ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს. თბილისელებს დღეიდან ახალი, 2011 წელს გამოშვებული „ფორდის“ მარკის ყვითელი მიკროავტობუსები მოემსახურება. მგზავრთა გადასაადგილებლად დედქალაქში 36 ახალი ავტომობილი იმოძრავებს.
რაც შეეხება გადახდის სისტემას – მოსახლეობას შეეძლება იმ პლასტიკური ბარათებით სარგებლობა, რომლითაც ამჟამად მიუნიციპალურ ტრანსპორტში სარგებლობენ. პირველი მგზავრობა 80, შემდგომი მგზავრობა კი 65 თეთრი ეღირება. შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ადამიანები. მათ მგზავრობის საფასურის მხოლოდ ნახევრის გადახდა შეეძლებათ. მეორე ნახევარს კი დედაქალაქის მერია დაფარავს.
სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის მოსალოდნელ გაძვირებაზე ოპოციზიური პარტიები უკვე დიდი ხანია, საუბრობდნენ, თუმცა მაშინ თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ტარიფის 80 თეთრამდე მოსალოდნელ გაზრდას უარყოფდა.
როგორც მაშინ კომპანიაში აცხადებდნენ, ტარიფის შეცვლა საწვავის ფასზე იქნებოდა დამოკიდებული და ისინი მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, ძველი ტარიფი შეენარჩუნებინათ. ქართულ ბაზარზე საწვავის ფასი არ შეცვლილა, თუმცა დღეს ყველა მგზავრი დარწმუნდა, რომ ტარიფი იზრდება.
არადა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი 25 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე აცხადებდა, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არც ერთი თეთრით არ გაძვირდებოდა. ახვლედიანის მაშინდელი განცხადების ტექსტი თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:
„სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არის მნიშვნელოვანი სიახლეც. წლევანდელი წლიდან, მას შემდეგ რაც კომპანიები სრულყოფილად დაიწყებენ მუშაობას, სოციალურად დაუცველი ადამიანები სამარშრუტო ტაქსებზე ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, შეღავათებით ისარგებლებენ“.
აღსანიშნავია, რომ დღეს გასულ სატელევიზიო სიუჟეტებში, რომლებიც მოსახლეობას ახალი სამარშრუტო ტაქსების შესახებ მოუთხრობდა, ტარიფის გაძვირებაზე ლაპარაკი არ ყოფილა.
ახალი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების შესახებ ინფორმაცია „პირWველს“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამაც დაუდასტურა. ალანიას მგზავრობის გაძვირების მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ მძღოლს დღიურად დიდი თანხის გადახდა უწევს: „მძღოლმა დღიურად 54 ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ტარიფს თვითნებურად ვერ შეცვლიდა. ეს ყველაფერი ადგილობრივ მერიასთან შეთანხმებით ხდება“.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით კომენტარის მოპოვება დილიდან ვერ ხერხდება, ვინაიდან ტელეფონს არავინ პასუხობს.
სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის მომატების გამო მგზავრები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. მგზავრები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსებით, აცხადებენ, რომ კომფორტი და უსაფრთხოება მისასალმებელია, თუმცა უმრავლესობა თავს მოტყუებულად თვლის და გაზრდილ ფასს აპროტესტებს.
ფრაქცია „ჩვენი თბილისის“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ახალ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის საჯარო სხდომის ჩატარებს მოითხოვს. როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „თბილისის მერიამ საკრებულოსა და მოქალაქეების გვერდის ავლით მორიგი ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო“:
„სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის მერის გიგი უგულავას „ნოვაცია“ ჩემთვის ნაციონალური ტელეარხებით გახდა ცნობილი. ამ დილით ნაციონალური ტელევიზიებიდან ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში პირველი მგზავრობა 50-დან 80 თეთრამდე, ანუ 60%-ით გაძვირდა, ხოლო მეორე და მომდევნო მგზავრობები - 50-დან 65 თეთრამდე, ანუ 30%-ით. მაშასადამე, მოქალაქე სახლიდან გასვლა-დაბრუნების დროს (ერთჯერადად) ერთი ლარის ნაცვლად, 1,45 ლარს გადაიხდის, ანუ, მგზავრობა საშუალოდ 45 თეთრით (45%-ით) გაუძვირდება".
აბაშიძის თქმით, მიკროავტობუსით მგზავრობისას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის დაწესებული შეღავათების ახალი წესი დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით ხარჯებს გამოიწვევს: „ასეთ შემთხვევაში რატომ არ იქნა შეტანილი ცვლილებები ქალაქის ბიუჯეტში?! როდის დამთავრდება კულუარული, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება საკრებულოსა და, რაც მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეების გვერდის ავლით?!“.
ახვლედიანისგან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით განმარტებას მოითხოვს თბილისის საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი თინათინ ხიდაშელი.
„რესპუბლიკული პარტია“ თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების გარდაუვალობის შესახებ საზოგადოებას ადრეც აფრთხილებდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ საკრებულოსა და თბილისის მერიის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები გვესმოდა, თითქოს საზოგადოება შეცდომაში შეგვყავდა და უპასუხისმგებლო განცხადებებს ვაკეთებდით. მამუკა ახვლედიანმა ჩვენი პრეტენზიების საპასუხოდ საჯაროდ განაცხადა, სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო.
ამასთანავე, ვინაიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განაცხადა, რომ შეღავათებით სოციალურად დაუცველები ისარგებლებენ, მოვითხოვთ, საზოგადოებას დღესვე წარუდგინონ ოფიციალური ინფორმაცია თბილისის ბიუჯეტიდან, რომელიც ამ დაპირებას რეალობად აქცევს, ვინაიდან საკრებულოს სამარშრუტო ტაქსებით მომსახურების სფეროში სუბსიდიის დამტკიცების შესახებ არ უმსჯელია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბიუჯეტში”, – აცხადებს ხიდაშელი.