საპარლამენტო ოპოზიციამ ნავთობპროდუქტებზე და გაზზე აქციზის განაკვეთის განახევრების შესახებ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომელიც ვრცელდება როგორც საქართველოში მოპოვებულ, ისე იმპორტირებულ საწვავსა და გაზზე. საქმე ისაა, რომ საწვავის ფაის საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამაში თავისი წვლილი სწორედ აქციზის გადასახადის უცაბედ ზრდას მიუძღვის. ამჟამინდელი უზარმაზარი ფასი კი ინფლაციის მაპროვოცირებელი და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელიც კი გახდა.
დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, აქციზის გადასახადის შემცირება არამარტო თავად ამ პროდუქტებს, არამედ იმ პროდუქტებსაც გააიაფებს, რაშიც გაზი და ნავთობპროდუქტები გამოიყენება.
„უნდა განახევრდეს აქციზური გადასახადი ნავთობპროდუქტებსა და საწვავ გაზზე, რაც დაახლოებით 312 მილიონი ლარის დატოვებას გამოიწვევს აღნიშნულ სექტორში და შესაბამისად გამოიწვევს საწვავის ფასის შემცირებას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი.
პარალელურად ნავთობიმპორტიორები ასევე მუშაობენ მოდელზე, როგორ შეიძლება შემცირდეს აქციზის განაკვეთი, რომელმაც გასული წლის ცვლილებების შემდეგ 20-25 თეთრით გააძვირა ქსელში საწვავი. „ვისოლის“ გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოდელი აქციზის ვალუტის კურსზე მიბმაა, რა მოდელსაც ისინი მთავრობას სთავაზობენ.
„მსგავსი ტიპის ქვეყნებში, სადაც ხდება ნავთობპროდუქტების იმპორტი და აქციზი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასახადი, გვაქვს პრაქტიკა და ვსწავლობთ მაგალითებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა, სადაც შესაძლებელია ეს პრაქტიკა იქნას გამოყენებული.
როცა გაცვლითი კურსი იმატებს, ან იგივე ნავთობის საერთაშორისო ფასი იმატებს გარკვეულ პროპორციაში უნდა ხდებოდეს აქციზის შემცირება, რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელმა მიიღოს სტაბილური ფასი და იმ დროს, როცა საერთაშორსო ფასი ან გაცვლითი კურის „ფუჭდება“, აქციზმა აიღოს დატვირთვა და შემცირდეს.
მივიღებთ იმას, რომ მომხმარებელი ვერ იგრძნობს გაზრდილ ფასს და 20-25 თეთრიან კომპენსაციას გააკეთებს. 20-25 თეთრის ფარგლებში არსებობს რეზერვი, რომ შესაბამისი აქციზით მოხდეს შემდგომი გაძვირების კომპენსირება“, - აცხადებს „ბიემთან“ ხორავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ასე სულაც არ ფიქრობს ზოგიერთი სპეციალისტი. აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ აქციზის განახევრებას ერთჯერადი ეფექტი ექნება.
„აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ საწვავის ფასის კოლოსალური ზრდა გამოიწვია აქციზის გადასახადის გაზრდამ, რომელიც 1-ელ იანვარს შევიდა ძალაში. ცხადია, აქციზის განაკვეთმა, ნამდვილად მოახდინა გავლენა საწვავის ფასზე, მაგრამ ეს ზრდა არ აღემატებოდა ლირტზე 15%-ს.
რაც შეეხება აქციზის განაკვეთის შემცირებას და ამ მექანიზმით საწვავზე ფასების დაწევას, აღნიშნული მექანიზმის გამოყენებას ჩვენს რეალობაში ვერ ექნება, გრძლევადიანი და მუდმივმოქმედი შედეგი, რამდენადაც, ოლიგოპოლიურ და კარტელურ ბაზარზე გადასახადების, ამა თუ იმ ფორმით, შემცირებას მოსახლეობაზე და პროდუქტის ფასზე, აქვს მიზერული შედეგი. აქციზის განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ საწვავზე ფასების ერთჯერად შემცირებას. ამის შემდეგ ეს თანხა, ისევ კომპანიების ანგარიშებზე წავა და საწვავის ფასზე ამ უკანასკნელს რეალური შედეგი ვერ ექნება“, - აღნიშნავს ბაირახტარი.
ნავთობკომპანიები ინიციატივის გაცნობას პრემიერ მინისტრთან გეგმავენ და ეს შეხვედრა შეიძლება მიმდინარე კვირაშიც ჩაინიშნოს. გაიზიარებს თუ არა მთავრობა ბიზნესის შეთავაზებას უცნობია.