ეროვნული ვალუტისთვის წლევანდელი შემოდგომა ძალიან მძიმედ დაიწყო. ლარი უკვე გადასცდა 2,60-იან ნიშნულს და დამაიმედებელ პროგნოზს ვერავინ აკეთებს. ხელისფლებას არც მოახლოებული არჩევნების შიში აქვს.
კვლევითი ცენტრი PMCG ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შესახებ ანალიზს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევრის შესახებ მოლოდინს შეეხება.
კვლევაში 30-მდე ექსპერტებმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ აკეთებენ პროგნოზებს. ეკონომისტები 2018 წლისთვის მშპ-ის 4,7%-იან ზრდას ელოდებიან.
ასევე მოსალოდნელია, რომ ლარი დოლარის მიმართ მომდევნო 6 თვეში გაუფასურდება. ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზრდება, თუმცა, ეკონომისტები ექსპორტის უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებენ, რაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ჯერჯერობით ლარის კურსთან დაკავშირებით ვითარება მეტად არასახარბიელოა. ასეთი რთული შემოდგომა ეროვნულ ვალუტას ჯერ არ დასდგომია. სექტემბრის პირველ რიცხვებშივე ლარი დოლართან მიმართებაში 2,60-იან ნიშნულს გადასცდა.
დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი ის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკაა, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი აწარმოებენ. დიდი რისკია შემოდგომის შემდეგ ვითარება კიდევ გაუარესდეს.
„როდესაც ქვეყანაში დიდი ოდენობით ვალუტა შემოდის და ლარი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ჰყავს მონეტარული ხელისუფლება. ყოველწლიურად ვითარდება ერთი და იგივე სცენარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ აქვს ელემენტარული უნარი, რომ წინ აღუდგეს მუდმივად განმეორებად პრობლემას. დიდი რისკია, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს შემოდგომის შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისი აზრით, თუკი ბიუჯეტის არათანაზომიერი ხარჯვა გაგრძელდება, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდება.
„ამათ არაფერი ეშველებათ! უკვე მერამდენედ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე. ქვეყნის ბიუჯეტი 12,46 მილიარდი ლარია. რვა თვეში დაიხარჯა 7,2 მილიარდი ლარი. დარჩენილ ოთხ თვეში უნდა დახარჯონ 5,26 მილიარდი ლარი, ანუ ხარჯვის ტვირთი კვლავ მოდის წლის ბოლო თვეებზე.
მთავრობამ ხარჯვის ცხრა თვის გეგმა რომ შეასრულოს, საჭიროა სექტემბერში დაიხარჯოს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ეს მოხდა აგვისტოში, რაც წარმოუდგენელია. თუ ზედმეტად არათანაბარზომიერი ხარჯვა კვლავ გაგრძელდება, მივღებთ იმ სურათს, რაც არაერთხელ გვინახავს - ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამის თავიდან აცილება შეიძლება ხარჯვის სამომავლოდ გადატანით, ანუ საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, - აღნიშნავს გოცირიძე.
სკეპტიკურად არიან განწყობილი ფინანსისტებიც. „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია დაუფარავად ამბობს, რომ 12 სექტემბრის შემდეგ ლარი კვლავ დაიწყებს გაუფასურებას, რაზეც გავლენას როგორც რეგიონის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, ასევე საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახდენს. გასათვალისწინებელია ნავთობის ფასის დინამიკაც.
„12 სექტემბრის შემდეგ ველოდებით დოლარის მორიგ გაძვირებას, რაც ლარის გაუფასურების დასაწყისი იქნება. აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს. არის პროგნოზი, რომ 10 სექტემბრიდან ნავთობის ფასი დაიწყებს ვარდნას, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს დოლარის გამყარებას, რაც, დიდი ალბათობით, ლარის კურსის გაუფასურებას გამოიწვევს.
რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ დროისთვის არჩევნებია და ბრუნვაში იქნება გარკვეული თანხა, რომელიც მოსახლეობაში გავრცელდება სხვადასხვა სახით (კოორდინატორები, საარჩევნოდ დაქირავებული ადამიანები, მოხელეების პრემიები და ა.შ.). მათ უმრავლესობას სესხები აქვთ დოლარის სახით და ეს თანხა ისევ უცხოური ვალუტის შეძენას მოხმარდება. ეს ყველაფერი იმოქმდებს ლარზე და საკმაოდ რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს ეროვნულ ვალუტასაც და მოსახლეობასაც“, - აცხადებს შენგელია.