20 წელი ქმრის მკვლელობის შეკვეთისათვის

20 წელი ქმრის მკვლელობის შეკვეთისათვის

[ინგა კუხიანიძე]

13 ივლისს, თბილისის სააპელაციო პალატამ, შეკვეთილი მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა. ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოტანილი განაჩენი საბოლოოდ ძალაში დარჩა. ქმრის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ინგა ჯვარშეიშვილ-წულაძეს, სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, უშუალოდ მკვლელობის აღმსრულებელს, ზურაბ სოლომნიშვილს - უვადო პატიმრობა, ხოლო შუამავალს, ოჯახის ძიძას, ელენე თუშიშვილს, 16 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. განსასჯელები და მათი ადვოკატები ამ განაჩენის გაუქმებას ითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მათთან ერთად გასამართლებულ გიორგი როსტომაშვილს და ზვიად საყვარელიძეს განაჩენი არ გაუსაჩივრებიათ. როსტომაშვილს დანაშაულის დაფარვის ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ მოუხსნა და მას 2 წელი მიუსაჯა, ხოლო საყვარელიძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას 8 წელი, პირობითი სასჯელი შეეფარდა.

როგორც ცნობილია, შპს „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გია წულაძე 2009 წლის 29 აპრილს, საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილეს. ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კარგა ხანს გაუხსნელი იყო. თავდაპირველად ძალოვნები მომხდარ მკვლელობას წულაძის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებდნენ. სამსახურში ფინანსური პოლიცია შევიდა და მაშინ დარღვევებიც აღმოაჩინეს. 12 პირი დააკავეს, მაგრამ გაირკვა, რომ მკვლელობა მის საქმიანობას არ უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სწორედ მისი კაბინეტიდან ამოღებული დღიურით გაიხსნა.

გია წულაძის ჩანაწერებიდან ირკვეოდა, რომ ცოლთან პრობლებემი ჰქონდა. ამის შემდეგ ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილის ტელეფონები ისმინებოდა, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ საქმე მოულოდნელად გაიხსნა. გაირკვა, რომ წულაძის მკვლელობა ცოლმა შეუკვეთა. საქმეში მონაწილე პირები დააკავეს და მათი აღიარებითი ჩვენებებიც ძალოვნებმა ოპერატიულად გაავრცელეს. ყველა მათგანი დანაშაულს აღიარებდა.

ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ოჯახისთვის. ქალიშვილმა ერთი წლის შემდეგ შეიტყო, რომ მამის მკვლელობის დამკვეთი დედამისი იყო. მოკლულის მამა, ბატონი ბეჟან წულაძე, იხსენებდა, რომ რძალს თვალიდან ცრემლი არ გადმოვარდნია. „გამწარებული ჩემი ცოლი მკვლელს რომ წყევლიდა, ის აჩუმებდა და ეუბნებოდა, ნუ წყევლიო. ალბათ, არ უნდოდა, რომ მოესმინა მას როგორ წყევლიდნენ. ეუბნებოდა, ეკლესიურად წყევლა არ შეიძლებაო. სანამ სეიფიდან ჩანაწერები არ ამოიღეს, მასზე ეჭვი არ მიგვიტანია... გადამეწურა იმედი, რომ ჩემი შვილის მკვლელს დაიჭერდნენ, მაგრამ გაირკვა, რომ პოლიცია მუშაობდა“, - თქვა ბატონმა ბეჟან წულაძემ. იგი სასამართლო სხდომებს ვერ დაესწრო, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მისი მეუღლე კი შვილზე დარდს გადაჰყვა და მკვლელობიდან მალე გარდაიცვალა.

ბატონი ბეჟანი იმასაც ადასტურებსა, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მისი რძალი საცხოვრებლად საყვარელთან გადავიდა და თან წაიყვანა 13 წლის ქალიშვილიც. როგორც გაირკვა, უმცროსი გოგონა მას სწორედ გიორგი როსტომაშვილისგან ჰყავდა. როსტომაშვილიც დააკავეს და დანაშაულის დაფარვაში დადეს ბრალი. მკვლელობის შემდეგ ინგამ ბინა გაყიდა და როსტომაშვილთან ცხოვრობდა. საქმე აღიძრა საქმის შუამავალ ზვიად საყვარელიძის წინააღმდეგაც, სწორედ მისი დახმარებით გაიხსნა აღნიშნული დანაშაული.

საქმის მასალების მიხედვით, ინგა ჯვარშეიშვილმა მეუღლის მკვლელობა მეგობარს, ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა. საყვარელიძე დახმარებას დაჰპირდა, შემსრულებელიც მოძებნა. ზურაბ სოლომნიშვილი გია წულაძეს საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდა და გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურე - შუამავალი, ელენე თუშიშვილი ზვიადს ინფორმაციებს აწვდიდა. ინგამ მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, ელენეს ხელით, საყვარელიძეს შესრულებული სამუშაოსთვის 3000 ევრო გაუგზავნა... ზურაბ სოლომნიშვილს სხვა ბრალდებებიც ჰქონდა: იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, ყაჩაღობის მცდელობა და ნარკოტიკის შენახვა.  

