საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვაზე მუშაობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომერციული სექტორისთვის დედაქალაქში ბუნებრივი აირი 16 სექტემბრიდან დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება და არსებობს შანსი, რომ გაზის ტარიფი მოსახლეობისთვისაც გაიზარდოს.
ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში განსაზღვრულია აშშ დოლარში, გაცვლითი კურსით ლართან მიმართებაში 2.50 ლარი. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით კი ერთი აშშ დოლარი 2.60 ლარი ღირს.
როგორც სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე განმარტავს, გაზის ახალ ტარიფში ის კურსი იქნება ჩადებული, რაც სემეკის მიერ გადაწყვეტილების მომენტისთვის იქნება დაფიქსირებული.
„შესაბამისად, რა გავლენას მოახდეს ლარის კურსი ტარიფზე, ამისთვის უნდა დაველოდოთ ტარიფის დათვლის დასრულებისთვის არსებულ მდგომარეობას და ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენად შეიცვლება სამომხმარებლო ტარიფი ამ კომპონენტიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფი სხვა კომპონენტებისგანაც შედგება, მხოლოდ ლარის კურსის ცვლილება არ უნდა განვიხილოთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების მიზეზად. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს არსებითი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გივი სანიკიძემ.
სემეკისგან განსხვავებით, ენერგეტიკოსის გია არაბიძის პროგნოზით, მარეგულირებელ კომისიას გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება დღევანდელთან შედარებით, ლარის კიდევ 5 თეთრით გაუფასურების შემთხვევაში მოუწევს.
„თუ ლარი 2.65-იან ნიშნულს მიაღწევს, შეიძლება კომპანიებს შეექმნათ პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, თუ ეს მოცემულობა იქნება სავალუტო ბაზარზე, სემეკს მოუწევს დაფიქრდეს, ენერგოკომპანიების ტარიფთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ გია არაბიძემ.
ორიოდ დღეში თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს.
„ყაზტრანსგაზ–თბილისი“ დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც შეინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით).
ენერგოკომპანიებს სამომხმარებლო ტარიფზეც უჭირავთ თვალი. ისინი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა მოცულობის საინვესტიციო გეგმები აქვთ წარდგენილი სემეკში და ლარის ბოლო დროინდელმა გაუფასურება რა გავლენა მოახდინა მათ ხარჯებზე. ვიდრე სემეკი მათ სატარიფო განაცხადებს განიხილავს, ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაზის გაძვირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არის.
„როგორი იქნება მომავალში კურსი არ ვიცი, მაგრამ ახლა ასე რომ შენარჩუნდეს წლის ბოლომდე, არა მგონია გაძვირების საფუძველი არსებობდეს და დაანგარიშებაში რამე არსებითად შეიცვალოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა.
სემეკი ახალ ტარიფს მიმდინარე წლის დეკემბერში დაადგენს და ის ძალაში 2019 წელს შევა.