ურნალი „ფორბსის“ პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში LNM Group-ის მეპატრონე, ინდოელი ლაკშმი მიტალი 28,7 მილიარდი დოლარით მეხუთე ადგილზეა. მისი ქონება წლიდან წლამდე ლამის გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და რომ არა გლობალური კრიზისი, ბევრი თვლის რომ იგი სულაც პერველი იქნებოდა.
ოჯახური ბიზნესი
ციფრული ტექნოლოგიების გაფურჩქვნის ხანაში ფოლადი კვლავინდებურად სტრატეგიულ ნედლეულად რჩება. ამიტომაც არის, რომ მის წარმოებას ყველა ქვეყნის მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს და ეროვნული მეტალურგიული წარმოებების გაყიდვას ერიდება. თავის მხრივ, ფოლადგადამამუშავებელი ბიზნესი ნაკლებად ისწრაფვის უცხოეთში ექსპანსიისაკენ. ამ ფონზე ნიდერლანდების ანტილიის კუნძულებზე რეგისტრირებული და ლონდონიდან და როტერდამიდან
მართული კორპორაცია LNM Group გამონაკლისი გახლავთ. მისი ბიზნესი მსოფლიოს 15 ქვეყანაშია გავრცელებული. ყველაფერ ამას კი ერთი ადამიანი, კომპანიის დამაარსებელი და მეპატრონე, ლონდონელი ინდოელი ლაკშმი მიტალი აკონტროლებს, რომელმაც მამამისის პატარა ფირმა უმსხვილეს, ტრანსნაციონალურ კომპანიად აქცია.
ინდოეთის დასავლეთით, პაკისტანის საღზვრის მახლობლად ტარის უდაბნო მდებარეობს, რომელსაც რაჯასტანის შტატის დიდი ნაწილი უკავია. სწორედ აქ, უდაბნოს საზღვართან მდებარეობს შეკჰავატის მხარე, მარვართა სამშობლო, რომლებსაც ევროპელები თავის დროზე ინდოელ ებრაელებს ეძახოდნენ.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მარვართა ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი მიტალების ოჯახი ყარაჩიში ჯართით ვაჭრობდა. 1947 წელს ქვეყნის ინდოეთად და მუსულმანურ პაკისტანად გახლეჩის შემდეგ მიტალები ჯერ რაჯასტანში გადასახლდნენ, სადაც 1950 წელს ოჯახის თავკაცს მოჰან ლალ მიტალს უფროსი ვაჟი ლაკშმი ნარენდრა შეეძინა, შემდეგ კი კალკუტაში გადაბარგდნენ. იქ მოჰან ლალმა ორ კომპანიონთან ერთად ფოლადისმდნობელი ქარხანა შეიძინა და სამშენებლო მასალების წარმოება დაიწყო.
ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში ფოლადის გადადნობა მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს შეეძლო. მაგრამ ისინი ამას თავს ვერ ართმევდნენ, რის გამოც 60-იანი წლების ბოლოს მთავრობა ფოლადის დეფიციტმა შეაწუხა და ამ სფეროში კერძო სექტორი უხალისოდ შეუშვა. ამით ერთ-ერთმა პირველმა მოჰან ლალ მიტალმა ისარგებლა. მან თავის ოთხ უმცროს ძმასთან ერთად დააარსა კომპანია Ispat (სანსკრიტულად ფოლადი) და ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კალკუტიდან 1000 კმ-ით დაშორებით მდებარე საპორტო ქალაქ ვაშაკხაპატნამში მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
ახალგაზრდა ნოვატორი
ამ დროისათვის ლაკშმი მიტალმა კალკუტას კოლეჯი დაამთავრა და ადგილობრივ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. თუმცა, 1970 წელს, 19 წლის ასაკში სწავლის მიტოვება მოუხდა, რომ მამას და ბიძებს ბიზნესის გაძღოლაში დახმარებოდა. იგი უმალ აქტიურად ჩაერთო კალკუტასა და ბანგალორში კომპანიის კიდევ ორი, ახალი ქარხნის მშენებლობაში, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა საექსპორტო ოპერაციებს.
ინდოეთის მთავრობამ Ispat-ის დაარსებას როგორც ბიძგი მისცა, მისი განვითარება ისევე შეაფერხა. მოჰან ლალ მიტალი თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი მეტალურგიული კომპანიის შექმნაზე ოცნებობდა, მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფომ კერძო სექტორის შევიწროვება დაიწყო. ბიუროკრატიულ მექანიზმთან რამდენიმეწლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ მოჰან ლალ მიტალმა ყველა ქარხანა გაყიდა და ოჯახით ონდონეზიაში გადაბარგდა. სუბარაიში თავის ძველ ბიზნესპარტნიორებთან ერთად 1975 წელს 15 მილიონ დოლარად მშენებარე მეტალურგიული ქარხანა შეიძინა და ერთი წლის შემდეგ იტალიური ტექნოლოგიით მავთულის გამოშვება დაიწყო. ამ საწარმოს დირექტორი ლაკშმი მიტალი გახდა.
