თბილისში 500 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება და აქედან 50%-ზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კერძო ტრანსპორტს რომ თავი დავანებოთ, ნორმალური მდგომარეობა არც სახელმწიფო სტრუქტურებშია. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიის კუთვნილი 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მინიმალურადაც არ აკმაყოფილებს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს, რის გამოც მათი ექსპლუატაციიდან ამოღება მოხდება.
„მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ექვემდებარება. ამ ეტაპისთვის მერიის კუთვნილი 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მინდა დაგავალოთ, რომ ეს ავტომობილები ამოიღოთ ხმარებიდან, რადგან სწორედ ასეთი ავტომობილები აბინძურებს გარემოს.
არ ვეთანხმები იმას, რომ მხოლოდ ყვითელი ავტობუსები ქმნის პრობლემას, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პრობლემის, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით გვაქვს. მსუბუქი მანქანებიც ქმნიან სერიოზულ პრობლემას. თბილისში 500 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 50%-ზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მგონია, რომ ტექნიკური ინსპექტირება ამ კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მთავრობაში კი ეიმედებათ, რომ ტექდათვალიერება ყველაფერს მოაგვარებს, მაგრამ რეალობაში ეს ასე სულაც არ არის. მძღოლებმა უკვე გამოძებნეს გზები შემოწმების მარტივად გასავლელად და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. სამომავლოდ მანიპულაციები კიდევ უფრო დაიხვეწება. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტებიც არსებობს და ვიდეომასალაც, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების ცენტრში ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - მისი გამონაბოლქვის კოეფიციენტი რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმას. შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება რამდენიმე საათში კვლავ შემოდის ცენტრში და იმავე გამზომ ხელსაწყოზე შემოწმებისას პარამეტრები უკვე ნორმაშია.
„მაგალითად, ერთ შემთხვევაში ავტომობილის პირველადი ინსპექტირებისას 7,5 იყო გამონაბოლქვის კოეფიციენტი, განმეორებით ინსპექტირების დროს კი ხელსაწყომ 0,7 აჩვენა. საწვავი და საცხებ-საპოხი მასალებიც რომ შეცვალოს მძღოლმა, ამგვარ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ვვარაუდობთ, რომ მძღოლები მანიპულაციებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც მითხრა, რომ ტექინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე მაყუჩზე ასმილილიტრიან პოლიეთილენის ბოთლს ამაგრებენ და ძრავას რამდენიმე წუთს მაღალ ბრუნზე ამუშავებენ, რაც „კარგ შედეგს“ იძლევა ინსპექტირებისას.
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ელექტრონული სისტემით ხდება და პერსონალი გამზომი ხელსაწყოს მონაცემებში ვერ ერევა. მოკლედ, იმის ნაცვლად, დახარვეზებული ავტომობილის მძღოლებმა მანქანის შიგაწვის ძრავა მოაწესრიგონ, რაც ნამდვილად არ არის იაფი, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რომ გაიარონ ტექინსპექტირება“, - ამბობს იორდანიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარა 56 906-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, აქედან გამართულია 41 998 (73%) მანქანა, ხოლო დახარვეზდა 13 360 (27%).
დაწუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 2018 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით, განმეორებითი ტესტირება გაიარა 9 655-მა ავტომობილმა, საიდანაც განმეორებით დახარვეზდა 440. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გზაზე გადაადგილება აეკრძალა 1 539 (27%) სატრანსპორტო საშუალებას.