პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო შესაძლოა გამოძიების საფუძველი გახდეს

პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო შესაძლოა გამოძიების საფუძველი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციაზე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.

ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. მედიაფორუმის განხილვის თემაა – მედიის როლი კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში. მედიაფორუმის ორგანიზატორები რუსეთის პოლიტიკური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრეს-კლუბი „სოდრუზესტოვო“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ არიან.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმს საქართველოში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. „რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს“, – ამშეძახილების ფონზე მიმდინარეობდა სასტუმრო „ვერე პალასში“ ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. აქცია–პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელი ეკა ნასყიდაშვილი, რომელიც ამ ფორუმის ორგანიზატორია აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი უკვე მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს. მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეები მეოთხე წელია ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კულტურულ ურთიერთობებს განიხილავენ.

„აქ არიან ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და გაოგნებული უყურებენ ამ სიტუაციას. უკვე მეოთხე წელიწადია მხოლოდ კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთში გამოცდილებას ვცვლით. შეგიძლიათ დაესწროთ ფორუმს თავიდან ბოლომდე და ნახავთ, რომ აქ არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ კეთდება და არავის აინტერესებს, რა ხდება ქართულ–რუსულ ურთიერთობებში“, – განუცხადა ეკა ნასყიდაშვილმა ჟურნალისტებს.

ნასყიდაშვილი ირწმუნება, რომ ამ ფორუმს პოლიტიკური დატვრთვა არ აქვს, მაგრამ ფორუმის რუსი მონაწილე, ჟურნალისტი დიმიტრი კოსირევი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, კოსირევმა აღნიშნა, რომ ეს მისი სპეციალობა არ არის. ასევე კითხვაზე, ვისი ტერიტორიაა აფხაზეთი, კოსირევმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს.

„მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არ არის, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ, დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ეს ასე არ არის. ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ. ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ, ძირითადად, უკრიანელები.

უკრაინიდან ჩამოდიან სხვადასხვა მოსაზრებების მქონე უკრაინელები. ტელევიზია აძლევს მათ საშუალებას, ისაუბრონ, იჩხუბონ, ზოგჯერ მწვავედ, თუმცა ეს არის საუბარი, დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან - არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს“, – აღნიშნა დიმიტრი კოსირევმა, რომელსაც ადგილზე მყოფებმა შეახსენეს, რომ დასავლური ქვეყნები აღიარებენ ოკუპაციას და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაურუმ და მსგავსმა ქვეყნებმა აღიარეს.

„ეს არის ტიპური სიტუაცია, დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ჯერ მცოცავი. წადით და თავად ნახეთ, რა ხდება“, – აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა.

სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი და მისი შინაარსი მოუღებელია როგორც მმართველი უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. უმრავლესობაში თვლიან, რომ რუსულ პროპაგანდაზე მომუშავე მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი იპოვის სხვა გზას. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათ შორის სუს–ი დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით საქართველოში გამართული მედიაკონფერენციით და თვალყურს ადევნებს მას.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, მისთვის აღმოჩენა არ არის, რომ რუსი ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ. მისი შეფასებით, მსგავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების რესურსი არ აქვთ და მათი საუბარი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასა და საზოგადოების ცნობიერებაში არაფერს ცვლის.

„რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან არის „ნაციონალური მოძრაობა“.

თუმცა არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, რუსული პროპაგანდის შეზღუდვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იქნას მიღებული. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში „ევროპული საქართველო“ ცვლილებათა პაკეტს წარადგენს. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ყველაფერს სწორად მიუდგება და ინიციატივის მომზადებაში ისინიც იქნებიან ჩართული.

„ე.წ. მედიაფორუმი ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა რუსეთის მხრიდან. მაქვს წინადადება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ წინადადებას ოფიციალურად გააჟღერებს, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში იყოს შეზღუდული. ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მოქმედებს მთელი გაქანებით, საქართველოში იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული. მე მაქვს იმედი, რომ ამას საღი აზრის ფარგლებში მივუდგებით და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ერთ–ერთია რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ რუსული პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული. მისი თქმით, ძნელი არ არის მათ საქმიანობზე თვალის გაყოლება როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ცისკარიშვილი იხსენებს როგორ არ დაბეჭდა გაზეთმა მისი ინტერვიუ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკას შეიცავდა.

„ამ გაზეთის რედაქტორს და მათ ჟურნალისტებს ვთხოვოთ გაგვაცნონ ყველა მასალა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიბეჭდა და დავრწმუნდებით, რომ არა თუ გაზეთის წაკითხვა, არამედ მისი გამომცემლისთვის ხელის ჩამორთმევა იქნება სამუდამოდ მიუღებელი, რადგან არც მალავენ, ვინ არიან და რა პოლიტიკა აქვთ აღებული. ნამდვილად არ არის მისაღები ის, რაც ახლა თბილისში ხდება. შეიძლება ადამიანს არ მოუწყო რაიმე სახის მიღება, მაგრამ მაქსიმუმი ასეთი მიუღებელი ვაისტუმრებისათვის არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. ამ შემთხვევაში ეს კანონი გამოყენებული იქნა და ე.წ. ჟურნალისტები სამშობლოში დააბრუნეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ რბილ ძალაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ რბილი ძალა არის არსებული შეფასება, რეალურად საქმე გვაქს რუსეთის ხისტ და საშიშ ძალასთან.

„ჩვენ ისეთ რუსეთს უნდა დავუდგეთ გვერდით, რომელიც საკუთარ თანამდებობის პირს არ ეთანხმება, მაგრამ საჯაროდ ასეთი განცხადების ტირაჟირება ხიფათს წარმოადგენს თავად რუსეთის მოქალაქეებისთვისაც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქართველოში ეწყობა მედიაფორუმი და მასში მონაწილეები ერთმანეთს აზრს უცვლიან რა როლი უნდა შეასრულოს მედიამ ნდობის აღდგენის პროცესში, თუმცა, მისი თქმით, მეორე საკითხია, ხომ არ ხდება ამ ფორუმის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დანერგონ ის განწყობები რა განწყობების დანერგვა უნდა რუსეთს იმისათვის, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა იმისა, რომ ოკუპაცია არ არის ის მწვავე თემა, ამაზე შეიძლება თვალის დახუჭვა და ამის მიუხედავად შეგვიძლია ვისაუბროთ.

„კი ბატონო სასაუბრო ფანჯარა არ უნდა დაიხუროს, მაგრამ საქართველოს მხრიდან ფორუმის მონაწილეები, ალბათ, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ნებისმიერ ისეთ განცხადებას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ადეკვატური პასუხი გასცენ. ანუ, ჩვენი ოპონენტები დავამარცხოთ არგუმენტებით, ფაქტებით და კვალიფიციური დისკუსიით“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

რა შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მომუშავე მედიასაშუალებების დახურვას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ზაალ ანჯაფარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხზე სერიოზული დისკუსები მიდი თავად ევროპაშიც.

„პრორუსული, ან რუსული ინტერესების გამტარებელი მედიის დახურვით მსხვერპლად ხომ არ ვწირავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიის პრინციებს – ეს არის დისკუსიის საგანი. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საგანი. რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება – იმ მედია საშუალებების დახურვა, რომელიც პრორუსული ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან, რეპრესიული ღონისძიების გატარება, თუ პირიქით მათთვის იმ საშუალების მიცემა, რომ იმუშაონ, მაგრამ არ გაავრცელონ ის ინფორმაცია, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება?

ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის სტრატეგია შესამუშავებელი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავარღვიოთ დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს შევზღუდოთ ის მავნე ნარატივის გავრცელება, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.