ინდონეზიური ბაზარი ინდურისაგან დიდად განსხვავდებოდა. ახალ გარემოში მიტალების ოჯახურ ბიზნესს სერიოზულ კონკურენციას უწევდა უამრავი უცხოური კომპანიის ფილიალები. კონკურენციის დასაძლევად ლაკშმის ინიციატივით იაპონური ტექნოლოგიის ათვისება და ძალიან მსხვილი საწარმოო კომპლექსის აშენება გადაწყდა. მისი იდეის განხორციელებამ Istar ინდონეზიური ფოლადის ბაზრის ლიდერად აქცია. 1985 წლისათვის კომპანიამ თავისი ნაწარმის უცხოეთში, კერძოდ აზიის მახლობელ ქვეყნებში ექსპორტი დაიწყო. ამ პერიოდში მიტალმა იაფი ნედლეულის ტრინიდადიდან შემოტანა გადაწყვიტა, რაც ძლიერ მომგებიანი სვლა და მიტალის მომავალი ტრანსნაციონალური იმპერიის შექმნისაკენ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა.
მოკლედ, მოჰან ლალ მიტალის ოცნება ახდა. კომპანია სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1989 წელს Istar-მა თავისი ტრინიდადელი პარტნიორი, სახელმწიფო კომპანია Iscott შეიძინა. ჭკვიანმა ბიზნესმენმა ტრინიდადში დიდი ქარხნის აშენება გადაწვიტა, რაც მას აზიურთან ერთად ამერიკულ ბაზარზე გასვლას გაუადვილებდა. ახალი პროექტის წარმატებას ხელი ნედლეულის ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებამ, ადგილობრივი მუშახელის სიიაფემ და აშშ-ს მთავრობის მიერ პროტექციულ პოლიტიკაზე უარის თქმამ და ბაზრის გახსნამ შეუწყო.
შეიძლება ითქვას, სწორედ ტრინიდადში ჩამოყალიბდა ლაკშმი მიტალის ძირითადი ბიზნესმოდელი, რომელმაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გლობალიზაცია ინდურად
იაფი, წამგებიანი საწარმოს შეძენისა და მომგებიანად ქცევის ტრინიდადური გამოცდილება მიტალმა შემდგომში არაერთხელ გამოიყენა. მან ჯერ სერიოზული ინვესტიცია განახორციელა მექსიკაში, შემდეგ კი, 1992 წელს ვალების დაფარვის ვალდებულების ჩათვლით 220 მილიონ დოლარად ნორვეგიული კომპანია Sicarsta-ს
აქციების 50% შეიძინა. მისი სიმძლავრე წელიწადში 2,2 მილიონ ტონა იყო, თუმცა, იქამდე მხოლოდ 40%-ის დატვირთვით მუშაობდა. ახალ ქარხანაში მიტალმა თავისი მენეჯმენტი დანერგა, მაღალი დონის სპეციალისტები მოიწვია, პერსონალის ნაწილი გაანთავისუფლა და მათ იაფი ინდოელი და ტრინიდადელი მუშები ჩაანაცვლა და შენაძენმა უმოკლეს ვადაში მოგების მოტანა დაიწყო.
ამის შემდეგ მიტალმა მზერა კანადისაკენ მიმართა და 1994 წელს კვებეკის პროვინციაში მდებარე მეტალურგიული ქარხანა Sidbec 318 მილიონ დოლარად შეიძინა. აქედან, 48 მილიონი თავად ქარხანა დაუჯდა, 80 - საინვესტიციო ვალდებულებები, 190 კი ვალების დაფარვა. მიტალის ამგვარი პოლიტიკის წყალობით, 1995 წლისათვის Istar-ის წლიურმა მოგებამ 70 მილიონი დოლარი შეადგინა. ცოტა ხანში მიტალმა ისევ ევროპას მოაშურა და გაკოტრების პირას მყოფი სამი გერმანული მეტალურგიული ქარხანა შეიძინა.
1996 წელს Istar-მა კიდევ ორი მსხვილი, ერთი შეხედვით ავანტიურული პროექტი განახორციელა. მიტალმა ჯერ სიმბოლურ 1 ფუნტად და 80 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დაფარვის გარანტიით ირლანდიის საპორტო ქალაქ კორკში მდებარე ქარხანა Irish Steel შეიძინა. თუმცა, კონტრაქტის მიხედვით 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შემცირების აკრძალვამ და ევროკომისიის მიერ წარმოების გაფართოების შეზღუდვამ მიტალს თავისი პოლიტიკის გატარება გაუძნელა. საბოლოოდ, მიტალმა კორკული ქარხანა მომგებიანად ფართო ასორტიმენტის, მათ შორის ძველი ბრიტანული სტანდარტების პროდუქციის გამოშვებით აქცია.
