მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება

მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება

მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელში. კანონის ამ ნაწილში კი, ცვლილება შედის. ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა, განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

პერსონალური სახელმწიფო დაცვით ვერ ისარგებლებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. მთავრობის ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების გასვლიდან მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდება. ამავე ცვლილებებით სიცოცხლის ბოლომდე დაცვით ვერ ისარგებლებს ყოფილი პრემიერ–მინისტრი.

კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა, უმაღლესი გარანტიების შემცირებას უწოდებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება სამომავლოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და დაკნინებული. ახლა ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს და გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების კუთხით. მისი თქმით, ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის.

ანა ნაცვლიშვილისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე–სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებისას მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული. როგორც ჩუგოშვილი ამბობს ცვლილებები ეხება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

„პარლმენტს ჯერ არ დაუწყია ამ საკითხის განხილვა, ამიტომ ჯერ ცოტა ნაადრევია კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება მთავრობის ამ ინიციატივას, ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს არააუცილებლობის შემთხვევაში რესურსის ხარჯვა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ. ალბათ, მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემა არა დაცვის გაუქმებაში, არამედ იმ დროშია, როცა მმართველმა გუნდა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია პროექტის შეტანის დრო – როდის? საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაა გახურებული და ხელისუფლება თვლის, რომ მორიგ ჯერზე უნდა გააგზავნოს სიგნალი საზოგადოებაში, რომ ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც. ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან.

თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე. თორემ საერთოდ ყველას გავუუქმოთ დაცვა რა პრობლემაა, დავიცვათ ერთმანეთი, შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება უსაფრთხოება. პრობლემა იმაშია, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.