ლარს ჯერ შავი პარასკევი გაუთენდა და შემდეგ - შავი ორშაბათი. ამ 2 დღეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 16 პუნქტით გაუფასურდა და ახლა ქვეყანა სავალუტო პანიკის წინაშე აღმოჩნდა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები გაცილებით უარეს დღეში არიან. თურქეთსა და რუსეთში უკვე გამოკვეთილი კრიზისია.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს სათანადო გეგმა, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან მუდმივი კონსულტაციები იმართება.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს. მათ აქვთ სათანადო გეგმა, რომ სტაბილურობა უზრუნველყონ და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი იქნება მიღწეული“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კურსთან მიმართებაში უარყოფითი ტენდენციების მიზეზებზეც ისაუბრა.
„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს ქმნის, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც ჩვენთვის სახარბიელო იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
მთლად ასეთი ოპტიმიზმით აღსავსე ვერ არიან „ქართული ოცნების“ რიგითი წევრები. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გოგა გულორდავა იმედოვნებს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება, მაგრამ მანამდე გარკვეული რყევა იქნება.
„ვხედავთ ყველა, რა პროცესები მიმდინარეობს რეგიონში ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის თურქეთი, რუსეთი, როგორ უფასურდება მათი ვალუტა. არ შეიძლებოდა, ამ ფაქტორებს გავლენა არ ექონია ჩვენთანაც... რა თქმა უნდა, კურსის მცირეოდენი ზრდა ამ მოკლევადიან პერიოდში, სანამ სტაბილიზაციას მიაღწევს, რაღაც დოზით აუცილებლად შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა გულორდავამ.
გაცილებით არასახარბიელო პროგნოზი ისმის ანალიტიკოსებისგან. თურქეთში, გაგრძელებული სავალუტო კრიზისის ფონზე, „გალტ ენდ თაგგარტი“ წლის ბოლოსთვის, დოლარის მიმართ ლარის 2.70-ის ნიშნულზე დაცემას პროგნოზირებს, ნაცვლად ადრე ნავარაუდევი 2.60-იანი ნიშნულისა. მათი აზრით, აშშ დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის ეტაპობრივი კორექტირება აუცილებელი პროცესია ლარის რეალური პოზიციების დასაფიქსირებლად თურქულ ლირასა და რუსულ რუბლთან, რომლებიც საქართველოს ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგნენ.
კომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და მდგრადი საგარეო შემოსავლები ლარს დაეხმარა რეგიონული ვალუტების მიმართ იმუნიტეტის შენარჩუნებაში, თუმცა მას შემდეგ რაც 10 აგვისტოს ლირამ კრახი განიცადა, ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო და დოლარის მიმართ 1 დღეში 3.9% დაკარგა.
პირველი კომენტარი გააკეთეს ბანკირებმა. „თიბისი ბანკის“ ფინანსური დირექტორი ლარის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს. გიორგი შაგიძის განმარტებით, ქვეყნის შიგნით მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები, რაც ლარზე ახდენს გავლენას, დადებითია.
„არ გვგონია, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებთან გვქონდეს საქმე. ჩვენი აზრითაც, კურსის ცვლილება გარე ფაქტორებს, მათ შორის, ლირას გაუფასურებას უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი არის თავისუფალი ვალუტა, მასზე გავლენას ახდენს ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ვნახეთ გასულ კვირას, რაც ხდებოდა თურქეთის სავალუტო ბაზარზე. თუ რამე მოუვა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტას, ეს აისახება ლარზეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად იგივენაირად, იგივე ამპლიტუდით გაუფასურდება ლარი როგორც მაგალითად, რუბლი ან ლირა“, - განაცხადა შაგიძემ.
ეკონომისტების ნაწილი ამ პოზიციას არ იზიარებს და ლარის გაუფასურებას და პროცესებში „ხელოვნურ ჩარევას“ უკავშირებს.
როგორც ეკონომისტი აკაკი ცომაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ქვეყანაში ლარის ამგვარი გაუფასურება ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობამ გამოიწვია. ბიზნეს წრეებში გაჩნდა მოლოდინი, რომ რადგან მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან ვალუტა უფასურდება, ლარსაც იგივე ბედი ელის, შესაბამისად, სწრაფი ტემპით ლარს „იშორებენ“ და დოლარს ყიდულობენ.
„საქართველოს შემთხვევაში თურქეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი, შესაბამისად, როდესაც სავაჭრო პარტნიორებში ვალუტა უფასურდება, ჩვენთანაც იქმნება მოლოდინი, რომ ლარიც უნდა გაფასურდეს. შემდეგ ეს მოლოდინი ქმნის იმ წინაპირობას, რომ კომპანიები, მსხვილი იმპორტორები და ინვესტორები იშორებენ ლარს და ყიდულობენ დოლარს, რადგან ჩვენთან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. ახლა სწორედ ეს პროცესი მიდის საქართველოში და ლარის გაუფასურების რეალური მიზეზიც ეს არის“, - აცხადებს ცომაია.
ლარის გაუფასურებას „ხელოვნურ პროცესებს“ უკავშირებს ფინანსისტი დავით წიქარიძე. მისი თქმით, წარმოუდგნელია, მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასება ასეთი სწრაფი ტემპით მოქმედებდეს ლარზე.
„თურქული ლირას გაუფასურება აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ლართან. ასე უცებ ახდენდეს გავლენას, წარმოუდგენელია, რადგან ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. მიდგომა, რომ მეზობელ ქვეყანაში ვალუტა გაუფასურდა და ჩვენთანაც ამიტომ უფასურდება, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი. მე პირადად ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, რომ ეს აბოლუტურად ხელოვნურად მართული შიდა პროცესებია, თუმცა ვინ დგას ამის უკან, ამაში ნამდვილად არავინ ჩამახედებს. მაქსიმუმზეა ვალუტის შემოსვლა, ამასთან არაფერი გაყიდულა და არც მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განხორციელებულა, რომ ლარის ამგვარი გაუფასურება მომხდარიყო. აქ რაღაც სხვა რამ ხდება“, - განაცხადა წიქარიძემ.