ვის სურს ევრო

ვის სურს ევრო

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ევროს ზონაში შესვლის კანდიდატმა ბევრმა ქვეყანამ ფიქრი დაიწყო, საერთოდ ღირს თუ არა ერთიანი ევროპული ვალუტის გავრცელების არეალში შებიჯება. ისინი გვარინად დააფრთხო ევროპელი მარეგულირებლების მიერ საბერძნეთისათვის თავსმოხვეულმა „ქამრის მოჭერის“ პროგრამამ, რასაც დიდი არეულობა მოჰყვა.

საერთოდ, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ საბერძნეთი რომ ევროს ზონის წევრი არ ყოფილიყო, კრიზისს თავიდან აიშორებდა. ევროს ზონაში შესვლის შემდეგ ქვეყნის მიერ აღებულმა კრედიტებმა და ვალდებულებებმა საბერძნეთის ეკონომიკა წელში გატეხა. ექსპერტთა აზრით, ბევრი პრობლემა იმიტომ წარმოიშვა, რომ ქვეყანა მზად არ იყო ძლიერი საერთოევროპული ვალუტისა და შიდა, ვალებით დახუნძლული კაპიტალის მოდინებისათვის.

შედეგად, პრობლემა პრობლემას დაემატა და კრიზისად იქცა. საბერძნეთი რომ ევროს ზონაში არ შესულიყო, იგი იქნებოდა შედარებით ნაკლებად მდიდარი ვეროპული ქვეყანა, მაგრამ ბევრად ბალანსირებული და მყარი ფინანსური სისტემა ექნებოდა. თანაც, ევროზონის სხვა ქვეყნების მხარდაჭერის იმედი რომ არ ჰქონოდათ, საბერძნეთს ამდენ კრედიტს არავინ მისცემდა.

საბერძნეთი კრიზისსაც უფრო იოლად გაუმკლავდებოდა, ევროს ზონაში რომ არ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში იგი დამოუკიდებებელ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებდა, ბოლოს და ბოლოს საკუთარი ვალუტის დევალვაციას განახორციელებდა. ახლა კი ამის გაკეთება არ შეუძლია.

საბერძნეთის შემდეგ ეკონომიკური კოლაფსის პირასაა პორტუგალია. ქვეყანამ ასევე მიიღო დახმარება ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან, თანაც, ერთი თვის წინ ლისაბონს ახალი მთავრობა მოევლინა, რომელმაც ბიუჯეტის სტაბილიზაციისა და დანახარჯების შემცირების პოლიტიკის გატარება დაიწყო.

გარდა ამისა, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სულ მალე ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება ირლანდია. ხოლო შორს არ არის ის დრო, როცა დახმარებას მოითხოვს ესპანეთი და იტალია. სავარაუდოდ, ევროპელი მარეგულირებლები ამ ქვეყნებისაგან მალე მოითხოვენ მკაცრი ფულად-საკრედიტო რეფორმების გატარებას, რომ საქმე კრიზისამდე არ მივიდეს.

ამ ეკონომიკური ვაკხანალიის შემხედვარე ბევრმა ქვეყანამ, რომელთათვისაც ევროს ზონაში შესვლა სანუკვარი ოცნება იყო, ადრინდელი გეგმების შეცვლა გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ამგვარი განცხადება პოლონელებმა გააკეთეს. კერძოდ, ქვეყნის ეროვნული ბანკის თავკაცმა მარეკ ბელკმა აღნიშნა, რომ, არსებული სიტუაციის გატვალისწინებით, პოლონეთს ჯერჯერობით არ აქვს საფუძველი ევროს ზონას 2012 წლისათვის შეუერთდეს, როგორც ეს დაგეგმილი იყო.

2014-1015 წლისათვის ევროს ზონაში შესვლას გეგმავდნენ ლატვია, ლიტვა, რუმინეთი და ბულგარეთი. აღსანიშნავია, რომ ორი უკანასკნელი აშკარად არ ჩქარობს მაასტრიხტის ხელშეკრულების ყველა პირობა დათქმულ ვადებში შეასრულოს, რომ ევროს ზონის კარის შესაღებად დროულად მოემზადონ.

როგორც ცნობილია, ევროზე გადასვლამ ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ინფლაციის ზრდა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირება. ამას დაუმატეთ ყველა ზემოთაღნიშნული პრობლემა და გასაგები გახდება, რატომ არ არის დღეს სანუკვარი ოდესღაც ასე სასურველი ევროს ზონა.

თუმცა, ისიც ცხადია, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში შევიდა, ბოლოს და ბოლოს აუცილებლად გაერთიანდება ევროს ზონაში. საქმე იმაშია, რომ ერთიანი ვალუტა ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედია. ასე რომ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ეს პროცესი მხოლოდ გააჭიანურონ. ამასთან, თავად ევროპელი ფინანსისტები კიდევ უფრო მკაცრად მოექცევიან ზონაში შესვლის კანდიდატებს.

ამ ეტაპზე კი ცხადზე უცხადესია, რომ კრიზისმა დააყენა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ განვითარდება მომავალში ევროპული ინტეგრაციის პროცესი.