ბეატე უზეს ზეციური ოცნება და მიწიერი ბიზნესი

ბეატე უზეს ზეციური ოცნება და მიწიერი ბიზნესი

ბრენდი Beate Uhse ევროპის სექს-სიმბოლოდ იქცა. ეროტიკული საქონლის მსოფლიო ბაზარზე კონცერნს მეორე ადგილი უკავია განთქმული Playboy Enterprises-ის შემდეგ. Beate Uhse ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან გერმანულ კომპანიათა შორის, რომელთა შემოსავალი, ყოველგვარი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გამუდმებით იზრდება. მისი ამგვარი წარმატების საფუძველი დამაარსებლის, მფრინავი და 30 წლების ერთადერთი კასკადიორი ქალის, განთქმული მეწარმის ბეატე უზეს მიერ თავიდანვე არჩეულ ბრძნულ პოლიტიკას უკავშირდება.

მფრინავის კარიერა

ბეატე უზე (ნამდვილი სახელია ბეატე კიოსტლინი) დაიბადა 1919 წლის 25 ოქტომბერს აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ კრანცში ფერმერის ოჯახში. რვა წლის იყო, როცა უფროსმა ძმამ იკაროსის შესახებ ლეგენდა უამბო. გოგონა უმალ ფრენის იდეით მოიხიბლა. სკოლაში სწავლისას იგი ათასგვარი საფრენი აპარატის მოდელს ქმნიდა და შუბის ტყორცნაში ვარჯიშობდა. 15 წლის ასაკში სპორტის ოსტატი გახდა.

16 წლის იყო, როცა ინგლისური ენის შესასწავლად ერთი წლით ბრიტანეთში გაეგზავრა. უკან დაბრუნებისას მატარებელში გერმანული ავიაკლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაიცნო და ფრენით თავისი გატაცების შესახებ უამბო. მისით მოხიბლულმა ავიატორმა მფრინავის კურსების გასავლელად საჭირო ყველა ინფორმაცია მიაწოდა და დახმარებასაც დაპირდა.

1937 წელს ბეატე ბერლინის მფრინავთა სკოლაში ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ მან მხატვრულ ფრენაში გამოცდა ჩააბარა და მფრინავის დიპლომი მიიო. შემდეგ წლებში იგი სხვადასხვა შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობდა, ფრიდრიხის ავიამშენებელ ქარხანაში გამომცდელად, შემდეგ კი კინოსტუდია UFA-ში კასკადიორად მუშაობდა.

სწორედ კინოსტუდიაში შეუყვარდა მას თავისი ინსტრუქტორი ჰანს იურგენ უზე. 1939 წელს ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება ორიოდე დღესაც ვერ გაგრძელდა, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ჰანსი ფრონტზე გაემგზავრა. თავად ბეატეს კი ომში თავისი წვლილი ფრონტის ხაზზე თვითმფრინავების გადაყვანით შეჰქონდა. ამგვარად, მას საშუალება ჰქონდა ხანდახან თავისი ქმარი ენახა, ჰოდა, 1943 წელს შვილი კლაუსი შეეძინა.

1945 წლის აპრილში ჰანსი დაიღუპა და 26 წლის ბეატე დაქვივრდა. რამდენიმე დღის შემდეგ მან შვილთან და მოსამსახურესთან ერთად აეროდრომს მიაშურა, სადაც დაჭრილებით სავსე უპილოტო თვითმფრინავი იპოვნა. ბეატე შტურვალს მიუჯდა, ალყაშემორტყმული ბერლინი დატოვა და დასავლეთისაკენ გაფრინდა, სადაც ბრიტანეთის არმიას ტყვედ ჩაბარდა.

მეწარმის კარიერა

განთავისუფლების შემდეგ ბეატე ფლენსბურგში დასახლდა. მესამე რეიხის ყოფილ მფრინავს ფრენა აუკრძალეს და ახალგაზრდა ქვრივი იძულებული გახდა ფულის შოვნის სხვა გზა ეპოვნა. მან ბაზარში გადამყიდელობა დაიწყო, სადაც უამრავი დიასახლისი გაიცნო და გაიგო, რომ თითქმის ყველას ფრონტიდან დაბრუნებული ქმრების სექსუალური ხასიათის პრობლემები აწუხებდა. თანაც, უმეტესობას არ სურდა დანგრეულ ქვეყანაში დაფეხმრძიმებულიყო და არალეგალური აბორტიც აშინებდა.

ბეატემ გადაწყვიტა კნაუს-ოგინის ჩასახვისსაწინააღმდეგო მეთოდის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინა და ბროშურა გამოეცა. 1947 წლამდე 50 პფენინგად ღირებული მისი ბროშურის 32 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. დაგროვილი ფულით ფრაუ უზემ თავისი ფირმის „ბეატეს გზავნილი“ გავლენა გაეზარდა და დიდ ქალაქებს, ბრემენს და ჰამბურგს გადაწვდა.

1951 წლისათვის მის ფირმაში უკვე 14 ადამიანი მუშაობდა. ამ პერიოდში ბეატემ გამოსცა წიგნი «ქორწინების ჰიგიენა», გასაყიდ საქონელთა სიაში პრეზერვატივები ჩართო და თავადაც ფლენსბურგელ მეწარმეზე ერნსტ ვალტერ როტერმუდზე დაქორწინდა, რომლისგანაც მალე მეორე ვაჟი შეეძინა.

1962 წელს ბეატემ ფლენსბურგში გახსნა „ქორწინების ჰიგიენის სპეც-მაღაზია“. ეს გახლდათ მსოფლიოში პირველი სექს-შოპი. უნდა ითქვას, რომ მის წამოწყებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. 1992 წლამდე ბეატეს წინააღმდეგ 2000 ათასზე მეტი სარჩელი იქნა შეტანილი. ცხადია, ყველაფერი ეს მას გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა, ამასთან, მის ბიზნესს გვარიან რეკლამას უკეთებდა. 70-იან წლებში ბეატემ პორნოფილმების გადაღება დაიწყო და ამ ბიზნესს ხელი სერიოზულად მოკიდა.

1979 წელს ბეატე განქორწინდა, 1983 წელს მას კუჭის სიმსივნე აღმოუჩინეს, მაგრამ გადაიტანა. მეტიც, 75 წლის ასაკში მყვინთავის გამოცდა ჩააბარა. 1996 წელს ბეატემ დიდი ხნის ოცნება აისრულა და ბერლინში თავისი სახელობის ეროტიკის მუზეომი გახსნა. 1999 წელს მან თავისი ფირმა სააქციო საზოგადოებად გადააკეთა და აქიები საფონდო ბირჟაზე გაიტანა. ამას დიდი ინტერესი მოჰყვა,

აქციების ფასმა უმალ გვარიანად მოიმატა და ბეატემ დილძალი კაპიტალი მოიხვეჭა.

2000 წელს გერმანულ ტელეკომპანია Premier-თან ერთად ფრაუ უზემ შექმნა ეროტიკული ტელეარხი Beate Uhse TV. გარდა ამისა, პორნო-სამფლობელოს გაფართოება დაიწყო და თავისი ფირმის ფილიალები რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში შექმნა. ამასთან, რამდენიმე შთანთქმაც განახორციელა.

ეს ბეატე უზეს უკანასკნელი ბიზნეს-სვლა იყო. 2001 წელს იგი შვეიცარიულ კლინიკაში ფილტვების მწვავე ანთებით გარდაიცვალა. თავისი დიდძალი ქონება მან შვილებს და უახლოეს ნათესავებს დაუტოვა, დიდი ნაწილი კი მის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდს გადასცა, რომელიც მარტოხელა დედებს ეხმარება.