ჩვენ გვახსოვს ირაკლი შოთაძის გადადგომა, ახლა ამას მოჰყვა ნინო გვენეტაძის გადადგომა... ამასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ამ კითხვებში უმთავრესია, ვინ არის სასამართლოსა და პროკურატურაში მოკალათებული ის რუხი კარდინალი, რომელიც სისტემას მართავს და თავისუფალი მოქმედების არეალს არ უტოვებს ამ სისტემაში ახლადდანიშნულ ხელმძღვანელ პირებს?!
ამის შესახებ For.ge-ს უფლებადამცველი ირმა ჭკადუა ესაუბრა.
ნინო გვენეტაძე ძალადობის მსხვერპლად გრძნობდა თავს, შეიძლება ზუსტად ამით აიხსნას მისი გადადგომის ფაქტი? მართლაც გაუსაძლისი ვითარებაა საერთო სასამართლოებში და რეალურად სააპელაციოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე მართავს პროცესებს ნინო გვენეტაძის ნაცვლად?
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ქალბატონი ნინოს გადადგომა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. მართალი გითხრათ, როდესაც ქალბატონმა ნინომ პირველი განცხადება გააკეთა ზეწოლასთან დაკავშირებით, მაშინვე ველოდით, რომ მისი შემდგომი ნაბიჯები ამდაგვარი იქნებოდა და ის გადადგებოდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვას, ნამდვილად ხდებოდა თუ არა ასეთი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ ზეწოლა. ის, რომ სასამართლო სისტემაში ყველაფერი იდეალურად არ არის, ყველამ კარგად იცის, როგორც მოქალაქეებმა, ისე ადვოკატებმა. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ნინო გვენეტაძის პერიოდში იმატა გამამართლებელმა განაჩენებმა, თავის დროზე ის გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო და სამართლიანი მოსამართლე, თუმცა უზენაესი სასამართლოს რანგში მის მოღვაწეობას რაც შეეხება, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რას ითხოვდნენ მისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდაც.
ვინც აპირებს და ფიქრობს, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მან უნდა იცოდეს, რომ უნდა გამოირჩეოდეს პრინციპულობით. მომავალმა თავმჯდომარემ უნდა გასცეს ამომწურავი პასუხები იმ ადამიანების სისტემაში დარჩენას და მომავალში საქმეების გაგრძელებას, რომელთა მისამართითაც არსებობს პრეტენზიები, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე, მართლმსაჯულების განხორციელების სხვადასხვა შტოში. სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს, ვინ არიან რუხი კარდინალები, რადგან არ შეიძლება, ერთი ადამიანი მართავდეს პროცესებს ნებისმიერ სისტემაში, სადაც არ უნდა იყოს. მით უფრო, არავის აქვს უფლება, ზეწოლას ახდენდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე. თუმცა იქ, სადაც არსებობს ნეგატივები, არსებობს დადებითი ელემენტებიც.
ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის შემოქმედი არის ხალხიც და ხალხი ნამდვილად იმსახურებს, იცოდეს, რა პროცესები მიმდინარეობდა, რა ხდებოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რატომ ამბობდა ქალბატონი ნინო, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ამასთან, თუკი მისი გადადგომის მიზეზი ზეწოლაა, ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს საგამოძიებო ორგანოები.
ნინო გვენეტაძე გასულ წელს ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობდნენ, გაეგრძელებინათ ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა, რათა მას საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ამის მეტს არაფერს აკონკრეტებდა. ვინ არის ჩინჩალაძე, რომელიც უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და პროკურატურიდან წამოსული კადრია, მართლაც შეუზღუდავია მისი უფლებები, ან რომელიმე კონკრეტულ საქმეს შეეძლო გვენეტაძის გადადგომა გამოეწვია?
