უკვე მესამე დღეა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორია მძღოლებმა შტურმით აიღეს და სატვირთო ავტომობილებით ჩახერგეს. ისინი ფინანსთა მინისტრის ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვით იმუქრებიან.
ჯერჯერობით მთავრობასა და აქციის მონაწილეებს შორის საერთო ენის გამონახვა ძნელად ხერხდება. მძღოლებსა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ლერი ბარნაბიშვილს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ბარნაბიშვილმა მძღოლებს კონსტრუქციული დიალოგი, პარალელურად აქციის შეწყვეტა და მუშაობის განახლება შესთავაზა, რაზეც მან მძღოლებისგან უარი მიიღო.
„ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო არის სწორედ ეს საქმიანობა. ჩვენს უკან დგას რამდენიმე ათასი ოჯახი. ასე რომ, თუ ფინანსთა მინისტრის ბრძანება არ გაუქმდება, ჩვენ ვრჩებით აქ ხვალამდე. დავიძრებით ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ და ტრაილერებით გადავკეტავთ რუსთაველს“, - აცხადებდნენ მძღოლები.
ვითარება ცოტათი შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებთან კომუნიკაციაზე თავად ფინანსთა მინისტრი გამოვიდა. მათ შორის გამართული დიალოგის შემდეგ გადაწყდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.
„წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა ჯერ კიდევ 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა მალევე პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს და ამჯერად უფრო დიდი ხნით გადასწიეს არასასურველი ცვლილება.
ხორბლის გადამზიდავთა საინიციატივო ჯგუფი აქციების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას სხვა მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რადგან მძღოლები ფინანსთა მინისტრის ბრძანების საერთოდ გაუქმებას ითხოვენ და სთავაზობენ, კონსულტაციები ამის შემდეგ გაგრძელდეს.
„ამ ეტაპზე ეს არის მაქსიმუმი, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა და აქციის მონაწილეებს გაფორმების ეკონომიკური ზონის ბლოკირების მოხსნისკენ მოუწოდა.
მეოთხე დღეა სატვირთო ავტომობილების მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტი იკრძალება. დასაშვები ხდება მხოლო სარკინიგზო და გემით გადაზიდვა. ცვლილება ძალაში 16 სექტემბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა მისი ამოქმედების დრომ ოქტომბრამდე გადაიწია. ჯერჯერობით ესაა მცირე იმპორტიორებისა და სატვირთო ავტომობილების პროტესტის ყველაზე ხელშესახები შედეგი.
ვის ინტერესებშია სახმელეთო გადაზიდვის გაუქმება? მძღოლები ყველაფერში უმრავლესობის დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიანს ადანაშაულებენ, რომელიც შპს „ბევრილი“ ჯგუფის 70%-ის მფლობელია და ფქვილის ბიზნესის უდიდესი მოთამაშეა. მისი ბიზნესი საოჯახოა და წილის დანარჩენი ნერო ჩანქსელიანს ეკუთვნის. საწარმოო კაპიტალი კი 5 267 835 ლარია.
„ჩვენს ქვეყანაში, ბოლო წლებში უკვე მესამე მცდელობაა, როდესაც ვიწრო ჯგუფს სურს ფქვილის და ხორბლის ბიზნესი მოირგოს. პირველად ეს 2008 წელს მოხდა, მეორედ - 2015 წელს, მესამე ტალღა კი დღესაა.
საბაზრო პრინციპების უარყოფა, უმალ ვლინდება ჩვენში ფქვილის გაძვირებაში და პრობლემები ექმნება პურის, კვერცხისა და ხორცპროდუქტების ფასებს“, - აცხადებენ მეპურეები.