ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით მუდმივ წინააღმდეგობას ბოლო არ უჩანს. დედაქალაქის მერია და უზარმაზარი სავაჭრო ობიექტის მფლობელები საერთო ენის გამონახვას ვერაფრით ახერხებენ.
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას სადაც დღესაა განთავსებული. როგორც ბითაძე აღნიშნავს, მსგავსი შინაარსის შეთანხმება არ მომხდარა.
მისივე ინფორმაციით, ერთადერთი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს გენერალური გეგმიდან გამომდინარე, არის ის, რომ ელიავასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა შემუშავდეს ჩარჩო გეგმა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ამ ტერიტორიის სამომავლო განვითარების პოტენციალს.
„სწორედ ჩარჩო გეგმა უნდა იყოს იმის საწინდარი, რომ ამ ტერიტორიის სწორი განვითარება განხორციელდეს სამომავლოდ, თუმცა ერთმნიშვნელოვანის ის, რომ სამშენებლო და სხვა სახიფათო მახასიათებლების შემცველი მასალისა და პროდუქციის გაყიდვა ამ ტერიტორიაზე ისე მოწესრიგებულად უნდა მოხდეს, რომ არ შეექმნას საფრთხე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. დამტვერიანების საფრთხე აღნიშნული ტერიტორიიდან მინიმუმამდე უნდა დავიდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამ ტერიტორიაზე მტვრის ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სამშენებლო და სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქციის არასისტემურ ვაჭრობასთან. შესაბამისად, ყველამ, თითოეულმა მოვაჭრემ უნდა დაიცვას ის წესები, რომლებიც უსაფრთხოებასთან, დამტვერიანების მინიმიზაციასთან არის დაკავშირებული.
ტერიტორიის ფუნქციურ განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები და ასეთი საკითხები არ წყდება ორმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, არამედ წყდება მოქმედი კანონმდებლობისა და უსაფრთოების დაცვის კონტექსტში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
დედაქალაქის მთავრობა ერთი კონტექსტით საუბრობს, მაგრამ ელიავას ბაზრობის მფლობელები სულ სხვა მხრივ ამჩნევენ პრობლემას. სავაჭრო ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი გია ანდრიაძის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობას მან წლების წინ მიმართა, თუმცა პროექტის განხორციელბაზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.
„ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს ვცდილობდი ამ პროექტის განხორციელებაზე თანხმობის მიღებას, შემდეგ კახი კალაძესაც გავუგზავნე წერილი იანვარში, აპრილში კი ურბანულ სამსახურს მივმართე, თუმცა იქიდანაც უარი მივიღე. მიზეზი შემდეგი იყო: არ არის ახალი გარემოებები და ამ პროექტს არ განვიხილავთო“, - აცხადებს ანდრიაძე.
მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონიან პროექტზე, რომელიც ხოშარაულის ქუჩაზე 5000 კვ/მეტრის მოწყობას გულისხმობს.
„შენობას მხოლოდ 1000 კვადრატი დაეთმობა, ხოლო დანარჩენი 4000 კვადრატულ მეტრზე კი მწვანე სივრცეები მოეწყობა. ეს იქნება 15-სართულიანი შენობა; პირველ 2 სართულზე აქ დასაქმებული ადამიანები შევლენ. შემდეგ 2 სართულზე კი, მინდა საკონცერტო დარბაზი გავაკეთო, მოძრავი სცენით. ქართულ დიზაინერებსაც მინდა დავუთმო ფართი. იქნება ღია და დახურული კაფეები, საცურაო აუზები და სპა. დიდუბის რაიონში მსგავსი არაფერია.
მე მგონია, ასეთი პროექტის განხორციელებას უნდა მეხვეწებოდნენ. შეიძლება იდეის სიღრმეში ვერ ჩადიან, ან მე ვერ ვაწვდი სწორად. ვინმემ მაჩვენოს, სადაა თბილისში ისეთი პროექტი რომელსაც 4000 კვადრატული მეტრი აქვს გამწვანებული”, - აცხადებს ანდრიაძე.
მისივე თქმით, თავდაპირველად მას ამ პროექტის განხორციელება ებრაელ ინვესტორთან ერთად სურდა, თუმცა იმდენი წელია ამ პროექტზე მიდის მუშაობა, რომ „ინვესტორი წავიდა“. ბიზნესში გადამწყვეტი ტემპია და ამ პროექტის შემთხვევაში კი, ერთ ადგილზეა საქმე გაყინული.
დედაქალაქის მერი კი ჯერ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებაზე საუბრობს. ქუჩებში, ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი, რაც, როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებდა.
„ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე არსებული მდგომარეობა მოეწესრიგებინა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა - ტროტუარებზე საშენი მასალები და საბურავები იყო გამოტანილი. შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება და ასევე, მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ადამიანები ტროტუარის ნაცვლად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდიოდნენ და ავტომანქანების გადაადგილების შეფერხება და ავარიებიც ხდებოდა.
ჩემი დავალებით ყველა ეს ტერიტორია მოწესრიგდა. დღეს, ტროტუარები არის აბსოლუტურად გასუფთავებული. გვაქვს შესაბამისი ფოტომასალაც, თუ რა მდგომარეობა იყო აღნიშნულ ქუჩებზე და ახლა როგორ გამოიყურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.