„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რუსეთს აწყობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რუსეთს აწყობს

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პრეზიდენტის პოსტზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, რომელიც საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისათვის მხარდაჭერის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, ამ თემაზე საზოგადოებას საკუთარი პოზიცია ჰქონდა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას დაადასტრურებდნენ.

მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, ან საარჩევნო პროცესს სულაც განერიდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უკვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ის პროდასავლური პოლიტიკოსია“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი მმართველმა გუნდმა კანდიდატს, რომლის პოზიციაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ კი აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ევროპული მენტალობა, დამოკიდებულება ევროპული კულტურის მიმართ, დამოკიდებულება ჩვენი დიასპორის მიმართ. 

„ეს ის საკითხებია, რაც პრეზიდენტს უშუალოდ ეხება. სალომე ზურაბიშვილს თავისი ბიოგრაფიიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, შეუძლია ეს საკუთარ თავზე აიღოს და ღირსეულად განახორციელოს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ისე იქნება ფორმულირებული, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღები იყოს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის მხარდაჭერა ზურაბიშვილს არ ექნებოდა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას“, არამედ ესიამოვნება რუსეთს.

„დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეუძლებელი იყო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, თითქოს სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატურა. მისი თქმით, ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, პრინციპულობა და მიუკერძოებლობაა.

როგორც ექსპერტი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, „ოცნებამ“ ზურაბიშვილზე არჩევანი იმის გამო გააკეთა, რათა აკონტროლოს მართალია, კონკრეტულ შინაარსს გამოცლილი, მაგრამ საყოველთაო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად გამწესებული პირი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული პოლიტიკური პრობლემების შექმნა შეუძლია“.