იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვალა, პურის მწარმოებლები პროდუქტს გააძვირებენ. ეს პროცესი რეგიონებში უკვე დაიწყო კიდეც და რამდენიმე რაიონში პური 5-10 თეთრით გაძვირდა. პრობლემა ფქვილის მაღალი ფასი და ხორბლის შემოტანაზე დაწესებული შეზღუდვებია.
კომპანია „იფქლში“ აცხადებენ, რომ ისინი ჯერჯერობით ახერხებენ არსებული ღირებულების შენარჩუნებას მარაგების ხარჯზე, თუმცა ნედლეულის გაძვირების შემთხვევაში მოუწევთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის გაძვირება.
„მსოფლიო ბაზარზე წელს ხორბალზე ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც თავისთავად ქართველი მწარმოებლებისთვისაც აძვირებს ბაზარზე ნედლეულის ფასს. ამას გარდა, ლარის გაუფასურება, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა კიდევ უფრო ართულებს მწარმოებლებისთვის არსებულ სიტუაციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე საკმაოდ მძიმე სიტუაციაა.
მცირე მეწარმეების ნაწილმა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში უკვე გაზარდა მზა პროდუქტზე ფასი. მიუხედავად ამისა, ჩვენს კომპანიას აქვს რამდენიმე კვირის მარაგი, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქტზე შევინარჩუნოთ არსებული ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვალა უკეთესობისკენ, ვფიქრობთ, პურის მასიურ მწარმოებლებსაც მოგვიწევს ბაზარზე პურის ფასის გადახედვა“, - განუცხადეს „ბიემს“ კომპანიაში.
რეგიონებში კი ფასი უკვე გაიზარდა. ლაგოდეხში ერთი ლავაში 60-ის ნაცვლად, უკვე 70 თეთრი ღირს. ამ დროისთვის პური ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაზრდილია ფქვილის ღირებულება. მომხმარებლებმა ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა პურის საყიდლად მაღაზიასა ან საცხობში მივიდნენ.
ლაპარაკია პურზე, რომელიც შეფუთვის გარეშე იყიდება და ლაგოდეხში ცხვება. ადგილობრივ მცხოვრებთა განცხადებით, პური, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ 60 თეთრად შეიძინეს, ახლა 70 თეთრი ღირს. ლაგოდეხში გამოკითხული რიგითი ადამიანების ნაწილი პურის გაძვირებას „კატასტროფულ ამბად“ მიიჩნევს.
რამდენიმე დღის წინ პური გაძვირდა ახალციხეშიც დიდიმამიშვილის ქუჩაზე არსებული საცხობის დირექტორი იური მელიქიძე ამბობს, რომ აქამდე პურს 55 თეთრად ყიდდა, ახლა კი მისი ფასი 65 თეთრია.
პურის ფასი ქალაქში მოქმედმა თითქმის ყველა საცხობმა გაზარდა. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე თონეა, თუმცა თონეებშიც ამბობენ, რომ პურის ფასს უახლოეს დღეებში აუცილებლად გაზრდიან.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფქვილსა და ხორბალზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. 1 ტომარა ფქვილის ფასი თვეში 36 ლარიდან 45 ლარამდე ავიდა. საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას თქმით, ბოლო 3 წელია საქართველო უმეტესწილად რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. მსოფლიო ტენდენციებისა და ლარის კურსის გათვალისწინებით, ფასი გაზრდილია, რამაც შესაძლოა, უახლოეს მომავალში პურის ღირებულების ზრდაც გამოიწვიოს.
„ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, საკუთარი ხორბალი დაახლოებით 10% გვაქვს მთლიანობაში. იმპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში, ძირითადად, ხორციელდება რუსეთიდან. მსოფლიო ტენდენცია აისახა რუსეთზეც, სადაც 30%-ით შემცირდა მოსავალი, ამან გამოიწვია ფასის ზრდა.
გარდა ამისა, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 18 პუნქტით გაუფასურდა, რაც სერიოზული ფაქტორია, რადგან ხორბალს დოლარში ვყიდულობთ. ფქვილის კალკულაციაში 90% ხორბალს უჭირავს, შესაბამისად, ეს გარკვეულწილად აისახა ფასზე.
ამ ფაქტორებმა უკვე იმოქმედა, თუმცა ახალი ტალღა იქნება თუ არა, არ ვიცით. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რუსეთის მთავრობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს ექსპორტის კვოტირება თუ ექსპორტის გადასახადი. ასევე რა სასტარტო ფასი ექნება ყაზახეთს, რაც 15 დღეში დადგინდება“, - განაცხადა სილაგავამ.
გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში სახმელეთო გზით ხორბლისა და ჭვავის შემოტანა აიკრძალა. ამის გამო 1 ტონა მარცვლეულის ღირებულება დაახლოებით 25 დოლარით გაძვირდა. 15 სექტემბრიდან იზრდება კომერციული გაზის საფასური და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება პურპროდუქტების თვითღირებულებაში.