საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 12-დან 20%-მდე შეამცირა. შემცირება განსაკუთრებით რეგიონებში, უფრო მეტად კი დასავლეთ საქართველოში იგრძნობა.
სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს ერთი მხრივ, ისევ ბანკების იმედი აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ, ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ახლა დღის წესრიგში დგას არა განვითარება, არამედ არსებული ვითარების როგორმე შენარჩუნება.
„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ მათი განვადებებიც 12-დან 15%-მდე შემცირდა, თუმცა ეს განსაკუთრებით რეგიონებში, განვადების შემცირება საერთო გაყიდვებზე მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც აისახა.
„განვადება რეგიონებში უფრო შემეცირდა, თბილისში ნაკლებად. აქ უფრო სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს ხალხი და ალბათ, ამის გამო შედარებით არ ასახულა. განსაკუთრებით ვარდნა შესამჩნევია დასავლეთ საქართველოში. დაახლოებით მონაცემებით, განვადებებით ტექნიკის შეძენა 12-15 %-მდე შემცირდა.
საერთო გაყიდვებზე ბოლოდროინდელი ტენდენცია ძალიან არ ასახულა, მაგრამ რეალიზაცია, წესით, იმაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამჟამად გვაქვს. ამის მიზეზიც ის არის, რომ რეგიონებში შემცირებულია ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, სწორედ განვადების შეზღუდვის გამო“, - აცხადებს მეჰმედ მელექი.
საკითხის თავისთავად მოგვარების იმედი არ აქვთ „ტექნო ბუმში“ და ამიტომ თავად აპირებენ სიახლის დანერგვას. კომპანია ინტერნეტ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს. სანაცვლოდ კი მაღაზიათა ქსელის გაფართოებაზე უარს ამბობს. „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბაზრის დადებითი ტენდენცია უფრო მეტად ინტერნეტ გაყიდვებზეა, ამიტომ კომპანია ამჟამად ახალი ფილიალების გახსნით არ ინტერესდება. თანაც ონლაინ გაყიდვები ნაკლებხარჯიანია და ის ბაზარზე მოთხოვნადობის მიხედვით გაგრძელდება.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტექნიკის მაღაზიათა ქსელებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა: „ბაზარზე რთული მდგომარეობა, რაც რეალიზაციის შემცირებამ გამოიწვია. 2014 წლამდე ბაზარი აღმავალი იყო, ხოლო როდესაც 2015 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და სამეზობლო ქვეყნებში ნავთობის ფასების ვარდნამ კრიზისები გამოიწვია, ეს ბუნებრივია ჩვენზეც აისახა. ქვეყანაში ვალუტის შემოდინება შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, მსყიდველუნარიანობაზე აისახა. მოქალაქეები, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის შეძენაზე გადაერთვნენ, რაც ტექნიკის მაღაზიებზე პირდაპირ აისახა“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოკითხულ ტექნიკის მაღაზიებს შორის, განვადებების შემცირების ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს „სმაილს“. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ქეთი კოზმანაშვილის თქმით, ბოლო 2 თვეში მათი განვადებები 20% შემცირდა.