„მარიხუანათი აშენებული სახელმწიფო არ მინახავს“

„მარიხუანათი აშენებული სახელმწიფო არ მინახავს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მარიხუანაზე საუბარი ვაშინგტონშიც მოუხდა, როგორც მან აღნიშნა, „ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება. ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი“.

პრემიერი თვლის, რომ მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით შინაგან საქმთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონროექტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებს შორის. რაც შეეხება კულტივაციას, მთავრობა მოწადინებულია, ეს საკითხი იყოს ფართო კონსენსუსის შედეგი.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, რათა კიდევ ერთხელ კარგად განიმარტოს და მოსმენილი იყოს ამ კანონპროექტის როგორც მხარდამჭერი, ისე საწინააღმდეგო არგუმენტები და პოზიციები შეჯერდეს. სახელისუფლებო ინიციატივის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

როგორ წარმოგიდენიათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება კანაფის კულტურის კულტივაციასთან დაკავშირებით, გამოკითხვა უნდა მოხდეს, შეფასებები გაკეთდეს საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, იგივე არასამთავრობო სექტორის მხრიდან და .. ანუ როგორ მივა ხელისუფლება იმ დასკვნამდე, საზოგადოების უმეტესობისთვის მისაღებია ეს ინიციატივა თუ - არა?

- ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ ნახევარფაბრიკატი შემოგვთავაზა. ჯერ საკითხი გადაწყვეტილად გამოაცხადეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ თურმე საჭირო ყოფილა ფართო კონსენსუსი.

თითქმის ქრონიკულ პრობლემად ექცა „ქართულ ოცნებას“, როდესაც სპონტანურად, „ნახევარფაბრიკატს“ გვთავაზობენ, თუ შეხვდათ წინააღმდეგობა, უკან იხევენ. უკანდახევის უნარი რომ გააჩნიათ ეს ერთი მხრივ, პლუსიცაა, თუმცა დიდი მინუსიც არის. ეს ნიშნავს, რომ არასერიოზულ და გაუაზრებელ, გაუთვლელ ინიციატივებს აყენებენ და მერე იძულებული ხდებიან, უკან დაიხიონ.

რაც შეეხება კონსენსუსს, პროცესი წარმომიდგენია საკმაოდ მარტივად - უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება, გაგვაგებინონ, რის მიღწევა სურთ, როგორ წარმოუდგენიათ რისკები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ. და ანუ ეს ყველაფერი როგორ გვარდება. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაცაზე პასუხისმგებლები არიან, ამ ქვეყანაში არავინ არაფერზე აღარ არის პასუხისმგებელი - განცხადებას და შემდეგ „ხელების დაბანას“ არაფერი უნდა და ასეთი შემთხვევებიც არაერთხელ გვინახავს. გვითხრან, როგორ აპირებენ ამ ყველაფრის ორგანიზებას და ეკონომიკური ეფექტი რა იქნება. ისე კი არა, რომ ვიღაცამ გამოაცხადოს მილიარდს მოვიგებთო - ეს არ არის მარტივი და კალკულატორზე დასათვლელი თემა. როდესაც აცხადებენ, რომ ბაზარი ყალიბდება, ეს ნიშნავს, რომ არის კონკურენციაც. ღვინის წარმოება მეტიც შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვაწარმოებთ, იმიტომ, რომ ბაზარი სპეციფიკურია. კანაფის წარმოების მაგალითების მოყვანა არ არის სწორი, იმიტომ, რომ მწარმოებელ ქვეყნებში უსაფრთხოება მაღალ დონეზეა დაყენებული და კონტროლიც შესაბამისად, სხვაგვარად ხორციელდება. ჩვენს ქვეყანას ჯერ ამის შესაძლებლობები და კულტურა არ გააჩნია.

იმას, რომ რაღაც პროდუქციის წარმოება მოხდება, რომელიც მხოლოდ ექსპორტზე გავა და ეს ძალზე მკაცრად გაკონტროლდება, სკეპტიკურად ვუყურებ. რაც არ უნდა ჩაკეტონ ბაზარი, ის მაინც გაჟონავს და იპოვის თავის ხვრელს.

