ბოლო ორ კვირაში ფქვილის ფასი 35-დან 43 ლარამდე გაიზარდა. არის საშიშროება, რომ მალე პური გაძვირდეს. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალზე ფასები ბოლო 20 დღეა იზრდება და მიზეზი რუბლის გაუფასურებაა.
„ერთ-ერთი მიზეზია რუბლის გაუფასურება, ამას ემატება ლარის კურსი და რომ გადავხედოთ ბოლო რამდენიმე დღეს, ფასები მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, ორი კვირის წინ ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 35-37 ლარამდე მერყეობდა, თუმცა ის დღეს 42-43 ლარის ფარგლებშია.
მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ფასის კიდევ მეტად გაზრდის რეალური მოლოდინი არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას 1 ტომარა ფქვილის ფასი 46 ლარს მიაღწევს, რაც პურის უცილობელ გაძვირებას გამოიწვევს.
„დღეს უკვე იმდენადაა გაძვირებული ფქვილი, რომ პურზე ფასის შენარჩუნება ძალიან ჭირს. ბევრი არ ითვალისწინებს მცხობელების სიტუაციას. ამბობენ, რომ თუკი 1 ტომარა 45 ლარამდეა, პურის ბიზნესი თავის მარჟაში ეტევა. ასე აღარ არის. ვეღარ ჯდება ამ თვითღირებულებაში, რადგან გაძვირდა საწვავი, ენერგომატარებლები (რაიონებში). ხორბალს წინათ რომ 30 თეთრად აბარებდნენ, ახლა 40 თეთრი ღირს. არც იმას არ ითვალისწინებენ, რომ რეალიზატორებს 5 თეთრი აღარ აკმაყოფილებთ, მათ 10 ან 15 თეთრი თუ არ დარჩათ მოგება, პურს არ გაგიყიდიან.
ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მართლა ვერ ვხვდები, ვის და რაში უნდა აწყობდეს ფასის გაზრდა პირველადი დანიშნულების პროდუქტზე. როცა პური ძვირდება, მეპურეებს ლანძღავენ, გეგონებათ, ეს ჩვენი ბრალი იყოს, არადა, მთლიანად დამოკიდებული ვართ ნედლეულის ფასზე“, - აცხადებს დოლიძე.
პურის მწარმოებელ კომპანიებს სერიოზული თავსატეხი აქვთ. როგორც კომპანია „იფქლში“ აცხადებე , ისინი ამ დრომდე ფასების შენარჩუნებას ახერხებენ და ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი საფასო ცვლილებას არ გეგმავს.
გარდა ფქვილის გაძვირებისა, არის მეორე სერიოზული პრობლემაც. სექტემბრიდან დედაქალაქში კომერციული ობიქტებისთვის იზრდება ბუნებრივი აირის ტარიფი. ეს კი პირდაპირ დარტყმას მიაყენებს პურპროდუქების ღირებულებას.
თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კბ/მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად. 80.5 თეთრი იქნება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში კომერციულ სექტორისთვის ბურნებრივ აისზე საფასურის გაზრდას ადასტურებს. როგორც „ბიზნესმედიას“ სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ამ შემთხვევაში ფასს თვითონ კომპანია ადგენს, თუმცა სემეკი აღნიშულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.
„ფასის შეთანხმება საჭირო არაა, მიწოდების ფასს ისინი თვითონ გასაზღვრავენ და ამ ნაწილში სემეკი არ მონაწილეობს, თუმცა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, იყო“, - აღნიშნავს ფანგანი.
„იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილის თქმით, ბუნებრივ აირზე ფასის მატება, რა თქმა უნდა, მწარმოებელებს რთულ სიტუაციაში აყენებს, თუმცა „იფქლს“ იმის რესურსი, რომ ფასები შეინარჩუნოს, ამ ეტაპზე ნამდვილად გააჩნია.
„ამისთვის მეტ-ნაკლებად მზად ვიყავით, თუმცა უფრო რთულ სიტუაციაში ის ფაქტი გვაყენებს, რომ ფქვილის ფასები ბოლო ორ კვირაში საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაზრდილია შესაფუთი ქაღალდის ღირებულება“, - აცხადებს გოგინაშვილი, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე პურზე ფასის ცვლილებას არ განიხილავს.
ბუნებრივ აირზე საფასურის გაზრდა მოულოდნელი აღამოჩნდა კომპანია „ბროტმაისტერისთვის“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ასლან ჩხაიძის განცხადებით, ეს უსიამოვნო ინფორმაციაა მწარმოებლებისთვის, თუმცა კომპანია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ არსებული ფასები შეინარჩუნოს და საფასო პოლიტიკა არ შეცვალოს.
„პურის კომპანიებისთვის არასახარბიელო მდგომარეობას ის ფაქტიც ქმნის, რომ ფქვილზე ბოლო ორ კვირაში ფასები მკვეთრად გაიზარდა. ზოგადად ნამდვილად უსიამოვნო სიახლეებია“, - აცხადებს ჩხაიძე.