„ევროპარლამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია“

„ევროპარლამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია“

30 აგვისტოს ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პირველადი ანგარიში განიხილეს. ბრიტანელმა დეპუტატმა კლერ მუდმა მოხსენებაში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პროცესი, თუმცა ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ანგარიშში არის მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. რეალურად, რას გულისხმობს ანგარიში და აქვს თუ არა ხელისუფლებას შეშფოთების საფუძველი? რატომ ხდება, რომ ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი აქცენტებს სხვადასხვა მიმართულებით სვამს? ყველა ამ თემაზე for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ცოტნე ზურაბიანს ესაუბრა

ცოტნე ზურაბიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის ხელთ არსებული ტოტალური პროპაგანდის მანქანა - „რუსთავი 2“ არ იცვლის ხელწერას და აგრძელებს უწყვეტ სიტყვიერ ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე. სიცრუე და ძალადობა ყოველთვის იყო ამ პოლიტიკური ძალის საფირმო ნიშანი. საბედნიეროდ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით მათ ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა წაართვა, მაგრამ ხალხის უნდობლობითა და არაერთი პოლიტიკური მარცხით გაწბილებულები, დიდი ხანია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ და სიცრუის გავრცელებით ცდილობენ გაასულელონ, დაამცირონ და აბუჩად აიგდონ ქართული საზოგადოება. მათთვის არახელსაყრელი რეალობის გადაკეთებისა და მოდელირების სამარცხვინო მცდელობა იყო იმ უაღრესად დადებითი ანგარიშისა და შეფასებების დამალვა, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა (AFET), ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოამზადა.

კონკრეტულად რა პოზიტიურ შედეგებზეა საუბარი ანგარიშში, ასევე გვინდა შეაფასოთ ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებებიც?

- ანგარიშში, რომელიც ბრიტანელმა ევროდეპუტატმა კლერ მუდმა 30 აგვისტოს წარმოადგინა, მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა; ქვეყანაში არსებული პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო; ეკონომიკური ინტეგრაცია და საკანონმდებლო დაახლოების ინტენსიური პროცესი. კომიტეტის სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო, მეორე ევროპული ინტიტუტის, ევროკომისიის შეფასებები, პოზიციები აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე ცალსახად პოზიტიურია.

ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტში ასევე მოისმინეს ექსპერტ ნონა მიხელიძეს კვლევა, სადაც აშკარად უარყოფითად იყო წარმოჩენილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. საუბარი იყო არაფორმალურ მმართველობაზე და .. პოლიტპატიმრებზე. თუმცა ექსპერტს იქვე მოუწია ევროპარლამენტარებისთვის განმარტების გაკეთება და თავის დაცვა. იყო თუ არა ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ექპერტის კვლევა საქართველოსთან მიმართებაში?

- ქვეყნისათვის ამ უდავოდ პოზიტიური სიახლის ნაცვლად, მარტივ მამრავლებად დაშლილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტის, სინამდვილეში კი, მათი პარტიული აქტივისტის ვინმე (ნონა) მიხელიძის მიერ მომზადებული, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი ე.წ. ალტერნატიული მოხსენება შეასაღა, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - სიმართლის მაგივრად ხალხს უნდა გაეგო, თითქოს ევროპარლამენტის აზრით ქვეყანა აპოკალიფსის წინაშე დგას და ევროინტეგრაციის მაგივრად, ლამისაა გაეროდანაც გაგვრიცხონ.

რამდენად შეიძლება გაზიარებულ იქნას ნონა მიხელიძის მოსაზრება და რა გავლენა შეიძება იქონიოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე მისმა მოხსენებამ?

- აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აღნიშნული მოხსენება უკიდურესი ანგაჟირებულობის, მიკერძოებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო უკვე არ გაიზიარა და დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა, რითაც კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ წარმოებული სახელისუფლებო კურსის მიმართ.

დასასრულ კი, ქვეყნის წარმატებით გაწბილებულ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა მივმართო: მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა, თქვენ ხალხზე ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა კი არ ჩამოგართვით მხოლოდ, სამუდამოდ ჩამოგართვით ინფორმაციის გავრცელებაზე მონოპოლიის უფლება და ექსკლუზივი ტოტალურ პროპაგანდაზე. უნდა იცოდეთ, რომ ის დრო აღარასოდეს დაბრუნდება, როცა ყველა ფედერალური არხი ერთი გამოსახულებით და ერთი ხმით აბრუებდა მოსახლებას. სიტყვის თავისუფლების დროს ეს შეუძებელია, ამიტომ თქვენი თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, ხალხი მაინც გაიგებს სიმართლეს. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, კმაყოფილია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ტემპით და ხარისხით და უკიდურესად დადებითად აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას ევროინტეგრაციის გაღრმავების გზაზე.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ოპოზიციას და მათ დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებს: მიუხედავად საკმარისი პოლიტიკური გამოცდილებისა, არ იცნობთ და კვლავაც ზევიდან უყურებთ საკუთარ ხალხს, უკედურესად დაბალი წარმოდგენა გაქვთ მათ გონებრივ შესაძლებლობებზე და რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ უსინდისო სიცრუის ტირაჟირებით შეძლებთ ადამიანებით მანიპულირებას. სინამდვილეში კი, ყველაფერი საპირისპიროდ არის - ქართველ საზოგადოებას აქვს გამორჩეული პოლიტიკური გონი და უნარები, ამიტომ რეალობის შეცვლის ყველა თქვენი უბადრუკი და უმწეო მცდელობა დამარცხებისთვისაა განწირული. ამასობაში, ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს ზრუნვას ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისათვის!