მთავრობამ წარმოადგინა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა და ეს ზღვარი 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება. რას მოუტანს ახალი შეზღუდვა ბიზნეს და მოსახლეობას? მთავრობა ირწმუნება, რომ ეს კრედიტებსა და დოლარიზაციაზე დამოკიდებულებას შეამცირებს, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ფინანსისტები.
აკრძალვა იურიდიულ პირებსა და სხვა სუბიექტებზე, მათ შორის ამხანაგობებზეც გავრცელდება. ამასთან, ლარიზაციის კამპანიის ფარგლებში, პრემიერმა ლიზინგით საქონლის შეძენის პროცესში ახალი შეზღუდვაც დაანონსა. საუბარია სალიზინგო ნივთის ღირებულების ლარში განსაზღვრაზე.
„ამით დავაზღვევთ რისკებს, რომელიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა 2016-17 წლებში. ჩვენი ამოცანაა საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი გარე რისკების მიმართ“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე.
ეს გაგრძელებაა იმ გეგმისა, რომელიც 1 წლის წინ შემუშავდა. ჯერჯერობით უფრო მეტად ამ ზღვარის გაზრდა აღარ იგეგმება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ამბობს, რომ ზედა ზღვრის კიდევ უფრო აწევა საჭირო აღარ არის, რამდენადაც ის მოიცავს სამიზნე სექტორს სრულად - ფიზიკური პირების მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებს.
„100 ათას ლარზე ზღვარის შემოღება იყო შუალედური მიზანი და თავიდანვე იყო დაგეგმილი, რომ გადაიხედებოდა ეს ზღვარი. ჩვენ მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა 100 ათას ლარამდე ზღვრის შემოღებამ შედეგს მიაღწია და დოლარიზაციის მაჩვენებელი 45%-ზე დაბლა ჩამოვიდა ფიზიკური პირების შემთხვევაში.
ჩვენი მიზანია, დოლარიზაციის მაჩვენებელი ფიზიკურ პირებზე ჩამოცდეს 30%-ს, თანაც მალე. ამიტომ აღნიშნული ამბიციური მიზნის მისაღწევად დაიგეგმა აღნიშნული რეფორმა.
ზღვრის აწევას, ალბათ, აღარ უნდა ველოდოთ. ეს ზღვარი მოიცავს მიზნობრივ სეგმენტს, რომლის ლარიზაცია გვინდოდა. ეს არის იპოთეკური სესხების სეგმენტი. 200 ათასი ლარი, პრაქტიკულად, მოიცავს იპოთეკური სესხების სეგმენტს, ამიტომ არ ვთვლი, რომ უნდა ველოდოთ 200 000-იანი ზედა ზღვრის კიდევ აწევას“, - აღნიშნა გაგუამ.
ფინანსისტები მთავრობის ინიციატივას არ იწონებენ. ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილის შეფასებით, საკრედიტო თანხის ლიმიტირებით მთავრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, რაც მცირე მეწარმოებას განვითარების შანსს უსპობს.
„საკრედიტო პოლიტიკა მოთხოვნას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უნდა მოერგოს. სასესხო ზღვარი, რაც ამ შემთხვევაში შესაძლოა დაწესდეს, მხოლოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. ერთს ამბობენ და საპირისპიროს აკეთებენ. თითქოს დაანონსებულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება და ამასთანვე მინიმალურ ლიმიტს ზრდიან. ეს ცუდად იმოქმედებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, რომელიც სესხს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად ითხოვს.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რა გადაწყვეტიელბაც მიიღეს, არის მავნებლობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რადგან ყოველგვარი განვითარების შესაძლებლობას უსპობენ მცირე და საშუალო ბიზნესს. საბოლოოდ კი, ჩრდილოვანი ბაზრის, მევახშეობის განვითარებას აძლევენ სტიმულს და ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია. მსგავსი გადაწყვეტილება ყოველთვის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ხომიზურაშვილმა.