ფატი კობერიძე: „ტყვია მაღაზიის კარიდან შევიდა და ჩემს შვილს საფეთქელში მოხვდა“

ფატი კობერიძე: „ტყვია მაღაზიის კარიდან შევიდა და ჩემს შვილს საფეთქელში მოხვდა“

[ნინო მიქიაშვილი]

დღეს, 16 ივლისს, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში მოკლულ 25 წლის ნინო კობერიძეს თბილისში დაკრძალავენ. მისი დედა, ფატი კობერიძე ამბობს, რომ  მკვლელის სათანადოდ დასასჯელად სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს.

„ობიექტივი“ მოკლულის ოჯახში იყო მისული და მის მშობლებს ესაუბრა იმაზე, თუ ვინ და როგორ მოკლა თბილისიდან მშობლებთან დასასვენებლად ჩასული ნინო კობერიძე.

სოფელი კნოლევი „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ სოფელში ადმინისტრაციული საზღვარი გადის, რომელიც კნოლევს შუაზე ჰყოფს.

ნინო კობერიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მწუხარება გამოთქვა და  14 ივლისს ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა (ტექსტი სააგენტო „პირველის“ ვებგვერდზეა განთავსებული):

„მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის დეტალები გაურკვეველია და საქართველოს პოლიციის შემდგომი გამოძიების საგანს წარმოადგენს, საქართველოს შსს-მ მისიას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ეს იყო „შემთხვევითი სროლა“. მათი თქმით, სროლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, მომხდარი იარაღის შემთხვევითი გავარდნის შედეგი იყო“.

შსს-ს ვებგვერდზე სოფელ კნოლევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დევს. კნოლევში 11 ივლისს მომხდარი ფაქტის თვითმხილველები არავის დაუკითხავს. მოკლულის ოჯახმა და მათი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, დავით დეკანოიძემ,  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით შეიტყვეს ის, რომ დაკავებულია ერთი პოლიციელი, ზურაბ მალიძე, რომელსაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„116-ე მუხლით არის საქმე აღძრული - „სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით“ და დააკავეს, როგორც კი მოხდა შემთხვევა, მაშინვე. ეს არის თანამშრომელი, რომელიც საზღვარზე მორიგეობდა, ანუ დროებით ადმინისტრაციულ პოსტზე იდგა“, - 13 ივლისს ასეთი კომენტარი მისცა შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.

აი, რა გვიამბეს მომხდარის შესახებ ნინო კობერიძის მშობლებმა - ფატი და ქართლოს კობერიძეებმა:

ფატი კობერიძე: „ქარელის რაიონის სოფელ კნოლევში, ზნაურთან ახლოს საზღვარია, პოსტია გაკეთებული - პოლიცია და სპეცრაზმი დგას. ჩვენი სოფელი შუაზეა გაყოფილი, 30 ოჯახი პოსტის იქით ცხოვრობს, დანარჩენები აქეთ ვართ. სახლი, რომელიც პოლიციამ იყიდა, ჩვენს სახლთან ახლოს, ერთი სახლის გამოტოვებითაა.

ნინო წელიწადი და სამი თვეა, რაც გათხოვდა. ჩემთან ხუთი თვის შვილთან, მარიამ აბრამიშვილთან ერთად თავისმა ქმარმა ჩამოიყვანა და დატოვა, რომ ბავშვს ჰაერი გამოეცვალა. გასულ ორშაბათს, 11 ივლისს, ჩემი ნინო ხუთიდან ექვს საათამდე მაღაზიაში ჩავიდა, ფეხი სტკიოდა, „სანტავიკის“ ყიდვა უნდოდა და იყიდა კიდეც. ამ დროს მაღაზიაში ბევრი ხალხი იყო - შვიდი ბავშვი ტრიალებდა, გამყიდველი, მისი ქმარი და სხვები იქვე იყვნენ.

მაღაზიაში საზამთროები ეწყო და ზედ ქატოს ორი ტომარა იდო. ნინო იმაზე ჩამოჯდა და ფეხზე „სანტავიკის“ გადაკვრა დაიწყო. ჩემი სიძის მამიდაშვილი ახლდა თან, რომელმაც ბავშვი გამოართვა და გარეთ გამოიყვანა - „მაღაზიაში ბევრი ხალხი, რომ იყო, ბავშვი აწრიალდა, გარეთ გამოვედი. სროლის ხმა, რომ გავიგე, გარეთ ვიყავიო“.

ტყვია მაღაზიის კარიდან შევიდა და ჩემს შვილს საფეთქელში მოხვდა. ზევით, მაღლობზეა სპეცრაზმი და პოლიცია. ამ დროს მე ეზოში ვიყავი და გავიგე, რომ სროლის ხმა იქიდან იყო. მაღაზიიდან საგუშაგომდე დაცილება დაახლოებით 700 მეტრია. სროლის ხმას კივილი მოჰყვა. იქ რომ მივედი, ქალები მიჭერდნენ და ყვიროდნენ - „ნინო, ნინო, ნინოოო“.

ჩემი ნინო ქატოს ტომრებზე გადავარდნილი დამხვდა. დედა მოუკვდა, თმები მიყრილ-მოყრილი იყო. ვკიოდი. შეკრული კრიჭა გავუხსენი, თვალები დახუჭული ჰქონდა, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა.

პოლიციელები იმ წუთში მოცვივდნენ და თქვეს - „ალბათ, ოსებმა ისროლესო“. არა, არა, ოსებს აქ რა უნდოდათ-მეთქი, - ვუთხარი, იმიტომ, რომ ისეთ ტერიტორიაზე ვართ, ოსების გასროლილი ტყვია ჩემს შვილს იქ, მაღაზიაში ვერაფრით მოხვდებოდა.

პოსტის იქით 30 ოჯახი ცხოვრობს და იქით მეზობელთან, რომ გადავიდოდი ხოლმე, „დეიდა, სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარ, პასპორტი მაჩვენეო“, - ისე არ გადამიშვებდნენ და ოსი აქეთ როგორ გადმოვიდოდა?! - მთებზე სპეცრაზმელები დგანან.

ჩემი სიძე ჩამოსული, რომ იყო, მდინარეზე ცოლ-შვილი და ნათესავი გოგო ჩაიყვანა. იქიდან, რომ ამობრუნდნენ, თქვეს, „მდინარეზე პოლიციელები იყვნენ, ავტომატები ნაპირზე ეყარა და წყლიდან, რომ ამოვიდნენ, ბავშვს დაუძახეს და ავტომატები მიატანინესო“. ანუ, განუკითხაობაა. პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ, ხალხს არ ეხებიან, არც კონტაქტში შედიან, მაგრამ დიდი ძაღლები ჰყავთ და გარეთ შიშით ვერ გავდიოდით. ამ ზამთარს ძლივს გამოვასწარი, კინაღამ ძაღლმა შემჭამა.

ეს ძაღლები ხანდიხან აშვებულები არიან ხოლმე, ამას წინათ კინაღამ ბებია და შვილიშვილი დაგლიჯა. მე რომ იქ ვცხოვრობდი, სულ დავა და ჩხუბი ჰქონდათ ერთმანეთში - „გამოდი შენი დროა, ახლა შენ დადექი, ორი საათი გავიდაო“. რაციებით გადასცემდნენ, უხეში და უზრდელი სიტყვებით.

პოლიციელებმა ორთავე დედაშვილი მანქანაში ჩაგვსვეს და გორში გამოგვაქციეს. ჩემი შვილი გულში მყავდა ჩახუტებული, ორთავე დედაშვილი სისხლში ვცურავდით. პოლიციის მანქანას სიგნალი გაფუჭებული ჰქონდა და მძღოლის გვერდზე მჯდომი პოლიციელი დროდადრო მანქანიდან გადადიოდა და ხან მაისურს და ხან ხელებს იქნევდა - „გაგვატარეთ, გაგვატარეთო“, რადგან სოფელში ხან ნახირი გვხვდებოდა და ხან ხალხი.

ვეხვეწებოდი აგარაში შევიდეთ-მეთქი და „არა, დროს დავკარგავთ, ვაითუ ექიმი არ იყოსო“. ვთხოვე ჩემს ქმართან დამარეკინეთ-მეთქი და მას გზიდან ველაპარაკე - ნინოს ქმარს, ოჯახს გააგებინეთ, პროფესორი წამოიყვანეთ, ნინო მიკვდება-მეთქი. პოლიციელები ვიღაცეებს ურეკავდნენ, „დაგვეღუპა, დაიჭრა, სასწრაფო გამოუშვითო“, მაგრამ, გზაში სასწრაფო არ შეგვხვედრია. სულ მაგას ვყვიროდი, სად არის სასწრაფო, სად არის სასწრაფო-მეთქი. სამხედრო ჰოსპიტალში მივედით.

ჩემთვის ცნობილი არ იყო  ჩემს შვილს ვისი გასროლილი ტყვია მოხვდა. „მაესტროს“ ეთერით გავიგეთ, რომ ეს იყო ზურაბ მალიძე. მანქანაში, რომ გვსვადნენ, როგორც გითხარით თქვეს „ალბათ, ოსებმა ისროლესო“. ამაში ვერავინ დამარწმუნებდა, რადგან ტყვია ისეთი მხრიდან იყო წამოსული, იქიდან ოსი ვერაფრით ისროდა. ნინო გარეთ, რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, ან იქიდან მოვარდა ტყვია, ან აქედან-მეთქი, ეჭვი მექნებოდა, მაგრამ ჩემს შვილს ტყვია, რომ მოხვდა, მაღაზიაში იყო.

