მორიგი სკანდალი „იბერიას“ საქმეზე და ფარულ ჩანაწერებს გადაყოლილი ჩინოვნიკები

მორიგი სკანდალი „იბერიას“ საქმეზე და ფარულ ჩანაწერებს გადაყოლილი ჩინოვნიკები

„კურიერმა“ „იბერიას“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ - ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული.

რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს.

აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“.

„ე.ი. ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ–ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა, ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა, პროსტა, პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო, ის დარჩაო...

რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო... ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიე, რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი. ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...“, – ამბობს ჩანაწერში ლევან ყიფიანი.

საინტერესოა, როგორ მოხვდა ეს ფარული ჩანაწერი „რუსთავი2-ის“ ხელში, თუმცა მედიაში მაინც ჟონავს ინფორმაცია, რომლის ანალიზიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თვალთვალისა და ფარული ჩანაწერების ომი ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არ შენელებულა. თუმცა აღნიშვნის ღირსია, რომ ყოფილი ხელისუფლება ამგვარ ჩანაწერებს შანტაჟისთვის იყენებდა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების მიმართ მსგავსი პრეტენზიები საჯაროდ არ გამოთქმულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით იგივე ფიგურანტების მონაწილეობით კიდევ ერთი (სავარაუდოდ, არაერთი) ფარული ჩანაწერი არსებობს, რომელსაც ყოფილი პრემიერი შეეწირა. როდესაც უმრავლესობის ცნობილ შეხვედრაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენონ, პასუხად, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფარული ჩანაწერის დემონსტრირება მოახდინა, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა პრემიერის კი არა, არამედ გახარიასა და წულუკიანის გადადგომა მოითხოვონ. საუბარია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩატარებულ სოლიდარობის აქციაზე.

რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ლევან ყიფიანმა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ინფორმაცია თავად ყიფიანმა გაავრცელა.

„მეგობრებო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებებს“,- წერს ყიფიანი სოციალურ ქსელში. ყიფიანი 2015 წლამდე სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის სავარძელს იკავებდა. გათავისუფლებიდან მალევე ის საპარტნიორო ფონდში გადავიდა.

როგორც ცნობილია, ყიფიანისა და ოქუაშვილის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურა მათ გამოკითხვას გეგმავს.

გამოძიების დაწყების საბაბი რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გახდა. ამ ჩანაწერში ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს 2 მილიონ დოლარს სთხოვს და ამბობს, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც კორუფციასთან კავშირი უარყო და თქვა, რომ სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი მისი სახელის გამოყენებით ცდილობდა დიდძალი თანხის ხელში ჩაგდებას.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლებას გულისხმობს.

„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და, სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე ფარულ ჩანაწერში ლევან ყიფიანმა ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია „იბერიას“ დათმობის სანაცვლოდ, „ომეგა ჯგუფზე“ დაკისრებული ფინანსური დავალიანების ჩამოწერაში დახმარება შესთავაზა.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ტელეკომპანია „იბერია“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ტელეკომპანიის წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობენ.

ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ბიუჯეტის მიმართ დაგროვილი დავალიანება გადაიხადოს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ერთადერთი კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 50 მილიონ ლარზე დიდი საგადასახადო დავალიანება აქვს დაგროვილი არის „ომეგა ჯგუფის“ შემადგენელი თამბაქოს კომპანია „ოჯთ“, მას ბიუჯეტისადმი 51 მილიონ ლარზე მეტი მართებს.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მთავრობა მათ წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა, თუმცა მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მედიის მიერ გავრცელებული განცხადება ცალსახად სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობას წარმოადგენდა.

ბრალდებები დღესაც ისმის და ამჯერად ხელისუფლებას თამბაქოს ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, თუმცა პრემიერი ბახტაძე აცხადებს რომ „ომეგა ჯგუფის“ პრეტენზიები უსაფუძვლოა.

როგორც ჩანს, ხელისუფლება მიმდინარე პროცესების შეფასებას გამოძიების დასრულების შემდეგ შემოგვთავაზებს. რაც შეეხება ოპოზიციას, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გვაქვს ობიექტური მოცემულობა - ერთი მხრივ, ხელისუფლება დაინტერესებულია და ყველაფერს აკეთებს მედია გარემოს და ტელევიზიების გასაკონტოლებლად, ხოლო მეორე მხრივ, მაღალი თანამდებობის პირები რეგულარულად მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში.

 „რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი აღძრავს ძალიან საფუძვლიან კითხვის ნიშნებს და ეჭვებს. ეს საქმე არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესების მატარებელი და ამიტომ აუცილებელია ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ ჩანაწერებზე. ოღონდ გამოძიება უნდა ჩატარდეს არა უჩა მამაცაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, როგორც ამას დღეს აკეთებს პროკურატურა, არამედ სწორედ ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სკანდალური ჩანაწერების მიუხედავად ფინანსთან მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს მოუწოდებს ბიუჯეტის დავალიანება გადაიხადოს.

„კეთილი ინებონ და ბიუჯეტში დავალიანება გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ, არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა და ეს უნდა გაჩერებულიყო. კეთილი ინებონ და გადაიხადონ“, – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

ამ გახმაურებულ საქმეზე მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერ–მინისტრმა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყოველთვის აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოში იმაზე, რომ საქართველოში იყოს დაცული მედია პლურალიზმი.

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი მთავარი გამარჯვება გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში ჩვენ მოვიტანეთ მედია პლურალიზმი და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატება. რაც შეეხება საგადასახადო კომპონენტს, რომელიც ეხება თამბაქოს ბიზნეს და კომერციულ საქმიანობას, ეს არის განსხვავებული ასპექტი. მე მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ ვისაუბრე და ეს არ არის ნამდვილად ლამაზი, როდესაც აქციონერი ცდილობს, ამ ორი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.