მართალია, საზოგადოებამ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მხოლოდ განსასჯელმა ზვიად საყვარელიძემ ამხილა თანამზრახველები. მისი აღიარების და სხვათა მხილების სანაცვლოდ, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმდა.

„ინგა წულაძის ბინაში მდგმურად ვცხოვრობდი. დავუმეგობრდი. მისი ბავშვის ძიძასთან, ელენე თუშიშვილთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს სამივე პირადულ საიდუმლოებებს ვუმხელდით. ინგა წუხდა, მეუღლე გია სისტემატურად რომ სვამდა. მთვრალი მას და მის შვილს ემუქრებოდა... ჩემთან, ნაქირავებ ბინაში, ძებნილ მეგობარს ვმალავდი, მალე დაიჭირეს, ეს ინგასაც ვუთხარი. მაშინ მითხრა, - ასეთ ხალხთან გაქვს ურთიერთობა, ისეთი არავინ გყავს, რომელიც ქმრის მოცილებაში დამეხმარებაო? დავთანხმდი, რომ ასეთ ადამიანს მოვუძებნიდი...

საუბრიდან ერთი თვეში ინგას ქუჩაში შევხვდი. ისევ მითხრა, იმ საქმეზე ხომ არაფერი გაგირკვევიაო. ვუთხარი, რომ მყავდა პიროვნება. ქმრის მკვლელობაში 5000 დოლარს იხდიდა. მასთან ურთიერთობა ელენეს მეშვეობით მქონდა... ამ საკითხზე ზურაბ სოლომნიშვილს ვესაუბრე. ჩემი კარის მეზობელი იყო. სიტუაცია რომ გაიგო, მითხრა, მე გავაკეთებო. მაგრამ ფული ეცოტავა - ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, იქნებ მეტი გადაიხადოსო. ინგას თანხის მომატებაზე რომ დაველაპარაკე, მითხრა, ეგ საქმე, მეტი არ მიღირსო. სოლომნიშვილი დათანხმდა იმ თანხას და სამოძრაო ფული მომთხოვა.

ელენემ მხოლოდ 200 დოლარი მოიტანა - სანამ საქმეს არ გააკეთებთ, მანამდე მთლიან ფულს ვერ მიიღებთო. ის 200 დოლარი ზურას მივეცი, მანქანა ჰქონდა გასაკეთებელი.... იმ დღეს სახლში მეძინა, მეგობარი მოვიდა და მითხრა, გია მოუკლავთო. გამიკვირდა, რადგან ეს საქმე მე და ზურას ერთად უნდა გაგვეკეთებინა. არ ვიცოდი, უჩემოდ თუ გააკეთებდა... მთელი ღამე ვერ დავიძინე, სიმართლის გარკვევა მინდოდა. დილით ელენე მოვიდა, კონვერტი მომაწოდა და მითხრა, ეს ფული ინგამ მომცა, შესრულებული სამუშაოსთვისო. ამ ფაქტიდან 2 საათში ჩემთან ზურაც მოვიდა და ფული მომთხოვა. ვკითხე, შენ ჩაიდინე მეთქი? მითხრა,­ შენ რას დაეძებ, საქმე შესრულებულია და ფული მომეციო. ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში წავედი...

ზურა ერთი წლის შემდეგ ვნახე... საუბარში მითხრა, შეიძლება იქიდან შენ მეტი თანხა გაქვს აღებულიო...ზურამ ისიც დასძინა, ძალიან მიჭირს და რაიმე საქმე მოვიფიქროთო. მაშინ გავიგე, ჩემს რაიონში ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას რომ აპირებდა. ეს პოლიციაში განვაცხადე, მოსასმენი აპარატი დამიმონტაჟეს და სპეცოპერაცია დაიგეგმა, ორივე ერთად დაგვაკავეს“, - განაცხადა პროცესზე ზვიად საყვარელიძემ.

ინგა წულაძე კი კატეგორიულად უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას. ირწმუნება, რომ საყვარელიძემ მკვლელობა დააბრალა, რადგან მისი ვალი ჰქონდა. საყვარელიძეს 6000 დოლარი ჰქონდა ჩემი ვალი და ეს იმიტომ მომიწყოო. თავად საყვარელიძე ირწმუნება, ინგას თვეში 500 დოლარს ვაძლევდიო. დაკავების დღესაც ამ მიზეზით შეხვდნენ ერთმანეთს:

„დავურეკე და ვუთხარი, რომ ვალი უნდა მიმეცა. ამ დროს სპეცოპერაცია დაიგეგმა. ინგა გიორგი როსტომაშვილთან ერთად მოვიდა. ის ცოტა ხნით მანქანიდან გადავიდა. მაშინ ინგას ვუთხარი, იმ პიროვნებას ჰგონია, რომ იმ საქმეზე უფრო მეტი მაქვს აღებული და შეხვდი-მეთქი. მითხრა - მკვლელს გადაეცი, შემეშვას, საერთოდ არ ვარსებობ, მასთან შეხვედრას არ ვაპირებო... რომ დავშორდი, ისინი დააკავეს“. 

