გიორგი გახარია: „ნახვამდის!“

გიორგი გახარია: „ნახვამდის!“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე თვლის, რომ მორჩაძეს მხრიდან კვლავ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი. შესაბამისად, მისი პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა. საქმის პროკურორის მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებს, რომ მორჩაძე გავლენას ახდენდა მოწმეებზე.

მორჩაძესგან განსხვავებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. გარდა იმისა, რომ სუბელიანი თავს დამნაშავედ ცნობს, ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ დარჩეს პატიმრობაში.

„ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.

თავის მხრივ, შს მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებები გაგრძელდეს. მინისტრის განცხადებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შსს–ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა.

„ეს გამოძიება გრძელდება. ახალი დაკავებული რამოდენიმე პირია და კიდევ ახალი მტკიცებულების სტანდარტი თუ გვექნება, კიდევ იქნება დაკავებული ადამიანები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საქმის ერთ–ერთ მთავარ ფიგურანტს მიხეილ კალანდიას, მინისტრი მის შესაძლო დაკავებას ასე პასუხობს: „ნახვამდის“.

აღსანიშნავია, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმეში კალანდიას მონაწილეობა გამოკვეთა და გასცა რეკომენდაცია, რომ მის წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება. საგამოძიებო კომისიამ დასკვნაში ცალსახად მიუთითა, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებობს კითხვები. საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას მოხდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დეპუტატი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს საპარლამენტო უმცირესობიდან კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

„რა დასკვნაც კომისიამ ერთპარტიულ ფორმატში მიიღო, ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან ის გაცდა მანდატს, რომელიც საგამოძიებო კომისიას პარლამენტის მხრიდან აქვს მიცემული. კომისიამ მიიღო პოლიტიკური შინაარსის დასკვნა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის აუცილებელი სტანდარტია, იყოს კანონის დამცველი. დასკვნის შემდგენი პირები არღვევენ კანონს, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციებს, რომელიც იქნება სამართლებრივი დოკუმენტი და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახები“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ახლა მთავრობისთვის არის სიმართლის ჟამი, უნდა გადაწყვიტონ, მიდიან შვილმოკლული მამების, არასამთავროების წინააღმდეგ, თუ აპირებენ საქმეს ნათელი მოფინონ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, რომ ჩვენი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული. ახლა მთავრობისთვის არის სიმართლის ჟამი, უნდა გადაწყვიტონ, მიდიან საზოგადოების და შვილმოკლული მამების წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, თუ აპირებენ, რომ ამ ამბავს მოფინონ ნათელი და დაადგინონ ვინ არის მკვლელი იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც ჩვენ გავეცით და დასაჯონ ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ მკვლელს და გამოძიება შეიყვანეს ჩიხში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სერიოზულად მიუდგეს რეკომენდაციებს და ნაბიჯები დროულად გადაიდგას“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ 11–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს, რომ საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ამ საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში.

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები“, – ნათქვამია ა–ო განცხადებაში.