე მისული ინიციატივა. როდესაც არგუმენტაცია „ნაგლია“, ამას უკვე საზღვარი აღარ აქვს. ჯერ ერთი, რაღა ისრაელისა და ჩინეთის მაგალითზე მოჰყავთ კანაფი, ნახონ, ჩინეთში როგორია მეცნიერება, განათლება, როგორი მიმართულებით მიმდინარეობს ეკონომიკის განვითარება. რაღა კანაფის თემას მიადგნენ ამ დანგრეულ ქვეყანაში? ეს ხომ ლიცენზირებული უნდა იყოს? ვინ მიიღებს ამის ლიცენზიას? ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები? უბრალოდ, არა მგონია, აქ ბიზნესინტერესი იყოს მთავარი, არამედ ამით ხდება ყველაფრის იგნორირება და ცუდია, რომ ხელისუფლება აქამდე დაეშვა.
ეკონომიკის მინისტრი ვერ აკონკრეტებს, რა შემოსავალს მოიტანს მარიხუანას ექსპორტი, მაგრამ გვაიმედებს, რომ ამას ექნება „საკმაო ეკონომიკური შინაარსი“...
- ეკონომიკის მინისტრის განცხადებები ეკონომიკურად ბნელი ადამიანის განცხადებებია, რადგან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელ ამ პატარა ტერიტორიაზეც კი, სულ კანაფი რომ გავაშენოთ, სიღარიბესა და უბედურებაში ჩავარდნილ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება. მაშინ მე ხელისუფლებას მივცემ რჩევას, რაკი ცოტა ერიდებიან ასეთ თემებს, ბარემ სახელმწიფო ბორდელები გახსნან, ამით ბიუჯეტშიც ფული შევა და ქვეყანა და მისი ეკონომიკა განვითარდება. თუკი მარიხუანა ლეგალიზებულია, მაშინ ადგნენ, სახელმწიფო მაღაზიები გახსნან და მარიხუანა გაყიდონ. ადამიანები, რომლებიც თავიანთი ბეგრაუნდით არასდროს არ იყვნენ საზოგადოებრივი აქტიობით, ან პროფესიული თვალსაზრისით გამორჩეულნი, ხელისუფლებაში რომ მოდიან, უკვე გონებას კარგავენ და მიდიან იმ აბსურდამდე, რასაც ჰქვია მარიხუანით საქართველოს განვითარება.
ხშირად გვესმის პესიმისტური შეფასებები, რომ ექსპორტზე გასატანი ნედლეულით დიდად ვერ დავიკვეხნით. ბევრად უფრო კრიტიკული დასკვნებიც გაგვიგია, რომ უცხოეთში თურმე არაფერი გვაქვს გასატანი. მარიხუანას გადამკიდე, შეიძლება ვაზის სამშობლოს სტატუსიც დავკარგოთ და შეველიოთ ამ საპატიო სტატუსს?
- კიტრით, პომიდვრითა და ჩაით აყვავებული ქვეყანა არავის უნახავს. მთლიანობაში, ჩვენი სოფლის მეურნეობა შესანიშნავი რესურსია და შეიძლება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებამ ძალზე სერიოზული შემოსავლები მოგვცეს. მე ამას ვამბობ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან, ტერიტორიული სიმწირიდან გამომდინარე და არა ის სისულელე, რასაც მარიხუანა ჰქვია. დღეს მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნაა და ფასები არანორმალურად მაღალია. თუმცა როგორი შესაძლებლობაც არ უნდა გვქონდეს ნიადაგის თვალსაზრისით, თანამედროვე სახელმწიფოს განვითარება მაინც განათლებაში, მეცნიერებასა და ე.წ. ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებშია.
ყველა ნორმალური სახელმწიფო დღეს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზეა ორიენტირებული, მეცნიერებისთვის დიდი ფული იხარჯება. ასეთ დროს ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ კანაფით ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკობს. ეს უზარმაზარი დეგრადაციაა. 21-ე საუკუნეში ის მაინც უნდა იცოდნენ, როგორ ვითარდებიან სხვა სახელმწიფოები. სხვა სახელმწიფოები ფანტასტიკურად ვითარდებიან.
რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, მალე ეს ადამიანები პოლიტიკურ არარსებობაში გადავლენ და, სამწუხაროდ, ჩვენს მოქალაქეებს მოსაგონრად დარჩებათ, რომ ამ ხელისუფლებას უნდოდა მარიხუანას მოყვანით „გაემდიდრებინა“ ქვეყანა. ამაზე დიდ სისულელეს ვერაფერს მოიგონებენ.
სხვათა შორის, ირონიულად შენიშნა მეუფე იაკობმა, ჩვენი საზღვრები ვერ დაგვიცავს და ამ დროს კანაფის პლანტაციებს დავიცავთ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება?
- რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის წინაშე დანაშაულია და, როცა მინისტრები ასეთ სისულელეს ლაპარაკობენ, ისინი არ შეიძლება იყვნენ თანამდებობებზე.