კონტროლი არც ისე მარტივი იქნება, მარიხუანას ძირების და ფოთლების თვლას ვერავინ დაიწყებს, ასევე, ვერავინ დაუდგენს მწარმოებელს კონკრეტულ ფართობზე რა ოდენობის მარიხუანას მოყვანაა შესაძლებელი. ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ საინტერესოა, საერთოდ, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ამ ხმაურიანი ინიციატივის გამოტანა? იმდენად დიდი ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მოიტანოს, რომ ქვეყანას იხსნის სიდუხჭირისგან და ღირს ამ რისკზე წასვლა?

- ჩემი აზრით, როგორც ყოველთვის, იმუშავა ე.წ. გაფუჭებულმა ტელეფონმა. ცხადია, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ორიენტირებულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და ეს კარგია, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ვხედავთ, რომ რეალური სექტორი, სადაც ხალხი უნდა დასაქმდეს, არ არის ასე ადვილი ასაშენებელი, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი დრო. ამ დროს, ვიღაც ლობისტური ჯგუფი შეიძლება გამოვიდეს და „ოქროს კოშკები“ შესთავაზოს ასეთი საეჭვო ინიციატივების სახით.

რაღაც პერიოდის წინ აქციები იმართებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული - ამიტომ, ვიღაცამ ხელისუფლებაში, შესაძლოა, ჩათვალა, რომ კარგი ფონია ამ ინიციატივის ლობირებისთვის.

ეს ვიღაც რომ ბიძინა ივანიშვილია, ღრმად არასერიოზული თემა მგონია, სრულიად გამოვრიცხავ, რომ ის შეიძლება იყოს დაინტერესებული ამ ბიზნესით. შესაძლოა, რომელიღაც წვრილი ბიზნესჯგუფიც იყოს, რომელმაც მოახეხა და მოახდინა ამ ინიციატივის ლობირება.

შიდა განხილვების დროს კი, შესაძლოა, ის თემაც იყო გამოყენებული, რომ წინასაარჩევნოდ ახალგაზრდობის გარკვეული სეგმენტიც მოეზიდათ - სამწუხაროდ, არის ახალგაზრდობის გარკვეული ფენა, რომლისთვისაც თავისუფლება მარიხუანას მოწევასთან ასოცირდება.

იმისათვის, რომ ასეთი ინიციატივებით გამოვიდეს ხელისუფლება, მინიმუმ, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა გათვალოს, გააკეთოს ე.წ. სვოტანალიზი - სად არის რისკები და რაშია ეფექტურობა. ეს ყველაფერი წინასწარ უნდა ჰქონდეს გათვლილი. ახლა კი ირკვევა, რომ წინასწარ არაფერი არ ყოფილა გათვლილი, ვიღაცამ უცებ დაწერა რაღაც კანონპროექტის მსგავსი და ასევე უცებ შემოაგდეს.

ბიძინა ივანიშვილი რომ ცალკე გასვარეს, ეს სხვა თემაა -ყველაფერი ხომ, რაც ამ ქვეყანაში ხდება, როგორც წესი, მისი „ბრალია“!

სულაც, ყურადღების გადასატანი ინიციატივა ხომ არ არის? არჩევნების, მძიმე სოციალური ფონის და სხვა პრობლემების გადასაფარად?

- „ქართული ოცნების“ პრობლემა ის არის, რომ ასეთ რთულ კომბიცაციებს ვერ აწყობენ. არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ხელისუფლებაში სიბრიყვის ხარისხი მაღალია და შეთქმულების თეორიებს ვავითარებთ. სინამდვილეში ეს წმინდა წყლის სიბრიყვეა და მეტი არაფერი.

ერთ-ერთი ქართველი ექსპერტი ინტერვიუში მეზობელ ქვეყანაზე საუბრობს და ამბობს, რომ მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ. ჩვენთანაც მსგავსი პროცესი ხომ არ იწყება?

