არნახული ზრდა თამბაქოს ინდუსტრიაში

არნახული ზრდა თამბაქოს ინდუსტრიაში

სიგარეტის გაძვირების კვალდაკვალ მისი მოხმარება უნდა შემცირებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. წლის დასაწყისიდან თამბაქოს იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლების ისეთი ზრდა დაფიქსირდა, რომ ყველა გაოცებული დარჩა.

სტატისიკის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოდან სიგარეტის ექსპორტი 11-ჯერ გაიზარდა. აქცზიცის გადასახადის ზრდის შემდეგ, 2014 წლიდან, იმპორტის მუდმივი კლება მიმდინარეობდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წელს ქვეყანაში შემოვიდა 103,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სიგარეტი, 2014 წელს ამავეპერიოდში კი ეს მაჩვენებელი 115,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. აქციზის ზრდის პირვანდელი შედეგი 2014-დან 2015 წლამდე 10%-იანი კლება იყო. 2016 წელს კი, იმპორტის მოცულობა 102 მილიონამდე შემცირდა.

თამბაქოზე აქციზი რამდენიმე ეტაპად გაიზარდა. აქციზის ზრდამ ლარის გაუფასურებასთან ერთად, სიგარეტი გააძვირა. 2018 წლის იანვარ-ივნისში სიგარეტის, სიგარებისა და სიგარილების 53,773 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11-ჯერ მეტია.

ყველაზე დიდი ოდენობით საქართველოდან სიგარეტი აზერბაიჯანში გადის - 6 თვეში 38,7 მილიონი დოლარის თამბაქო გავიდა. ექსპორტის მოცულობამ უზბეკეთში - 6,1 მილიონი დოლარი, ყაზახეთში - 5,8 მილიონი დოლარი, სინგაპურში კი - 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, გაზრდილია სიგარეტის იმპორტიც - 2018 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში 63,5 მილიონი დოლარის თამბაქოს ნაწარმი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

ამ მონაცემებიდან დასტურდება, რომ მთავრობა ზრდიდა აქციზს სიგარეტზე, მაგრამ ბაზარი არ შემცირებულა. 2017 წლის რადიკალურმა აქციზის ზრდამ ანახა, რომ მოხმარება არ დაკლებულა, ხოლო იმპორტი საერთოდაც გაიზარდა. რეგულაციის მიზანი მიუღწეველი დარჩა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო მჭედლიშვილის თქმით, აქციზის ზრდის და სიგარეტის გაძვირების შედეგი ისაა, რომ მომხმარებელი უფილტრო სიგარეტზე გადავიდა.

„რას ვხედავთ ჩვენ შედეგად? უფილტრო სიგარეტზე 2-ჯერ ნაკლებია აქციზი, ვიდრე ფილტრიანზე, მომხმარებელი გადავიდა უფილტროზე, რომელიც გაცილებით უფრო დამაზიანებელია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ფილტრიანი.

საქართველოში 80%-90% არის იმპორტირებული სიგარეტი და მთლიანი ბაზარი შემცირებული არ არის“, - აცხადებს მჭედლიშვილი.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უნდა გადავხედოთ რეგიონს. სომხეთში ძალიან დაბალია და თურქეთს თუ არ ჩავთვლით, საქართველო რეგიონში ლიდერია აქციზის განაკვეთის კუთხით.

„აქციზის ზრდა მოხმარების შემცირებას არ იწვევს, პირიქით, იწვევს არალეგალური პროდუქციის შემოდინებას, რაც ურტყამს ბიზნესს და საბოლოო ჯამში, ისევ სახელმწიფოს, რადგან აქციზის გადასახადი იმ ოდენობით აღარ შედის ბიუჯეტში“, - აღნიშნა „ბრიტიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორაციულმა დირექტორმა ზვიად სხვიტარიძემ.

გარდა ამისა, ექპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ზრდაში სხვა მომენტებიც იკვეთება. სავარაუდოდ, ადგილობრივი მწარმოებლები ცდილობენ მეზობელი ქვეყნების ბაზარი აითვისონ.

„თამბაქოს მოხმარებაზე და რეალიზაციაზეა საქართველოს მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს მეზობელ ქვეყნებში. თურქეთშიც კი, სადაც აკრძალვები მოქმედებს, ის ბევრად მსუბუქია არც ასეთი მკაცრია და არც ამდენად აქტუალური ეს თემა.

ამიტომ, შესაძლოა, ქართულმა კომპანიებმა დაიწყეს ბაზრების დივერსიფიცირება და თუ ადრე ორიენტირი ადგილობრივი ბაზარი იყო, ახლა გაყიდვების შემცირების შიშით, მეზობელი ქვეყნების ათვისებაც გადაწყვიტეს. რეალურად, დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით კომპანიების მხრიდან უნდა ვრცელდებოდეს. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვით. ეს შიდა ინფორმაციაა, რომელიც თავად მწარმოებლებს აქვთ“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.