რა სარგებელი მოაქვს კანაფს და გაბრწყინდება თუ არა საქართველო კანაფის წარმოებით?! ბოლო პერიოდში დიდი მონდომებით იბეჭდება სტატიები მარიხუანას ღირსებების შესახებ, რომ თურმე მისგან დამზადებული მედიკამენტები წარმატებით გამოიყენება არა მარტო ტკივილგამაყუჩებლად, არამედ ონკოლოგიური დაავადებების, ეპილეფსიის, პარკინსონის დროს. ამ ჩამონათვალს ეკონომიკური სარგებელიც დაემატა, ზოგიერთებისთვის კანაფი სწრაფი ფულის შოვნის საშუალებად იქცა. თუ ამ ინიციატივას მივყვებით, ქართველებისთვის რთული აღარ იქნება, როგორ მოვიპოვოთ მილიონი.
ამ საკითხის შესახებ For.ge-ს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ლეჟავა ესაუბრება.
თქვენთვის დამაჯერებელია დაპირება, რომ საქართველოში დათესავენ მარიხუანას და ის თურმე არ მოხვდება შავ ბაზარზე, არამედ მხოლოდ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებისთვის გამოიყენებენ?
- საქართველოში აღრიცხულია 50 ათასი ინტრავენური ნარკომანი, რითაც პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. დავუშვათ, აქედან 20 ათასი იღებს სტიმულატორებს, ხოლო 30 ათასი იღებს ჰეროინს. თუ ვიფიქრებთ, რომ ერთი გრამი ჰეროინი ყოფნის 10 ინტრავენურ ნარკომანს, მაშინ 100 ნარკომანს დასჭირდება 10 გრამი ჰეროინი, ათასს დასჭირდება -100 გრამი, 30 ათასს კი დასჭირდება 3 კილოგრამი, ე.ი. დღეში საჭიროა 3 კილოგრამი ჰეროინი, რათა ჰეროინმა დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნილება. ას დღეში ეს იქნება 300 კილოგრამი, წელიწადში კი იქნება თითქმის ერთი ტონა. თანაც, ეს ყველაფერი დღეს შემოდის ქვეყნის გარედან და ნარკოტიკმა ახლა საზღვარი უნდა გამოიაროს. ამის საპირწონედ, ნარკოტიკების ამოღება ხდება მხოლოდ კილოგრამობით. საუბარია 10-15-20 კილოგრამზე. ამას ჩვენი პოლიციის ცუდ მუშაობას ნუ დავაბრალებთ, რადგან საზღვარგარეთ, სადაც პოლიციას ბევრად მეტი ხელფასი აქვს, კარგად დაფინანსებულია და თანამედროვე ტექნოლოგიებიც გააჩნია, იქაც კი ჰეროინი შავ ბაზარზე მაინც ხვდება.
ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი საქართველოში დავთესავთ მარიხუანას. ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი შეაჩერებს მარიხუანას შესვლას შავ ბაზარზე. ალბათ, მარიხუანა უფრო იაფი გახდება, ვიდრე პური.
ამ ინიციატივის ავტორებს „კეთილშობილური მიზნები“ ამოძრავებთ, მათ შორის, სამედიცინო და კოსმეტიკურ საშუალებებში კანაფის გამოყენების მიზანი.
- ეჭვი არ მეპარება, რომ ამ თემიდან შორს მყოფ ადამიანებს ჰგონიათ, თითქოს ასეთი ქმედებით საქართველოს დაიცავენ. სინამდვილეში, ვერ დაიცავენ საქართველოს და ამის თვალნათელი მაგალითია, რაც ზემოთ მოგახსენეთ. არა მგონია, ვინც ზემოთ აღნიშნულ დასაბუთებას მოისმენს, კიდევ განაგრძოს საუბარი იმაზე, რომ არა, მე მაინც გავაშენებ პლანტაციებს და საქართველოში ერთი გრამი მარიხუანაც არ მოხვდება. რა ფული უნდა იშოვოს საქართველომ, რომ ამ უბედურებას გაუმკლავდეს, რომელიც მარიხუანას მოზღვავებას განაპირობებს შავ ბაზარზე?! მარიხუანას მოზღვავება კი ჰეროინზე გადასვლას ნიშნავს. დიდი განსჯა არ სჭირდება იმას, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია დღევანდელ საქართველოში.
ამ არაპოპულარულ თემას აჰყვა სალომე ზურაბიშვილიც. ის ამბობს, რომ მედეას ქვეყანაში მედიკალური პლანტაციების გაშენება დასაშვებია. მედიკოსი ბრძანდებით და მედეას ქვეყანა მარიხუანას პლანტაციებს ნიშნავს?
