ტუალეტში ნაპოვნი შედევრები – როგორ იძარცვება ცნობილი მუზეუმები

ტუალეტში ნაპოვნი შედევრები – როგორ იძარცვება ცნობილი მუზეუმები

როგორ მოხვდა გენიალური მხატვრების ნამუშევრები საზოგადოებრივ ტუალეტში, ვინ მოიპარა “მონა ლიზა”, სად გაქრა ჰანს მემლინგის “განკითხვის დღე”… გაინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხი? ხელოვნების ნიმუშების საოცარი ძარცვების ისტორიებს ქვემოთ გაგაცნობთ.

მანჩესტერის მუზეუმის ექსპონატები საზოგადოებრივ ტუალეტში

ვან გოგის, პიკასოსა და გოგენის 8 მილიონ დოლარად შეფასებულმა ნახატებმა წვიმიანი ღამე ერთ უფუნქციო საზოგადოებრივ ტუალეტში გაატარეს. რა თქმა უნდა, მანჩესტერის ხელოვნების მუზეუმიდან ისინი თავისი ნებით არსად “წასულან”, ამაში მათ დაეხმარნენ და არცთუ ცუდად.

ქურდობიდან ორი დღის შემდეგ პოლიციამ წერილი მიიღო, სადაც მოპარული ნახატების ადგილსამყოფელი იყო მითითებული. საზოგადოებრივ ტუალეტში მისულთ კი ცნობილ ნახატებთან ერთად მორიგი წერილი დახვდათ, სადაც ეწერა, რომ აუცილებელი იყო, მანჩესტერის მუზეუმის დაცვა გაეძლიერებინათ, თორემ მსგავსი კიდევ განმეორდებოდა იმ განსხვავებით, რომ ხელოვნების ნიმუშებს ვეღარ მიაგნებდნენ.

ედვარდ მუნკის “კივილი” ორჯერ გაუჩინარდა

ედვარდ მუნკიმ თავისი ცნობილი ნამუშევრის, “კივილის”, რამდენიმე ვარიანტით გაგვანებივრა. იქნებ სწორედ ამან უბიძგა მძარცველებს, მუზეუმებისთვის ერთი-ორი ეგზემპლარი წაეღლიტათ. ასე იყო თუ ისე, 1994 წელს ოთხი მძარცველი ფარულად შევიდა ოსლოში არსებულ ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში და მუნკის ქმნილების ნაცვლად ერთი მოკრძალებული წერილი დატოვა: “დიდი მადლობა ცუდი უსაფრთხოებისთვის”.

ნახატი 3 თვეში დიდი დავიდარაბისა და გამოძიების შედეგად დაიბრუნეს.

2004 წლის აგვისტოში ორი შენიღბული მძარცველი მუნკის სახელობის მუზეუმში შეიჭრა, აიყვანეს მძევლები, ჩამოგლიჯეს კედლიდან “კივილის” მეორე ვარიანტი და მუნკის “მადონაც” ხელს მიაყოლეს.

საბოლოოდ ეჭვმიტანილები ნორვეგიის პოლიციას მაინც ვერ დაუსხლტნენ. ისინი 2006 წელს დააკავეს. სამართალდამცავებმა გადამალულ ნახატებსაც მიაკვლიეს, რომლებიც მძარცველებს წყლის წვეთებით ცოტათი დაეზიანებინათ.

ვინჩენცო პერუჯია – “ჯოკონდას” გამტაცებელი

1911 წლის 21 აგვისტოს მოყვარულმა მხატვარმა თავისი მოლბერტი ლუვრის მუზეუმში გაშალა, რათა საკუთარი უნარები დაეხვეწა და საყოველთაოდ ცნობილი “ჯოკონდა” გადაეხატა. ის იყო, უნდა შესდგომოდა საქმეს, რომ შეხედა სურათს და ის პირდაღებული დარჩა – იდუმალ ღიმილიანი ქალი გაუჩინარებულიყო!

ფრანგი დეტექტივები ნახატს 2 წელი ეძებდნენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ისეთი ადამიანებიც კი დააყენეს ეჭვქვეშ, როგორიც პოეტი აპოლინერი და მხატვარი პიკასო იყვნენ. მოგვიანებით, 1913 წლის დეკემბერში, ერთი იტალიელი მხატვარი ფლორენციაში მყოფ ხელოვნების ნიმუშთა დილერს დაუკავშირდა და ამტკიცებდა, რომ “მონა ლიზა” მას ჰქონდა.

პოლიცია მალე გავიდა კვალზე და დააკავა ვინჩენცო პერუჯია, ლუვრის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც შეუმჩნევლად შეპარულა ლუვრში, ნახატი ჩარჩოდან ამოუღია, ტანსაცმლის ქვეშ დაუმალავს და მასთან ერთად გაუჩინარებულა. მსჯავრდებული თავს იმით იმართლებდა, რომ თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და სწორედ ამან უბიძგა ასეთი ქმედებისკენ.

