ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა სავლუტო ინტერვენციებმა ლარი ფაქტობრივად, ერთ ადგილზე გაყინა. ივნისიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა 2,44-2,45-ის ფარგლებში ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყრებისკენ არის მიდრეკილი, ეროვნული ბანკი მას პოზიციების გაუმჯობესების საშუალებას არ აძლევს.
სებ-მა სავალუტო აუქციონის მეშვეობით წელს ბაზარს თითქმის 87,5 მლნ დოლარი „გამოაცალა“, აქედან 27,5 მლნ დოლარი ბოლო 3 კვირაში.
წელს პირველად სებ-მა 20 000 000 დოლარი 3 აპრილს შეიძინა. 22, 25 და 28 ივნისს სებ-მა 10-10 მილიონი დოლარი, ჯამში 30 მილიონი იყიდა. 20 მილიონი დოლარი შეისყიდა ეროვნულმა ბანკმა 11 და 27 ივლისს გამართულ აუქციონზე, 1-ელ აგვისტოს კი 17,5 მილიონი დოლარი იყიდა.
აღსანიშნავია, რომ წელს სებ-ს დოლარი საერთოდ არ გაუყიდია. სავალუტო აუქციონი, სადაც ბაზრისთვის დამატებითი დოლარის მიწოდება მოხდებოდა, არც 2017 წელს გამართულა. თუმცა, 2018 წლის ანალოგიურად, 2017 წელსაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად შეივსო.
„ბიპიენის“ ცნობით, 2017 წელს სებ-მა 129 750 000 დოლარი იყიდა, შედეგად ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან 217 250 000 დოლარი ამოიღო.
იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტი 2,5-ის ნიშნულზეა დაგეგმილი, ცხადია, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრად გამყარება არც მთავრობის და არც სებ-ის ინტერესში არ შედის. კურსის მერყეობას, იქნება ეს ლარის გამყარება თუ მით უფრო, გაუფასურება, ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს ბიზნესზეც. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ლარის კურსის ასეთ ნიშნულზე დაბალანსებით მთავრობა და სებ-ი ფაქტობრივად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ეროვნულ ბანკში პირდაპირ ამბობენ, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ვერანაირ მოლოდინს ვერ შექმნიან. გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ თუ რა კურსი იქნება შემოდგომაზე, ამაზე ახლა საუბარი შეუძლებელია და ინფორმაცია სებ-ს არ გააჩნია.
ეკონომისტები ასეთ მიდგომას არ იზიარებენ. ირაკლი მაკალათიას აზრით, მოლოდინის შექმნა და მოსახლეობისთვის პროგნოზის მიწოდება, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, აუცილებელია და ეს სებ-ის პრეროგატივაა, რომელსაც თავი არ უნდა აარიდონ. რაც შეეხება ბიზნესს, მისთვის მთავარი ბაზრის პროგნოზირებაა.
„ქვეყანაში არასტაბილური ბაზარი გვაქვს, ისეთი არაპროგნოზირებადი, რომ ეროვნულ ბანკსაც კი უჭირს პროგნოზის გაკეთება, არათუ ცალკეულ ექსპერტებს და კვლევით ორგანიზაციებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეკონომიკა მეტწილად არის დოლარიზებული და უცხოური ვალუტა გავლენას ახდენს ქვეყანაში ფასებზე, სწორედაც რომ პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი ამ პროცესებზე.
მოლოდინის შექმნა და მოსახლეობისთვის პროგნოზის მიწოდება (იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი) სწორედ მათი პასუხისმგებლობაა და ამ ვალდებულებას არ უნდა გაექცნენ. ბიზნესისთვის მთავარია ბაზრის პროგნოზირება. თუ არ ეცოდინებათ, მომდევნო პერიოდში ლარის კურსი როგორი იქნება და ბაზარზე რა გავლენას მოახდენს, ცხადია, ასეთი პირობებში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და რაღაც ძვრებზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა მაკალათიამ.