- ეს პრობლემა ჩვენთანაც არსებობს - ყველა ქვეყანაშია ინტერესჯგუფები და პოლიტიკური ელიტა. ყოველთვის ჭიდილია მათ შორის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ დომინირებს. პოლიტიკა მუშაობს ფულზე, თუ ფული - პოლიტიკაზე.

სააკაშვილის დროს მიშა ახერხებდა იმას, რომ ფული ემუშავებინა პოლიტიკაზე - პოლიტიკას დაუქვემდებარა ეკონომიკური აქტივობა და ეს იყო ძალიან ცუდი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, უარესია როდესაც ფულზე იწყებს პოლიტიკა მუშაობას. სამწუხაროდ, ასეთი შემაშფოთებელი ტენდენციები დღეს უკვე იკვეთება. იგივე, „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს რომ გადავხედოთ - თავს შევიკავებ სიტყვის თავისუფლების მიმათულებით საუბრისგან, მაგრამ საყურადღებოა ის ჩანაწერები, სადაც ბიზნესების განაწილებაზე საუბრობენ - ერთი რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს სვრიან და უჩა მამაცაშვილის, რომელსაც კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს. წვრილმანი ფავორიტები იყენებენ თავიანთ მდგომარეობას - ცდილობენ, შეაღწიონ მედიაში სხვა სფეროებში და ა.შ. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები მომრავლდა და ძალიან საშიშია.

თითქოს შევარდნაძის მმართველობის გარკვეულ პერიოდსაც გვახსენებს ეს ყველაფერი...

- ვიტყოდი, რომ ჰიბრიდია, არ მგონია შეუქცევადი პროცესი იყოს. სისტემა ინერციით მაინც მუშაობს და ჯერჯერობით არ გავავლებდი პარალელებს შევარდნაძის მმართველობასთან. თუმცა ტენდენცია ისეთია, რომ შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლა იმ ჭაობისკენ წავიდეთ, რომელშიც შევარდნაძის მთავრობა აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში მსგავსი ფაქტები ბევრია, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერს სისტემური გარყვნილების სახე არ მიუღია და ჯერ კიდევ შეიძლება ამ ყველაფრის შეჩერება.

მარიხუანას თემას რომ დავუბრუნდეთ - თქვენ ხართ თუ არა მომხრე, რომ ეს ინიციატივა გადაწყვეტილებად იქცეს?

- არ ვარ მომხრე - ვფიქრობ, ზღაპარია, რომ ამის კონტროლი შესაძლებელია, მით უმეტეს, სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში როგორც ნარკოდამოკიდებულების, ასე ე.წ. ნარკოდილერსის და ვხედავთ, რომ ამის მენეჯმენტიც გვიჭირს. ამაზე კიდევ ახალი რისკების დამატება, ვფიქრობ, არასწორია.

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტურობას, სასაცილოა, დასახელებული ციფრები, რაც ფინანსთა მინისტრისგან მოვისმინეთ - ეს კაკლულატორზე კი არა, ცოტა სხვანაირად ითვლება, ბაზრის კონიუქტურის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. არ მგონია, რომ სერიოზული გათვლებია გაკეთებული. ეკონომიკურ ეფექტსაც არ ველოდები - თანაც მარიხუანათი აშენებული სახელმწიფო არ მინახავს, თორემ კოლუმბიაში კი იყო ესკუბანი, ადამიანი, რომელმაც არ იცოდა სად წაეღო ამდენი ფული.

მთლიანიობაში ამ ინიციატივას ეჭვის თვალით შევხედავდი, თუმცა კატეგორიულიც არ ვიქნები - თუ დაგვარწმუნეს, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება და პრობლემები არ შეიქმნება, კი ბატონო, მაგრამ ისე კი არა, რომ ჯერ ინიციატივის „გათრევას“ შევეცადოთ და თუ არ გამოგვივიდა, მერე დავიწყოთ დისკუსია - ასე არ შეიძლება.