როგორც ჩანს, მისმა სიტყვებმა გაჭრა და ამ დანაშაულისათვის პერუჯიამ მხოლოდ ექვსთვიანი სასჯელი მოიხადა.

ჰანს მემლინგის “განკითხვის დღე” მეკობრეებმა გდანსკს აჩუქეს

1473 წელს ჰანს მემლინგის მიერ შესრულებული “განკითხვის დღე” პოლონელმა მეკობრეებმა მოიპარეს, როდესაც გემით ფლორენციაში იმყოფებოდნენ. საოცარია, მაგრამ მათ ნახატი პოლონეთში არსებულ გდანსკის საკათედრო ტაძარში მიიტანეს და დღემდე ქალაქის ეროვნული მუზეუმის მფლობელობაში რჩება.

ძარცვა შვედურად

2000 წლის დეკემბერში მძარცველთა დაჯგუფებამ სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმის გასაძარცვად გასაოცარი ტაქტიკა შეიმუშავა: ერთი შეიარაღებული მძარცველი დაცვას მოკვლით ემუქრება, მეორე კი ამასობაში რენუარის ორ ტილოსა და რემბრანდტის ნახატს იპარავს. პარალელურად ჯგუფის დანარჩენი წევრები ქალაქის სხვა ნაწილში მანქანებს აფეთქებენ, რათა პოლიცილების ყურადღება გადაიტანონ.

ვინაიდან მუზეუმი მდინარის პირას იყო გაშენებული, მძარცველები იქვე მდგარ კატერში ჩასხდნენ და გაიქცნენ. ყველაფრის მიუხედავად, 2005 წელს მუზეუმმა სამივე ნამუშევარი დაიბრუნა.

უკვალოდ გამქრალი 13 ტილო

1990 წლის 18 მარტს ხელოვნების ნიმუშთა ერთ-ერთი უდიდესი ძარცვა მოხდა, როდესაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ორი ქურდი შუაღამისას ბოსტონის იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმში შევიდა.

მძარცველებმა დაცვის წევრები ადვილად მოატყუეს – უთხრეს, რომ მუზეუმის უსაფრთხოებას ამოწმებდნენ, ამასობაში კი 13 ნამუშევარი “დაითრიეს”, რომელთა შორისაც იყო რემბრანდტის, ვერმერისა და მანეს ტილოები.

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმი მოპარულის დამბრუნებელს ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს დაპირდა და სერიოზული გამოძიებაც ჩატარდა, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა და ხელოვნების ნიმუშებს დღემდე ვერავინ მიაკვლია.

გენტის საკურთხევლის ძარცვა

წმ. ბავონის ტაძრის მთავარი სიმდიდრე გენტის საკურთხეველია, რომელიც ძმებმა ჰუბერტ და იან ვან ეიკებმა შექმნეს. სამხატვრო ფასეულობის გარდა, საკურთხეველი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხატვისას ზეთის საღებავების ახალი შემადგენლობა გამოიყენეს.

დამპყრობლებმა არაერთხელ სცადეს საკურთხევლის განადგურება, ავსტრიელმა იმპერატორმა კი შიშვლად გამოსახული ადამისა და ევას “ჩაცმაც” კი ბრძანა.

ერთ ღამეს ქურდები ტაძარში შეიჭრნენ და საკურთხევლის მარცხენა პანელი მოიპარეს. სამართალდამავებმა მას ვეღარ მიაგნეს. მეორე მსოფლიო ომის დროს პანელის ასლი დახატეს, რომლითაც დღემდეა ჩანაცვლებული დედნის ადგილი.

პიკასოს და მატისს დღემდე ეძებენ

მაისის ერთ ღამეს შენიღბულმა მძარცველმა გადაწყვიტა, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაეძარცვა. მან გულის წადილი აისრულა და 5 შეუფასებელი ნამუშევარი მოიპარა, რომელთა შორის პიკასოს “მტრედი მწვანე მარცვლებით” და მატისის “პასტორი” იყო. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ უშედეგოდ.

ტურისტებმა “მადონა ყრმით” მოიპარეს

2003 წლის აგვისტოში ორმა ქურდმა, რომლებიც თავს ტურისტებად ასაღებდნენ, რენესანსის შედევრი – “მადონა ყრმით” – მოიპარეს, რომლის ავტორადაც ლეონარდო და ვინჩი მოიაზრება. ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა, რომელთაც ძარცვასთან კავშირი ჰქონდათ. საბოლოოდ ნახატი დაიბრუნეს და ამჟამად იგი ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი.