დაროვებითი საპენსიო რეფორმისთვის ყველა გზა გაიხსნა. პარლამენტმა კანონი მიიღო და ახლა მთავრობა სისტემის შექმნაზე მუშაობს. არის ერთი დიდი ხელის შემშლელი მიზეზი. მთავრობის გარდა ახალი რეფორმა არავის მოსწონს. ბიზნესი უკმაყოფილოა, მოქალაქეები - დაეჭვებულნი და პარლამენტშიც აზრთა სხვადასხვაობაა.
დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. ასევე იარსებებს, საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი როგორც კომპანიებისთვის, ასევე დასაქმებულებისათვის.
ასეთი მოდელი და ზოგადად რეფორმა არათუ ექსპერტებისთვის, არც ბიზნესისთვისაა მისაღები. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადი დიდ ტვირთად დააწვება.
„საპენსიო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ის რისკი, რის წინაშეც, შესაძლოა, ბიზნესი აღმოჩნდეს. მთავარი საკითხი, რაც საპენსიო რეფორმასთან მიმართებით გასათვალისწინებელია არის ასეთი: როგორც არ უნდა ვთქვათ, ის 2%-იანი მაჩვენებელი, რაც ბიზნესის მხრიდან არის გადასახდელი კონკრეტული დასაქმებული პირების მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში არის ტვირთი, შესაძლოა, მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებად, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მას აქვს დამძიმების ფუნქცია.
გარდა ამისა, გრძელ ვადაში, შესაძლოა, ეს 2% გახდეს 4% და მეტი, რისგანაც დაზღვეული არ არის ბიზნესი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა“, - განუცხადა „ბიზნესმედიას“ ლექვინაძემ.
მისივე განმარტებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნეს ასოციაციებთან აქტიური კომუნიკაცია ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს.
პროფესორი ვახტანგ ჭარაია კიდევ უფრო მწვავე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედება, სავარაუდოდ, შავი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„დამსაქმებელი ვალდებულია ჩაერთოს საპენსიო რეფორმის სისტემაში და შედეგად ხარჯებიც იზრდება 4%-ით. მართალია დამსაქმებელს მხოლოდ 2%-ის გადახადა უწევს და დანარჩენ 2%-ს იხდის დასაქმებული, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე სერიოზული რისკი: არ გაიზრდება ხელფასები, რადგან ორგანიზაციებს, როგორც წესი, სახელფასო ფონდი დაგეგმილი აქვთ და მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ მოარგებენ ფინანსებს. საბოლოოდ, დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა.
მეორე რისკია სამუშაო ადგილებიდან თანამშრომლების შესაძლო დათხოვნა, რადგან ამხელა სახელფასო ფონდი შეიძლება დამსაქმებელს არ ჰქონდეს განსაზღვრული. მოკლედ, საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“, - აღნიშნავს ჭარაია.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ შეიძლება რეფორმამ პირველ ეტაპზე მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიუხედავად ყველაფრისა, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა მომავალზე ორიენტირებულია და დეპუტატის აზრით, ამით ღირსეულ პენსიაზე საუბარი არა თეორიულად, არამედ რეალურად შესაძლებელია.
„მსგავსი სახის სისტემა 122 ქვეყანაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ბაზარზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, კერძოდ იმ პირებისა, ვისთვისაც რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება, თუმცა როდესაც შედეგები დადგება, ეს დამოკიდებულებაც შეიცვლება“, - განაცხადა ზოიძემ.