საპარტნიორო ფონდი და რესპუბლიკური საავადმყოფო ერთმანეთს უპირისპირდება. დავის მიზეზი კი საავადმყოფოში საპარტნიორო ფონდის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ საავადმყოფოს დირექტორი დავით საგანელიძის უწყებას პირდაპირ ადანაშაულებს სამედიცინო დაწესებულების განადგურების მცდელობაში. თავის მხრივ, საპირისპირო ბრალდებები აქვთ საპარტნიორო ფონდში.
რესპუბლიკური საავადმყოფო დაახლოებით 3-4 წელია „საპარტნიორო ფონდის“ ბალანსზეა. თავის დროზე, ფონდმა აიღო ვალდებულება, რომ კლინიკაში უცხოურ ინვესტიციას განახორციელებდა და ამით მოახდენდა როგორც ახალი კლინიკის მშენებლობას, ისე არსებულის რეაბილიტაციას.
„მას შემდეგ გავიდა 3 წელიწადი და არაფერი შეცვლილა, არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა. მხოლოდ გაფუჭდა სიტუაცია. ჩემი პროტესტი გამოვხატე 1 თვის წინ და ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, დირექტორის თანამდებობას დავტოვებდი.
ეს საკითხი კლინიკის საბჭოზე გავიდა. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, კი წერილი უნდა გაგზავნილიყო პრემიერ-მინისტრთან, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან. სწორედ ამან გააღიზიანა „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორი დავით საგანელიძე. შემდეგ ფონდიდან ტელევიზიებში დარეკეს, რომ ჩემს საქმეს პროკურატურას გადასცემენ“, - აცხადებს „კომერსანტთან“ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე.
კითხვაზე, რა ინტერესი აქვს „საპარტნიორო ფონდს“ და რატომ არ შემოჰყავს „რესპუბლიკურ საავადმოყოფოში“ ინვესტორი, იმედაძე აღნიშნავს, რომ ფონდის ერთადერთი ინტერესი კლინიკის დაქცევაა.
„მე ვიქნები ბედნიერი, რომ ასეთი კორუმპირებულებიდან გავხდები დევნილი და მადლობა, რომ მომიწევს ბრძოლა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღორძინების საქმეში. ეს ბრძოლა გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოიტანს, რადგან ვიცი მთავრობის დამოკიდებულება, ის, თუ როგორ სჭირდებათ ამ კლინიკის აღორძინება“, - აცხადებს იმედაძე.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი სექტორში არსებულ კონკურნცაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღეს კონკურენტი კომპანიები აქტიურად ვითარდებიან.
„ბევრი კლინიკა გაიხსნა, მაგრამ ჩვენ მაინც წარმატებით ვუწევთ კონკურენციას. 6 მილიონი ლარის ინვესტიცია გვაქვს გაკეთებული, 1 თეთრი არ გადმოურიცხია „საპარტნიორო ფონდს“. მისი ოფისების წყლისა და დენის ფულს ჩვენ ვიხდით. ეს ახლა ნორმალურია? ამას ვებრძვი.
მე ვერ გამაჩუმებენ. მივმართე 6 თვის წინ წერილით, რომ თუ ასე ფიქრობენ, მიმართონ პროკურატურას და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისთვის. არ ვამწვავებდი სიტუაციას, არ მინდოდა ეს დაპირისპირება საჯარო გამხდარიყო, თუმცა იძულებული გავხდი“, - აღნიშნა „რესპუბლიკურის“ დირექტორმა.
თავის მხრივ, სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ საკუთარი არგუმენტები აქვს საპარტნიორო ფონდს. ისინი ამბობენ, რომ კლინიკაში საფინანსო და სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული დაღვევებია და მენეჯმენტიც არასწორია.
„საპარტნიორო ფონდის შვილობილი - „კლინიკების განვითარების კომპანიისა“ და ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მომზადდა არაერთი რეკომენდაცია კლინიკაში არსებული დარღვევების გამოსწორების მიზნით. აღნიშნული კლინიკის დირექტორს ავთანდილ იმედაძეს რამდენჯერმე მიეცა გონივრული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად და შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა მათი უმრავლესობა კლინიკის მენეჯმენტის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე „საპარტნიორ ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის მიზნით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ავთანდილ იმედაძის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს და ფონდის მენეჯმენტი არ აპირებს სახელმწოფო აუდიტის დასკვნის გაცნობამდე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში რაიმე ტიპის საკადრო გადაწყვეტილებების განხორციელებას, მათ შორის დირექტორის გადაყენებას“, - აცხადებენ ფონდში.
საპარტნიორო ფონდს „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში გადმოეცა.
2017 წელს „საპარტნიორო ფონდმა“ 100% წილობრივი მონაწილეობით შპს „კლინიკების განვითარების კომპანია“ დააფუძნა და საკუთრებაში გადასცა ზემოთ აღნიშნული საავადმყოფო.