"ძველი თბილისის" პროექტის მესამე ეტაპს საფრთხე ემუქრება

„მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა“ პროექტმა - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ 13 სამშენებლო კომპანია პირში ჩალაგამოვლებული დატოვა. მერიისგან შეგულიანებულმა კომპანიებმა, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე უფრო მეტი პროექტი დაფინანსდებოდა, ტენდერზე მსხვილი პაკეტები წარადგინეს. მოულოდნელად კი მეორე ეტაპზე, პირველთან შედარებით, უფრო ნაკლებმა კომპანიამ მიიღო თანხა. აქედან გამომდინარე, შედგება თუ არა საერთოდ მესამე ეტაპი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

არადა, ხელისუფლებაში იმასაც კი ამბობდნენ, რომ დიდი წარმატების გამო ამ პროექტს უამრავი მიმბაძველი გაუჩნდა, მათ შორის პროგრამით ამერიკელები და ევროპელებიც კი დაინტერესდნენ. უფრო მეტიც, მენაშენეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი იმასაც კი ამბობდა, რომ თუ მსოფლიოში აქამდე ბარსელონასა და ლისაბონის მოდელები არსებობდა, ახლა თბილისური მოდელიც არსებობს.

ასეთი პიარიდან გამომდინარე დეველოპერების მოლოდინი გასაკვირი არც იყო. ამიტომაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ მოთხოვნა 200 მილიონ ლარზე გააკეთეს იმ იმედით, რომ მარად დაუსრულებელ მშენებლობებს, ბოლოს და ბოლოს, დაასრულებდნენ. ტენდერის შედეგების გამოცხადება რამდენჯერმე გადაიდო და დეველოპერებში გაჩნდა იმის შიში რომ რაღაც კარგად ვერ იყო.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 200 მილიონის ნაცვლად, ბანკები მხოლოდ 47 მილიონის დაფინანსებაზე დათანხმდნენ. დედაქალაქის ეკონომიკური სამსახურის განმარტებით, მე–2 ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც კვადრატულ მეტრ მიწაზე 490 დოლარზე ნაკლები ფასი წარმოადგინეს.

ასე რომ, 23 კომპანიიდან მხოლოდ 9-ს გაუმართლა – „არსი“, „კიდ არქიტექტურა“, „კალასი“, „კერა პლიუსი“, „თბილელი ჰაუსი“, „სევენ სქაი“, „ბაგები სითი“, ასევე ამხანაგობები „გუნიას 22“ და „ქეთევან წამებულის 64“ დაფინანსდებიან. მათ სესხს „საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „კორ სტანდარტ ბანკი“ და „ბაზისბანკი“ გამოუყოფენ. 1 ეტაპზე კი 11–მა კომპანიამ ჯამში 53 მილიონი ლარი მიიღო.

„კიდ არქიტექტურას“ პროექტის ფარგლებში ერთი მშენებლობა „ვილა ვაკის“ მშენებარე პროექტი დაუფინანსდება. პირველის მსგავსად მეორე ეტაპშიც მოხვდა კომპანია „კალასი“. კომპანიამ დასაფინანსებლად კვლავ ვაკის საცხოვრებელი კომპლექსი „ვაკე პალასი“ წარადგინა. „კალასის“ დირექტორის განცხადებით, მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და ახალი ბინით ძველი თბილისის 70 ოჯახი დაკმაყოფილდება.

უმსხვილესი დეველოპერები „აქსისი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და „ნიკე“ საერთოდ პროექტს მიღმა დარჩნენ. არადა, ამასწინათ „აქსისის“ ხელმძღვანელმა „გადაგდებულ“ კლიენტებს ბოდიში მოუხადა და ამასთანავე განაცხადა, რომ მერიის პროექტში აქტიურად მონაწილეობდა და სიტუაცია უკეთესობისკენ მიდიოდა. კომპანიაში ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ მერია და ბანკები დაფინანსების გარეშე დატოვებდნენ.

„მერიაში ვინც მსხვილი პაკეტები წარადგინა დაფინანსების გარეშე დარჩა. რატომ არ დააფინანსეს ეს პაკეტები ვერ გეტყვით, ალბათ, მერიაში უნდა იკითხოთ. თუმცა რა თანხაც გამოიყო ბაზრისთვის ესეც კარგია, სამშენებლო კომპანიებმა ბანკებთან ურთიერთობა თვითონ უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა კომპანია „ნიკეს“ გენერალურმა დირექტორმა რომეო სარიამ.

კომპანია „კიდ არქიტექტურას“ წარმომადგენელის გიორგი მირიანაშვილის განცხადებით, შეიძლება პირველი ტენდერის გამოცდილებამ კომპანიები ცოტა მოადუნა, ვინაიდან პირველ ეტაპზე ყველა კომპანია დაფინანსდა, რომელმაც მერიაში განაცხადი შეიტანა.

„ბანკებთან შეხვედრები ისევ გაგრძელდება. ამ პროგრამის ანაბარა ვერ ვიქნებით“, - აღნიშნა გიორგი მირიანაშვილმა.

იმედგაცრუებული დეველოპერები ბანკებთან შელახული იმიჯის აღდგენას საკუთარი ძალებით ცდილობენ. მენაშენეთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ გიორგი კაპანაძემ, ბანკებს სამშენებლო პროექტებში თანამონაწილეობაც კი შესთავაზა. კერძოდ მოხდება კონკრეტული პროექტის სრული ღირებულების დათვლა, საიდანაც 20%–ს დეველოპერული კომპანია დადებს, დანარჩენს კი ბანკი და მოგებაც შესაბამისად გადანაწილდება.