საქართველო ნულოვანი პოპულაციის ზღვართანაა. ქვეყანაში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).
შეიძლება ითავას, ქვეყანა ნულოვანი პოპულაციის ზღვართანაა. დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა მინიმუმზე დავიდა და სამომვალოდ შეიძლება დადებითი ბალანსი საერთოდ გაქრეს.
სპეციალისტები ადასტურებენ, რომ პრობლემა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გამძაფრდება და ამას 2 ძირითადი მიზეზი აქვს - დემოგრაფიული თაობის ცვლა და ემიგრაცია. დემოგრაფი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს, რომ 1990-იანი წლებიდან 2000 წლამდე გოგონების განახევრებული რაოდენობა დაიბადა, ეს გოგონები სწორედ ახლა შედიან რეპროდუქციულ ასაკში და მაშინდელი განახევრებული თაობა ახლა განახევრებულ შთამომავლობას გვაძლევს.
„მეორე მთავარი მიზეზი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ამის თანმდევი ემიგრაციაა. 12-წლიან პერიოდში საქართველო რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა 800 ათასამდე ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა დატოვა. უცხოეთში სამუშაოდ წასულმა თაობამ მძიმედ დაარტყა ქვეყნის შობადობას და დემოგრაფიას“, – აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
გარდა ამისა, ბოლო წლებში უდიდეს პრობლემად იქცა განქორწინებების რიცხვის მასშტაბური ზრდა. დემოგრაფიული ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, განქორწინებულ ახალგაზრდები განქორწინების მთავარ მიზეზებად ძალადობას, ურთიერთუპატივცემულობას და ღალატს ასახელებენ. განქორწინების მიზეზებს შორის ბოლო ადგილს იკავებს სოციალური პრობლემები. განქორწინების ინოციატორები უმეტესწილად გოგონები არიან.
თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, განათლებით გამოწვეული საჭიროებებისა და განვითარების გამო გოგონები ნაკლებად პატიობენ ქმრებს, მაგალითად ღალატს, რაც ადრე საქართველოში პრობლემად არ აღიქმებოდა.
ქორწინების შემცირება და განქორწინების მატება ბოლო 10 წლის ტრადიციაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განქორწინებულთა რაოდენობა, თითქმის, 5-ჯერ გაიზარდა. განქორწინებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი ყოველ წელს მზარდია და უკვე ქორწინებათა ოდენობის ნახევარს უტოლდება, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკურად ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე ხშირად ამბობს, რომ ერმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. ეროვნული თვითშეგნების გაზრდასა და პროპაგანდაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის როლს, თუმცა ამ მხრივ საქმე ნამდვილად არ არის სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში.
როგორც დემოგრაფები ამბობენ, საქართველო თავიდან ვერ აიცილებს დემოგრაფიულ დარტყმას, თუმცა საჭირო მისი შერბილება. ახალი სამთავრობო ინიციატივებით უნდა გაიზარდოს შობადობა და შემცირდეს მიგრაციის მაჩვენებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში 2050 წლისთვის გველის დემოგრაფიული ცუნამი.