მეორე რთული პროექტი ყაზახური, ქალაქ ყარაგანდში მდებარე მეტალურგიული კომბინატის შეძენა გახლდათ, რომელიც ასევე სახელმწიფო საწარმო იყო, მეტად ძველი ტექნოლოგიით მუშაობდა და თანაც უახლოესი პორტიდან ძალიან დიდი მანძილით იყო დაშორებული, რაც მისი პროდუქციის ბაზარზე გატანას აძნელებდა. წელიწადში 6 მილიონი ტონის სიმძლავრის ეს ქარხანა, რომელშიც 30 ათასამდე ადამიანი მუშაობდა, Istar-ს თითქმის მილიარდ დოლარამდე დაუჯდა. თანაც, ამაში არ შედიოდა ქარხნის ვალების დაფარვა, რაც მიტალისათვის არავის მოუთხოვია და დღემდე არც გადახდილა.
მიტალმა ყაზახეთშიც თავისი მენეჯმენტი დანერგა, ტექნოლოგია განაახლა, ორი წლის განმავლობაში 10 ათასამდე სამუშაო ადგილი უმოწყალოდ შეამცირა და ხუთი წლის განმავლობაში 500 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად, ყახახური ქარხანა მალე Istar-ის ერთ-ერთ მთავარ სტრუქტურულ ნაწილად იქცა.
მსოფლიო ელიტაში
1997 წელს Istar-მა 10,9 მილიონი ტონა ფოლადი გადაადნო, რითაც კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებლებს შორის მოხვდა, მაგრამ ბიზნესელიტაში ლაკშმი მიტალს სერიოზულად რატომღაც მაინც არავინ აღიქვამდა. ბევრი სპეციალისტისათვის იგი 1994 წელს ინდონეზიიდან ლონდონში გადარეგისტრირებული კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელიც უმეტესწილად მესამე სამყაროს წამგებიან საწარმოებს ნთქავდა.
ელიტაში შესაბიჯებლად მიტალმა აშშ-ს ბაზარზე გავლენის განმტკიცება გადაწყვიტა. ამისათვის მან ვენესუელური კომპანია Sidor-ის შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ კარაკასში პირადად ჩასულს 2,3 მილიარდი ძალიან ეძვირა და ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, იქ მან გაიცნო აშშ-ს უმსხვილესი მეტალურგიული კომპანია Inland Steel-ის გენერალური დირექტორი რობერტ დარლანი.
ორმა ბიზნესმენმა ერთმანეთს იოლად გაუგეს და საერთო ინტერესებიც გაუჩნდათ, რაც მალე შერწყმის შესახებ მოლაპარაკებებში გადაიზარდა. 1998 წელს ხელშეკრულების გააფორმების შემდეგ Istar მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ფოლადის მწარმოებელ კომპანიად იქცა.
მართალია, Inland Steel-ში მიტალმა დიდძალი თანხა - 1,43 მილიარდი დოლარი გადაიხადა, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი გასროლით სამი კურდღელი მოკლა: ელიტაში შებიჯებასთან ერთად, Istar Group ამერიკულ ბაზარზე გაბატონდა და თანაც, თავისი ასორტიმენტი უმაღლესი ხარისხის, ავტოწარმოებაში გამოყენებადი ფურცლოვანი ფოლადით შეავსო.
ამ დროისათვის მიტალმა კომპანიის აქციების ბირჟაზე გატანა გადაწყვიტა, რასაც რეორგანიზაცია მოჰყვა. ნიდერლანდების ანტილიის კუნძულებზე დარეგისტრირდა კომპანია LNM Group, რომლის მფლობელობაში გადავიდა სააქციო საზოგადოებად გადაკეთებული Istar International-ის აქციების საკონტროლო პაკეტი. ამგვარად, სააქციო საზოგადოებებისა და მრავალეროვნული კორპორაციების სამყაროში მიტალი მილიარდობით ბრუნვის მქონე კომპანიის ერთადერთი ერთპიროვნული მეპატრონე გახდა.
ობშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია ლონდონიდან და როტერდამიდან იმართება, მაგრამ ინგლისსა და ჰოლანდიაში ერთ ტონა ფოლადსაც არ აწარმოებს. LNM ბრიტანულ კომპანიად მოიხსენიება, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ხაზინას გადასახადს არ უხდის. ყოველივე ამის გამო LNM Group არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკეს. 2002 წელს კი მიტალი გრანდიოზული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: მავანმა ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ LNM Group-ის მიერ რუმინეთში განხორციელებულ ინვესტირებას თვით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ლობირებდა. ალბათ ამიტომ შესწირა საპარლამენტო არჩევნებისას ინგლისის ლეიბორისტული პარტიას მიტალმა 250 ათასი გირვანქა სტერლინგი.
საერთოდ, ამ და შემდგომ პერიოდში მიტალმა აღმოსავლეთ ევროპაში არაერთი ინვესტიცია განახორციელა. მის იმპერიას შეუერთდა ჩეხური, პოლონური და უკრაინული უმსხვილესი მეტალურგიული კომბინატები. გარდა ამისა, LNM Group-მა ფეხი მოიკიდა აფრიკაში, კერძოდ, შეიძინა ქარხნები ალჟირში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ასე რომ, ამ დროისათვის მიტალი ფოლადს უკვე ოთხ კონტინენტზე აწარმოებს და მისი უმსხვილესი მეტალურგიული კომპანია მსოფლიო ბაზრის 30%-ს აკონტროლებს.