- შეუძლებელია, ჩვენი მოსახლეობა დაიცვან მარიხუანას მოხმარებისგან, საქართველოს მოსახლეობის მოწამვლა არაფრად ღირს. ის თანხა, რომელიც საქართველოში შემოვა, ვერ გამოისყიდის იმ უბედურებას, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართება. ვინაიდან ქალბატონ სალომეს მიაჩნია, რომ სამედიცინო და კოსმეტიკურ საშუალებებში კანაფის გამოყენება „ოცნების“ პოზიციაა, ალბათ, ამიტომაც უჭერს მხარს ამ ინიციატივას, რადგან ის „ოცნების“ კანდიდატია.
მედიკალური პლანტაცია რას ნიშნავს? არსებობს ასეთი ტერმინი?
- არაფერს არ ნიშნავს. მარიხუანა არის მარიხუანა, კანაბისი. თუ იქ არ იქნება ტეტრაჰიდროკანაბინოლი და ის ნივთიერებები, რაც სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდებათ, მერე რას იზამენ? ჯერ სამედიცინო მიზნით მის დამზადებაზეა საუბარი, შემდეგ, ალბათ, ქარხანაში მიიტანენ და დაამზადებენ, ეს მეორე ეტაპია. შეიძლება, მისგან წამალი დაამზადონ, შეიძლება, ზეთი დაამზადონ. ეს უკვე სხვა ასპექტია, მთავარია თვითონ მარიხუანას გაშენების ამბავი, რასაც ამდენი უბედურება მოჰყვება.
სხვათა შორის, კანაფის ზეთიც არსებობს, რომელზეც ამბობენ, რომ ბევრ დაავადებას კურნავს.
- საბჭოთა კავშირის დროს ჩრდილოეთ კავკიასიაში გაშენებული იყო მარიხუანას პლანტაციები, რადგან იქიდან ზეთს იღებდნენ და ამ ზეთს იყენებდნენ საავიაციო ხელსაწყოებში, მაგრამ იმის გამო, რომ დაიწყო ნარკომანიის გავრცელება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ საქართველოშიც წამოვიდა ეს ტალღა, თვითონ საბჭოთა ხელისუფლებამ მოსპო ეს პლანტაციები. გამოდის, საბჭოთა ხელისუფლებამ გამოიჩინა ზრუნვა და გაანადგურა ეს პლანტაციები, ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ ეს უნდა დაუშვას?! ვფიქრობ, ეს უვიცობის შედეგია, რეალური საშიშროება ვერც წარმოუდგენიათ.
დიდი ხანია, ამ საკითხებზე ვმუშაობ და მახსოვს, კეთილაძე იყო მაშინ ქალაქის მილიციის უფროსი, იმ დროსაც დაიწყო მარიხუანაზე ლაპარაკი და მივადექით ამ პიროვნებას, რა გავაკეთოთო. როდესაც ავუხსენით, რა იყო მარიხუანა, ის გაოცდა და თქვა, ამას მამაჩემიც აშენებდა და ვიყენებდით ბაწრებად, ვაზის მისაბმელად. წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მარიხუანა სხვა მიზნებისთვის გამოეყენებინათ. მედეას დროს საერთოდ იყენებდნენ თუ არა მარიხუანას, ან ზეთისთვის იყენებდნენ თუ არა, ვერ გეტყვით. არა მგონია, იმ დროს ვინმე ასეთ პლანტაციებს აშენებდა, რადგან, თუკი რამე სჭირდებოდათ, ცდილობდნენ, პირველ რიგში, ბუნებიდან მიეღოთ, ახლა კი საქართველოს მარიხუანათი მოწამვლა აბსოლუტურად რეალურია.
თუკი ფულად ერთეულებში გადავიყვანთ, 1 ჰექტარი მარიხუანას მოსავლის გაყიდვით ფერმერი მიიღებს 1500 დოლარს. იქნებ, ზოგიერთებს უღირთ 1500 დოლარად ადამიანების სიცოცხლის შეფასება და კანადის, ისრაელის, ჩინეთის გამოცდილების გაზიარება? თურმე ინგლისშიც მოჰყავთ მარიხუანა, რაც სამედიცინო და პარფიუმერული მიზნებისთვის გამოიყენება.
- დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის შეფასება 1500 დოლარად, თუ 100 ათას დოლარად. ჩინეთზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ევროპა მისთვის საჭირო რაოდენობის მარიხუანას იღებს მაროკოდან, აფრიკიდან, ასევე, ალჟირიდან, ძველი კოლონიებიდან. განა საფრანგეთში არ არის ტერიტორია, რომ იქვე დაამზადონ მარიხუანა? უბრალოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურა და მიდგომაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მოხმარების მხრივ პირველ ადგილზეა სტიმულატორები და არა მარიხუანა. ამიტომ ასეთი შედარება აბსურდულია.
რაც შეეხება ჩინეთს, ის მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და, ალბათ, არაფერი დააკლდებათ ჩინელებს მარიხუანას მოყვანით.
- მათ რომც მოაკლდეთ მოსახლეობა, შეიძლება გაუხარდეთ კიდეც.