საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: ”პროექტიც მოვამზადეთ, თურქულ მხარეს გადავუგზავნეთ, წერილობითაც მივმართეთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე იქნებ წინმსწრებად დაგვეწყო ეს სამუშაოები. მათგან პასუხს ველოდებით”
[ნინო მიქიაშვილი]
თურქეთ-საქართველოს შორის მაისის ბოლოს გასაფორმებელი ხელშეკრულება, კულტურული მემიკვიდრეობის შესახებ, რასაც მისი მოწინააღმდეგეები პოლიტიკურ ხელშეკრულებად აფასებენ, დღემდე ხელმოუწერელია.
ხელშეკრულების გაფორმებას თურქული მხარე აჭიანურებს, რის მიზეზსაც ქართული მხარე არ აკონკრეტებს - ეს ინფორმაცია ”ობიექტივმა” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის, პაატა გაფრინდაშვილისგან შეიტყო.
ჩამცხრალია ის აჟიოტაჟიც, რომელიც ტელევიზიებით იყო ატეხილი - ბოლოს 22 თებერვალს გავიდა სხვადასხვა არხებზე სიუჟეტები და გადაცემები, იმის შესახებ, რომ თურქეთის რეპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ტაძრები ინგრევა და რომ მათ გადასარჩენად თითოეული დღეც მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ ტაოში ოთხი ქართული ძეგლის (ოშკი, ხანძთა, იშხანი, ოთხთა) რესტავრაციის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან. ხელშეკრულების ტექსტი საჯარო ჯერ არ გამხდარა.
საინფორმაციო საშუალებებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არაერთხელ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ თურქეთი ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენებასთან ერთად მოითხოვს რესტავრაცია გაუკეთდეს: ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში არსებულ ხის ჯამეს; ადიგენის რაიონში მხარჯავის მეჩეთს; ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე არსებულ კომპლექსს (სადაც არის მეჩეთი, მედრესე და სადაც დღეს სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული) და იქვე არსებულ წყვილ აბანოს.
რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 5 დღის შემდეგ, 31 მაისს განახლებული სარფის საბაჟოს გახსნისას, ბათუმში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრემიერ-მინისტრს, რეჯებ ტაიპ ერდოღანს, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებაზე საჯაროდ, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. არც მის მასპინძელ მიხეილ სააკაშვილს უხსენებია ეს საკითხი. არადა, მანამდე არაერთხელ, იმ წუთისთვის შეუფერებელ დროს და ადგილას გაუკეთებია ამ თემაზე კომენტარი.
მაგალითად, მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კაჭრეთში, პროფესიული მომზადების ცენტრის გახსნისას, ტელეკამერების წინ მეჩეთების თემას შეეხო და ”პოლიტიკური მარგინალები” უწოდა იმათ, ვინც მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, რომ ”პოლიტიკური მარგინალები” მეჩეთის თურქეთის მოთხოვნითა და მითითებით აშენებას ეწინააღმდეგებიან.
”შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში რამდენიმე ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ჩვენ ვართ დაახლოებით 4 მილიონ 700 ათასიანი ქვეყანა, რომლის რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ქრისტიანი არ არის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველსა და აზერბაიჯანელს ერთნაირად ეკუთვნის საქართველო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სადღაც არ შეიძლება მეჩეთი აშენდეს, ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ შეიძლება იყვნენ მუსულმანები. თუმცა, ამას ჩვენ არასოდეს ვიტყვით, ამას მხოლოდ პოლიტიკური მარგინალები ამბობენ”, - ესაა ამონარიდი სააკაშვილის მიერ, კაჭრეთში გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც 1 თებერვალს ქართულმა სააგენტოებმა (“ჯი ეიჩ ენი“, “ინტერპრესნიუსი“) ამგვარი სათაურით გაავრცელეს - ”მიხეილ სააკაშვილი – არ შეიძლება დაისვას კითხვა, რომელი უბნელი ხარ”.
ხელშეკრულების გაფორმების მოწინააღმდეგეები (იმ ფორმით, როგორითაც მას ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებას ზეპირი განცხადებების საფუძველზე სთავაზობენ), დღეს ფიქრობენ, რომ პროცესის გაჭიანურება იმ აქტივობის შედეგია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სხვადასხვა ფორმით გამოხატა, მაგრამ პროცესი გრძელდება და საზოგადოებამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს. ასე მიაჩნია საზოგადოებრივი ორგანიზაცია”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს.
პროცესი, რომ გრძელდება, ამას ჩვენთან საუბრისას იმ წრეებთან დაახლოებული ქართველი მეცნიერებიც ადასტურებენ, რომლებიც ხელშეკრულების გასაფორმებელ სხვადასხვა სამუშაოებში მონაწილოებას ღებულებენ. მათივე განმარტებით, დიდწილად სავარაუდოა, რომ ხელშეკრულება ამ ზაფხულს გაფორმდება და სამუშაოებიც შემოდგომის დადგომამდე დაიწყება.
ოთხი სხვადასხვა წყაროსგან (მეცნიერები, ქართველი მუსულმანები, აჭარის ა/რ. უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები და ”ნაცმოძრაობის წარმომადგენლები”) მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის ნაცვლად, თურქული კულტურის ცენტრის აშენების საკითხი განიხილება, ბათუმის ცენტრში, ე.წ. ერას მოედანზე, იქ, სადაც კინო ”თბილისი” იდგა. ეს ინფორმაცია ”ობიექტივმა” ბათუმის მერიასა და საკრებულოში გადაამოწმა.