რა იარაღიდან აქვს მოხვედრილი, არ ვიცი. წეღან ვამბობდი, ჩემი და გორში უნდა გავგზავნო და ექსპერტიზის დასკვნის წამოღება ვთხოვო-მეთქი. მე ისეთი გამწარებული ვიყავი, მაშინ კი ვთქვი, რომ შევედი, ის ტყვია შემინახეთ და მაჩვენეთ, მე უნდა ვიცოდე ვისი და რა ტყვიით არის ჩემი შვილი მკვდარი-მეთქი. ჰოსპიტალში მეუბნებოდნენ, „გადარჩენის შანსი 5%-იაო“.

გამწარებული დედა ვიყავი, სისხლიანი, ფეხშიშველი, დავრბოდი, სულ დავთხუპნე ჰოსპიტლის კედლები. მცველებს ვეხვეწებოდი, შემიშვით, ჩემი შვილი დამანახეთ-მეთქი. იმედს არავინ მაძლევდა, შემდეგ ერთმა მითხრა - „ნუ გეშინია, გული ამუშავდა, 8-საათიანი ოპერაცია იქნება, აპარატზეა შეერთებულიო“. 

დაახლოებით ორი-სამი საათის შემდეგ (ზუსტ დროს ვეღარ ვიხსენებ) მითხრეს - „იქითა მხარეს გადაიყვანეს, კრიტიკულ კაბინეტში, კომპიუტერზე შეაერთებენ და გადაიღებენ რა ხდებაო“. შემდეგ გარეთ გამომიტყუეს და მეზობლებმა მითხრეს - „თბილისიდან რეანომობილი ჩამოვა და თბილისში გადავიყვანთ, იქ აპარატურა მეტიაო“. თბილისში, რომ შემოვედით და დიდი დიღმისკენ გადმოუხვიეს, იქ სადაც ნინოს ქმრის ოჯახია, მაშინ მივხვდი, რომ დაღუპული ვიყავი.

სოფლიდან ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის - ოჯახი არ დარჩენილა, რომ არ ჩამოსულიყო. იმაზე, ვინც ჩემს შვილს ესროლა, არაფერი ვიცი, მაგრამ სოფლის ხალხმა თქვა, „ეს მეოთხე შემთხვევა ყოფილაო“. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი სერჟანტია, ზურაბ მალიძე.

მაღაზიაში მყოფები არავის დაუკითხავს. კნოლევში მხოლოდ „მაესტროს“ ჟურნალისტები ყოფილან ჩასულები. თანასოფლელებმა მითხრეს, „იმედი“ და „რუსთავი 2“-ც იყო ჩამოსული, მაგრამ ამბობენ, რომ ჩვენამდე პოლიციამ არ მოუშვა და არც ხალხი მიუშვეს ჟურნალისტებამდე. ეს ძალიან მიკვირს. თუ „მაესტრომ“ შეძლო შესვლა, ხალხის ჩაწერა და ამ ინფორმაციის გამოტანა, „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს წინ რა დაუდგა?! ეს ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია - რატომ არ აშუქებს მომხდარს ეს ორი ტელეკომპანია?!

ნინო, რომ მიგვყავდა, გზაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანები შეგვხვდნენ, ლურჯი დროშებით. გავიგე, რომ მაშინვე ასულან პოსტზე, მაგრამ იქ რა ითქვა და რა დააფიქსირეს, ეს არ ვიცი.

ჩემი შვილი როგორ მოკლეს, ამას მთელი უბანი შეესწრო. მე იარაღში ვერ ვერკვევი და მეზობლები ჩამოსულები, რომ იყვნენ, თქვეს - „ღამის ბინოკლები აქვთ, ღამეც კი იყურებიან, ტუალეტში თავისუფლად ვერ შევსულვართ და ვერ გამოვსულვართო“. „მაესტროზეც“ ილაპარაკეს იქაურებმა, „მე რძალი მყავს სახლში და ქალი კარში ვერ გამოსულაო“.

ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისე დაუცველები ვართ, რომ სიმართლის დადგენის იმედი არ მაქვს. ელემენტარულად იმ სიმართლის დადგენისთვის ვერ მიმიღწევია, რომ ომის დროს კნოლევში სახლ-კარი დამეწვა; მეუბნებიან „სხვაგან ცხოვრობ, აქ არ ცხოვრობო“... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს“.  

ნინო კობერიძის მამა, ქართლოს კობერიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელიც საგუშაგოსთან ახლოს ცხოვრობს, მზადაა ჩვენება მისცეს და თქვას, რომ გასროლოს ხმა საგუშაგოდან გაიგო:

„როგორ ისროლეს, ამის თვითმხილველი არსებობს, იქვე, პოსტიდან 20-25 მეტრის დაშორებით ცხოვრობს. გამოქცეულა ხმა რომ გაუგია და იმ წუთში უთქვამს - „ჩემი სახლის ზემოთ, რომ დგანან, იმათმა ისროლეს, ხმა იქიდან იყოო“. ეს ადამიანი ამას ოფიციალურად დაადასტურებს. მხოლოდ ის კი არა, იქ დაახლოებით 15 ადამიანი იყო და დაინახეს რა და როგორ მოხდა და ისინი მზად არიან ჩვენება მისცენ“.