კომპანიამ, რომლის გამოც მეტრო „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოინგრა, კიდევ 2 ტენდერი მოიგო. თუ როგორი პრინციპულია სახელმწიფო თავის გადაწყვეტილებებში, ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ეს შემთხვევა საერთოდ ცინიზმია. „ყვარელმშენმა“ სახელმწიფო უწყებების ტენდერები მოიგო უდიდესი ინციდენტიდან 2-3 თვეში. მათგან ერთ-ერთი უწყება, ანუ სასამართლო სწორედ მეტრო „ვარკეთილის“ საქმეს იხილავს და ჯერაც არ დაუსრულებია.
„კომერსანტმა“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აღმოაჩინა, რომ „ყვარელრემმშენმა“ კიდევ ორი ტენდერი მოიგო.
1) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური:
ტენდერი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა 31 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 259 922 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 4 კომპანია იღებდა თუმცა, გამარჯვებული შპს „ყვარელრემმშენია“, მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი - 235 610 ლარია. კომპანიამ სარემონტო სამუშაოები უნდა აწარმოოს.
2) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:
ტენდერი საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 7 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 126 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვებული პრეტენდენტი ისევ შპს „ყვარელრემმშენია“. მათ მიერ შეთავაზებული თანხა კი 107 250 ლარია. ამ შემთხვევაში განარჯვებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის რემონტი უნდა განახორციელოს.
„ყვარელრემმშენმა“ 2011-18 წლებში 16 ტენდერი მოიგო, სადაც მათ სკოლისა და რამდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სამშენებლო სამუშაოები განახორციელა.
ამჟამად მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, თუმცა პროკურატურაში ასევე ცალკე წარმოებად რჩება ამავე ფაქტზე საჯარო მოხელეების მიმართ მიმდინარე საქმე, რადგან სარემონტო სამუშაოების ხარისხი მერიის სატრანსპორტო სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა. ამ ეტაპზე კი ამ კუთხით საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ ჰყავს მიცემული.
მეტროს ინციდენტი ინავრის ბოლოს მოხდა. მაშინ დედაქალაქის ხელმძღვანელობა ძალიან პრინციპული და დაუნდობელი იყო.
„ნამდვილად სამწუხაროა ეს ფაქტი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ზოგადად მშენებლობებს, მის ხარისხს და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება ამ კონკრეტულ ფაქტს. მე მგონი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია “, - აცხადებდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ვარკეთილის სადგურის სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 347 852 ლარი შეადგინა, ჭერი კი მეტროში რეაბილიტაციიდან 5 თვეში ჩამოინგრა. აღსანიშნავია ის, რომ ხელშეკრულების მიხედვით საგარანტიო ვადა 10 წელი იყო.