„30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად“

„30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად“

გიორგი გახარია ცდილობს ოპონენტები დაარწმუნოს, რომ სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შსს–ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. შს მინისტრის განცხადებით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას აძლევს სამინსიტროს ეფექტურად ებრძოლოს არალეგალურ მოხმარებას და მარიხუანის მოხმარების წახალისებას.

მინისტრის განმარტებით, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების შედეგად, შსს–ს როგორს სამართალდამცავ ორგანოს უნდა მოეხდიან რეაგირება. ყველა სახის თავშეყრის ადგილზე მარიხუანის მოხმარება იქნება დასჯადი. მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ პირად სივრცეში. 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში გახდება სისიხლის სამართლით დასჯადი.

„ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შსს–თვის რა არის მთავარი?! – იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას“, – აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც მინისტრი ამბობს, პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში თუ შეძლებენ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მაშინ პირიქით - მოეხმარება.

„ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირებასთან დაკავშირებით შსს–ს ინციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეხმაურება. ზაზა თავაძეს განცხადებით, სასამართლო არ შედის რეგულაციების შესახებ დისკუსიაში. ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი საჭიროების შემთხვევაში არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს.

„საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს მისაღები ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით ბოლომდე მივიყვანოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება და დავიცვათ ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

გიორგი გახარიას კანონპროექტს ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე თვლის, რომ უნდა შეიქმნას საწარმო, სადაც პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მარიხუანას გადამუშავება საქართველოშივე მოხდება.

დეპუტატის განმარტებით, პარლამენტი კანაფის მოყვანა–კულტივაციის ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მისი გადამუშავება საქართველოშივე მოხდება და ამ მიზნით სპეციალური საწარმო შეიქმნება.

„ექსპორტზე ნედლი მარიხუანას გატანაზე საუბარი არ არის. აქ უნდა გადამუშავდეს ნახევარფაბრიკატის, ან საბოლოო პროდუქტის სახით – იქნება ეს ეთერზეთები, მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. უნდა მოხდეს კანაფის გადამუშავება და შემდგომ გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტი. ეს დეტალები ჯერ გადაწყვეტილი და კანონპროექტში ჩაწერილი არ არის.

კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. პრინციპების დონეზე გვითხრეს, რომ მისაღებია პრინციპი, რაც ახლა დავასახელე. საქართველოდან ნედლი მარიხუანას ექსპორტზე საუბარი არ არის და ინიციატივას ამიტომაც ვუჭერ მხარს“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

გახარიას ინციატივას მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორები“. როგორც გიგა ბუკია აცხადებს, ისინი არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სერიამ წარმოშვა ის რეალობა, რამაც შსს–ს მიერ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, საკანონმდებლო ვაკუუმი შექმნა. ადამიანები მარიხუანას ნებისმიერ ადგილას დაუსჯელად მოიხმარენ და ამის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ადეკვატური და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ მინახავს და არ წამიკითხავს პროექტი, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შემოდის“, – ამბობს გიგა ბუკია.

პარალეურად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ორი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს დაუჭირა მხარი, რომლებიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აპირებს. საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზნებთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის ყოფილმა წევრმა კობა დავითაშვილმა გააკეთა.

„ვერც ერთმა მოსამართლემ მსოფლიოში ვერ იკადრა დაეწერა, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის კონსტიტუციური უფლება. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ იკადრა. თვით უზენაეს სასამართლოსაც კი აქვს უფლება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი მხოლოდ ერთსაფეხურიანია, რაც ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კანაფის მოყვანა–კულტივაციაზე და მოხმარების საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები, რომელთა შეფასებით, მცდარია მოსაზრება იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის საფრთხის შემცველი. ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარება, განსაკუთრებით სახიფათოა 21 წლამდე ადამიანისათვის, ვინაიდან ამ ასაკში ხდება ტვინის ფორმირება.

„მარიხუანას ცალკეულმა, ერთჯერადად მოხმარებამაც კი ცალკეულ პიროვნებაში შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოზი, როგორც უკიდურესი ვარიანტი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი შერბილებული ვარიანტები, როგორიცაა – პანიკური რეაქციები პარანოიალური განწყობა და ა.შ. შესაბამისად, დიდი სიფრთხილეა საჭირო მარიხუანას მოხმარების მხრივ. ამიტომ, მივესალმები იმ შეზღუდვებს, რომლებიც დაწესდება“, – აცხადებს გვანცა ფირალიშვილი.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საკითხი რამოდენიმე ასპექტისგან შედგება. ერთ–ერთი ფრაგმენტი არის ის, რამდენად მოხერხდება წარმოების დაცვა იმისგან, რომ არ გაიფანტოს პროდუქცია.

„შს სამინისტრო ირწმუნება, რომ მოვახერხებთო. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ 30 წელია ვებრძვით ნარკომანიას, ნარკოტიკების შემოსვლას საქართველოში და ვერ მოვახერხეთ. საქართველო ჩამოყალიბდა არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად. ასეთი წინაისტორიის ფონზე არ გიჩნდება ადამიანს იმის განცდა, რომ მოხდება ისე დაცვა, რომ მსურველებს ხელი არ მიუწვდება“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, ჩვენ რომ გვქონდეს თავბრუდამხვევი წარმატება ნარკომანიასთან ბრძოლაში და საქართველოს საზღვრებს ნარკოტიკები ვერ ლახავდეს, მაშინ იმის დაჯერებაც შეიძლება, რომ სამართალდამცავი სისტემა საქართველოში წარმოებული ნარკოტიკული საშუალება არ გავრცელდება.

„აქამდე ნარკოტიკები მოძრაობდა საზღვარზე, საზღვარზე, რომლის დაცვა გაცილებით უფრო სერიოზულ ძალებს ითხოვს, ვიდრე წარმოების დაცვა და ეს აჩენს ეჭვს. საერთოდ რა იმდენი მოგება ექნება მის კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებებში გამოყენებას, რამხელადაც პოლიტიკურად წამგებიანია ეს საკითხი? მოსახლეობა ააღელვა ამ საკითხმა და პრაქტიკულად არც შემხვედრია ადამიანი, რომელიც თავდაჯერებით ამბობდეს, რომ კი, გასაკეთებელიაო.

გაჩნდება კითხვები, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და აგერ ოპოზიციის ლიდერი ჰქვია რომან გოცირიძეს, რომელმაც დასვა საკითხი, რომ ეტყობა ვიღაცის ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება უნდათ და იმიტომ აკეთებენო. ქვეყანას ის 2 თუ 3 მილიონი, რაც რეალურად შეიძლება შემოვიდეს ამ წარმოებით, ბევრს არაფერს მისცემს. მაგალითად მოჰყავთ ამერიკის მაგალითი, რომ 1 მილიარდი შეიტანა ბიუჯეტშიო, მაგრამ ლაპარაკი არ არის მასშტაბებზე. ამერიკისა და საქართველოს მასშტაბებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ამიტომ ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს, რატომ? რა ხდება? რატომ იყო აუცილებელი ამ საკითხის დაძვრა?!“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.