კითხვაზე - რისი აშენება იგეგმება კინო ”თბილისის” ადგილას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ მოგვივო - ”ამას ზუსტად მაშინ გეტყვით, როცა პროექტი თვითმართველობაში შემოვა. იმაზე, თუ რა შენდება და რა დატვირთვა ექნება, მიმართეთ მერიის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც ნებართვა უნდა გასცეს”.
ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი სურმანიძემ ჯერჯერობით ზუსტად არ იცის რის აშენებას აპირებს ზემოხსენებული ტერიტორიის მესაკუთრე, ერას მოედანზე, კინო ”თბილისის” ადგილას.
ჩვენს კითხვას - იგეგმება თუ არა კინო ”თბილისის” ადგილას თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში მეჩეთის, ან თურქული კულტურის ცენტრის აშენება? ირაკლი სურმანიძე ასეთ პასუხს სცემს:
”მეჩეთის აშენება აბსოლუტურად გამორიცხულია, 100%-ით ვიცი, რომ არ იგეგმება. ეს კერძო საკუთრებაა და მეპატრონე რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს და აპირებს იმ მოედნის შესაბამისი არქიტექტურული სტილის შენობის მშენებლობას”.
ბათუმში გავრცელებული ინფორმაციით, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად ბათუმის №6 სკოლის ყოფილი ტერიტორიაც განიხილებოდა. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, თორემ, ინფორმაცია რომ ჰქონდეს, აუცილებლად გვეტყოდა.
ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბათუმში, მეჩეთის ნაცვლად თურქული კულტურის ცენტრის აშენების საკითხი განიხილება, მაგრამ ამაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. შეგახსენებთ, რომ ამის თაობაზე სააგენტო ”პირველთან” საუბრისას, მიმდინარე წლის 11 მაისს აჭარის ა/რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ მახარაძემ განაცხადა და ეს ინფორმაცია იმავე დღეს ჩვენს მედიასაშუალებასაც დაუდასტურა - ”ლაპარაკია ერთის მხრივ ჩვენი ძეგლების რესტავრაციაზე და მეორეს მხრივ თურქეთის კულტურული ცენტრის აშენებასა თუ შექმნაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილი არ არის, ამაზე წინადადებები არსებობს”.
”ობიექტივის” კითხვებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვებისა და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა, პაატა გაფრინდაშვილმა ასეთი პასუხები გასცა:
რა სიახლეებია თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან მიმართებაში?
პაატა გაფრინდაშვილი: ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცით სიახლე. გარკვეული საკითხებია შესათანხმებელი და დასანიშნია დამატებითი შეხვედრა. აი, ამ თარიღს ველოდებით.
ანუ თურქეთის მხრიდან ელოდებით პასუხს, თორემ, თქვენ ყველაფერი გაკეთებული გაქვთ?
-ჩვენ ყველაფერი მომზადებული გვაქვს. უბრალოდ, თურქეთთან ერთად, გაკრვეული დეტალებია დასაზუსტებელი.
რა დეტალებს გულისხმობთ?
სანამ არ დაზუსტდება, ვერაფერს გეტყვით. წინასწარ რა უნდა გითხრათ?!
თქვენი უწყების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადების მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმება მაისის ბოლოს უნდა მომხდარიყო და ახლა ივლისის მეორე ნახევარია.
-ჩვენ ველოდებოდით და გვინდოდა ხელშეკრულება გაფორმებულიყო, რადგან ოშკი, ხანძთა და იშხანი მძიმე მდგომარეობაშია. იმის წინაპირობა არის, რომ ოშკის კონსტრუქციულად გამაგრება მოხდეს და შემდეგ გარკვეული კვლევითი სამუშაოები (მაგალითად, არქეოლოგიური) დაიწყოს. ამაზე პროექტიც მოვამზადეთ, თურქულ მხარეს გადავუგზავნეთ, წერილობითაც მივმართეთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე იქნებ წინმსწრებად დაგვეწყო ეს სამუშაოები. მათგან პასუხს ველოდებით.
რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ის, რომ ბათუმში თურქეთის კულტურის ცენტრის აშენების საკითხი განიხილება?
-ეს ჩემთვის სიახლეა, მე ამაზე ვერაფერს გეტყვით.
”ობიექტივი” თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძესაც ესაუბრა.
იგი ამბობს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების იმ ვარიანტზე ხელმოწერას, როგორითაც საქართველოს ხელისუფლების ზეპირი განცხადებებითაა ცნობილი. მურმან დუმბაძე კიდევ ერთხელ იმეორებს იმას, რომ რეალურად ესაა პოლიტიკური ხელშეკრულება და მასზე ხელმოწერა დაუშვებლად მიაჩნია:
”მე შევაკვდები ამ ხელშეკრულების გაფორმებას! თურქეთსა და საქართველოს შორის, პოლიტიკური ხელშეკრულების საგნით, ბათუმში, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში, ისედაც თურქეთის მზარდი ინტერესების სფეროში მოქცეულ ქალაქში, ცენტრალურ, თუ ცენტრალური ადგილის მიღმა, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის ხელახლა აშენება, მით უმეტეს, თურქეთის მოთხოვნით, დაუშვებელია!”