გია და ინგა წულაძეებს 25- წლიანი ცოლ-ქმრული ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. სასამართლოზე ქალს არც ის დაუმალავს, რომ სხვა მამაკაცთანაც ჰქონდა სასიყვარულო რომანი. 

„18 წლის გავთხოვდი... გიამ დალევას მოუხშირა... სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა... მეგობარი მამაკაცისგან, გია როსტომაშვილისგან უკვე ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ჩემს ქმარს. ბავშვი ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო ის სხვა კაცისგან რომ მყავდა... როცა ცუდად იყო, გია სახლიდან არ გადიოდა...

ბავშვის გაზრდაში ელენე თუშიშვილი მეხმარებოდა. ზვიადი მან გამაცნო. იმ პერიოდში გია სულ სვამდა და ვთქვი, ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ისიც დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს ზვიადი ქუჩაში შემხვდა და სახლში პროდუქტები ამატანინა, კიბეეებზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, იმ კაცს გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავსო. ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე ეკამ მითხრა, 5000 დოლარში გიას ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში გია მოკლეს.

მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. ეკა მოვიდა და მითხრა, ზვიადმა შემოგითვალა, სისულელეები არ გინდა, ვინც გია მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოაგზავნეო. ვუთხარი, ფული აიღე და მიუტანე-მეთქი. 3000 ევრო ეკამ მიუტანა... შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი სამსახურის ხალხს მისი ვალი დავუტოვე. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი“.

საქმეში იდო ინგა წულაძის წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, სადაც შეკვეთას აღიარებდა, მაგრამ მან ჩვენებების გამოქვეყნებაზე კატეგორიული უარი თქვა: „მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერია. ტყუილია, რაც საყვარელიძემ თქვა, მას წესიერად ადამიანად ვიცნობდი და მკვლელობის შეკვეთას არ მივცემდიო.
არც ელენე თუშიშვილმა დაადასტურა საქმეში თანამონაწილეობა, წარდგენილ ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ სცნო და გამართლება მოითხოვა.
ელენე თუშიშვილის ჩვენებიდან: „მშვიდი ოჯახი იყო. გია სიმთვრალეში ცუდად ხდებოდა, ამ დალევით მხოლოდ თავს აყენებდა ზიანს. იყო მომენტები, როცა აზროვნების უნარს კარგავდა, თავის მოკვლაც სცადა. ასეთ დროს ინგა ახერხებდა მისთვის იარაღის გამორთმევას...  ერთ დღეს ზვიადმა მითხრა, ვხედავ, ინგა როგორ იტანჯება, მყავს მეგობარი, რომელიც ქმრის მოცილებაში დაეხმარებაო. ნორმალური არ ხარ- მეთქი - ძალიან შევშფოთდი და ინგას ვუთხარი. მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. ამ თემაზე მერე არ გვისაუბრია, რეალობად არ აღმიქვამს.

იმ დღეს გია სახლში დაბრუნდა, ყავა დალია და ინგა და მისი მეგობარი მაღაზიაში საყიდლებზე წაიყვანა... ინგა სახლში დაბრუნდა, მე ზვიადთან გადავედი. ეძინა, უკან  გამოვბრუნდი, ამ დროს ეზოში ზვიადის მეგობარი შევიდა, მალევე გამოიქცა, ისევ შევბრუნდი ზვიადთან, უკვე ეღვიძა, შეშფოთებული სახე ჰქონდა... მალე გავიგე, გია რომ მოკლეს. ხალხი მოგროვდა, იქ ზვიადიც ვნახე. მითხრა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო და  ინგას 5000 დოლარი უნდა გადაეხადა. ინგას ეს ვუთხარი, თანხა მომცა და მე მივუტანე. ფული კონვერტში იდო...“ 

არც ზურაბ სოლომნიშვილი სცნობს თავს დამნაშავედ. სასამართლოზე ჩვენება მანაც შეცვალა. მხოლოდ იარაღის ტარებაში ცნო თავი დამნაშავედ. მან აღიარა, რომ ინგასგან წამოღებული ფული, საყვარელიძემ მას გაუყო.

„... ზვიადს პოკერ კლუბში შევხვდი. ფული მოიტანა და შუაზე გავიყავით. მითხრა, ადრე, ჩემს ახლობელს უნდა მოეკლა გია წულაძე, მაგრამ ის დაიჭირეს. ეს ფული მათ მაინც გამოვართვიო. რამე შარში არ გავეხვეთ-მეთქი. არაო. რატომ გამოვართვი ეს ფული ზვიადს, არ ვიცი. ალბათ ვითაღლითე. 10 დღე ფულს ვინახავდი, მერე დავხარჯე. საყვარელიძემ ჩემზე ყველაფერი ტყუილი თქვა, მე არავინ მომიკლავს და არც არავის დაყაჩაღებას ვცდილობდი...  

მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფენ და გამართლებას ითხოვდნენ, მაგრამ სააპელაციო პალატამ ისინი დამნაშავედ სცნო და მიიჩნია, რომ მათი ბრალი საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია.