ლედი ინვესტიცია ჰო ჩინი

ლედი ინვესტიცია ჰო ჩინი

[მოამზადა გოჩა ქიმიცაძემ]

სინგაპურული საინვესტიციო კომპანია Temasek Holdings-ის ხემძღვანელი ჰო ჩინი პირდაპირი გამოხატულებაა ახალი აღმოსავლური ფულის, რომელიც დასავლეთის საფონდო ბაზარს წალეკვით ემუქრება. იგი არა მარტო სინგაპურის „რკინის ლედი“, უძლიერესი საინვესტიციო ფონდის მმართველი და მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ქალად აღიარებული ადაიანია, არამედ, ამ პატარა აზიური სახელმწიფოს პირველი ლედი, მისი პრემიერ-მინისტრის მეუღლეა.

Who is Ho

ერთხელ, 58 წლის ჩინის მეგობარმა თქვა, რომ Temasek Holdings-ის მმართველის მთავარი ღირსება ის არის, რომ მას რისკი უყვარს და ამგვარად იგი წარმატებას ყოველთვის აღწევს. თავისი პირველი რისკიანი არჩევანი ჰომ 1985 წლის ბოლოს გააკეთა, როცა სინგაპურის თავდაცვის სამინისტროში რიგით ინჟინრად მუშაობდა და მინისტრ ლი სიან ლუნს, რომელიც ამასთან ნაციის მამის და ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი აზიელი პოლიტიკოსის ლი კუან იუს ვაჟი იყო, ცოლად გაჰყვა. საქმე მარტო ის კი არ იყო, რომ ჰო მომავალი მეუღლის ტოლ-სწორი არ იყო, უბრალოდ, ქვეყნის პირველი ოჯახის წევრობა მართლაც რისკია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ლი სიან ლუნის პირველმა მეუღლემ, როგორც ბოროტი ენები ამბობდნენ, 1982 წელს თავი მოიკლა.

მაინც რა არის ამ თითქოს ჩვეულებრივ ეთნიკურ ჩინელში განსაკუთრებული? მწირი ოფიციალური ბიოგრაფიიდან ამას ვერ გავიგებთ. ცნობილია მხოლოდ, რომ იგი დაიბადა 1953 წლის 1 მაისს, 1976 წელს წარჩინებით დაამთავრა სინგაპურის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, რის შემდეგაც ხარისხი სტენფორდის

უნივერსიტეტში დაიცვა. თავისი კარიერა მან თავდაცვის სამინისტროში დაიწყო, სადაც გაიცნო კიდევ მომავალი მეუღლე.

2002 წლამდე მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ჰო სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, კომპანია Singapore Technologies Group-ის ხელმძღვანელი იყო. და ამ დროს სენსაცია მოხდა: სინგაპურისა და აზიის უმსხვილესი კომპანიის Temasek Holdings-ის თავმჯდომარემ ქალბატონ ჩინს სთხოვა კომპანიისათვის ეხელმძღვანელა.

აზიური დრაკონი

რომ გავიაზროთ, თუ რა პასუხისმგებლობა იტვირთა ჰომ, Temasek Holdings-ის შესახებ ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას. 1974 წელს თვით ლი კუან იუმ ფინანსთა სამინისტროსთან დააარსა ჰოლდინგური კომპანია, რომელიც თითქმის ყველა სახელმწიფო კომპანიის აქტივებს ფლობდა. იმ დროს სინგაპური საკმაოდ ღარიბი და კორუფციის ჭაობში ჩაძირული ქვეყანა იყო. სახელმწიფო ინვესტფონდის საშუალებით იუს სურდა დაბალრენტაბელური საწარმოები წელში გაემართა და თანაც კორუფციას შებრძოლებოდა. ამასთან, ჰოლდინგის ფარგლებში შეიქმნა რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი - სინგაპურის განვითარების ბანკი, რომელსაც სახელმწიფო რეზერვების განკარგვის უფლება ჰქონდა.

ამგვარმა სტრატეგიამ გაამართლა, სახელმწიფო აქტივების მართვის თითქმის კერძო სტილმა დადებითი შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, შეიქმნა უცხოური ინვესტიციებს მოზიდვისათვის ხელსაყრელი გარემო. შედეგად, თავისი 34 წლიანი არსებობის მანძილზე ჰოლდინგმა, საშუალოდ, წლიურ 18 პროცენტიან ზრდას მიაღწია, რაც ბევრი კერძო საინვესტიციო ფონდისათვის მიუღწეველი შედეგია.

გასული წლის მონაცემების მიხედვით, Temasek Holdings-ის პორტფელის ღირებულებამ 108 მილიარდ დოლარს მიაღწია. კომპანიის გაფურჩქვნაში უდიდესი წვლილი ჰო ჩინმა შეიტანა, რომელიც მას 2002 წლიდან თავკაცობს და ამ ხნის განმავლობაში ჰოლდინგის მუშაობის სტილი მკვეთრად შეცვალა.

კერძოდ, ჰომ ფონდის დივერსიფიკაცია განახორციელა. მისი სტრატეგიის მიხედვით, პორტფელის მესამედის ინვესტირება სინგაპურში, მესამედის აზიაში, კიდევ ერთი მესამედის ინვესტირება კი დანარჩენ მსოფლიოში უნდა მოხდეს. შედეგად, ფონდი ფლობს ისეთ რეგიონალურ გიგანტებს, როგორებიცაა Singapore

Telecom, Singapore Airlines, DBS, Singapore Technologies და ა.შ.

გარდა ამისა, Temasek Holdings-ის საკუთრებაშია მსხვილი საერთაშორისო კომპანიების აქციები. მათ შორისაა ტაილანდური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Shin, რუსული „მტს“, ჩინური Bank of China, იპოთეკური კრიზისისაგან დაზარალებული ამერიკული Citigroup, ბრიტანული Barclays და ა.შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ დროისათვის Temasek Holdings-ის აქტივების 38 პროცენტი სინგაპურშია აკუმულირებული, 40 პროცენტი დანარჩენ აზიაში და 22 პროცენტი დანარჩენ მსოფლიოში.

ცხადია, ჰო ჩინი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მას სურს დასახულ მიზანს მიაღწიოს და Temasek Holdings მსოფლიო ლიდერად აქციოს. აღსანიშნავია, რომ ბევრი დასავლელი ფინანსისტი სინგაპურულ ფონდს გვარიანად უფრთხის.