- აბსოლუტურად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მისი გადადგომა კონკრეტულმა საქმემ გამოიწვია. გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, თუკი ასეთი რუხი კარდინალები არსებობენ სისტემაში და, თუკი იცის ქალბატონმა ჯანეზაშვილმა იმაზე მეტი, რაც ჩვენ ვიცით, მან აუცილებლად უნდა ისაუბროს ამის შესახებ ისევე, როგორც ქალბატონმა ნინომ ღიად უნდა ისაუბროს გადადგომის მიზეზებზე. მე ვიცი და მქონია ჩემს პრაქტიკაში ბევრი საქმე, როცა უზენაეს სასამართლოში ნამდვილად ვიპოვეთ სამართალი მაშინ, როცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ვერ ვიპოვეთ. იყო საპირისპირო შემთხვევებიც, როცა პირველ და მეორე ინსტანციას გამამართლებელი განაჩენები ჰქონდა გამოტანილი, ხოლო უზენაეს სასამართლოში სხვაგვარი შედეგი დამდგარა, რადგან პრაქტიკა არასწორი იყო და ამას ნინო გვენეტაძეს ვერ დავაბრალებთ გამომდინარე იქიდან, რომ იგი არ იხილავდა სისხლის სამართლის ყველა საქმეს.
ყველამ ვიცით, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პირველ, მეორე, თუ მესამე ინსტანციაში არიან, ესენი არ არიან ახალი მოსამართლეები, ისინი ნინო გვენეტაძეს დახვდნენ და მას სახლიდან არ მოუყვანია. „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომაც გახლავთ ის, რომ მათ დატოვეს ის მოსამართლეები და უფრო მეტი ბერკეტებიც მისცეს, რომელთაც ქართველი ერის წინაშე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში იყო უაღრესად დიდი პრობლემები. დღეს სიტუაცია ცა და დედამიწასავით განსხვავდება, არ ხდება ის, რაც ხდებოდა ადრე, მაგრამ გარკვეულ ძალთა გადანაწილება და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა მაინც შეიმჩნევა, რისი თვალნათელი მაგალითიც გახლავთ ის, რომ დღეს სასამართლოებში ინიშნებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც მეუღლეები ჰყავთ მოსამართლეები, დაქალები ჰყავთ მოსამართლეები. ახალი სისხლის შევსება არ ხდება სასამართლოებში, რაც ძალიან ცუდია.
გვენეტაძე როცა მოდიოდა ამ პოსტზე, ბევრს მისი იმედი ჰქონდა, რადგან იგი თავად იყო რეჟიმისგან დევნილი მოსამართლე, ჰქონდა ძლიერი, შემტევი ხასიათი. იმ პერიოდში დამნაშავე მოსამართლეებიც მიყუჩებულნი და დაბნეულნი იყვნენ, მაგრამ გაირკვა, რომ ნინო გვენეტაძე წინააღმდეგობას ვერ უწევდა და თავად აღმოჩნდა კუბლაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მძევალი. გეგულებათ კი ამ პოსტზე ისეთი კანდიდატურა, რომელიც პიროვნულად ძლიერი იქნება?
- ასეთი ადამიანები, ალბათ, მოიძებნებიან. პრინციპულობა და შეუპოვრობა მნიშვნელოვანია, არც ერთ შემთხვევაში, ისინი არ უნდა დაექვემდებარონ იმ ჯგუფის შანტაჟს, რომელ ჯგუფსაც დღეს ხელში აქვს აღებული სასამართლოში მიმდინარე პროცესები. სრულიად წარმოუდგენელია, იუსტიციის საბჭოში გარკვეულ ჯგუფთა ზეგავლენა გაგრძელდეს და ამ საბჭოს წევრებზე იყოს დამოკიდებული, ვინ დაინიშნოს. დღეს ჩქარობენ, რომ ბევრი მოსამართლე გადაინიშნოს უვადოდ, მათ შორის, არიან ის მოსამართლეებიც, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვა არსებობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ სურთ, მაქსიმალურად შეავსონ სასამართლოს კვოტა და ჰყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სისტემას მართავდნენ. ეს მაშინ, როცა სასამართლო დამოუკიდებელი ხელისუფლება უნდა იყოს. იგი მესამე ხელისუფლებაა, მაგრამ, ამავდროულად, გამუდმებით გვესმის, რომ სასამართლოში ხდება ერთი ჯგუფის ზეწოლა მეორე ჯგუფზე. ცხადია, ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ.
ანუ სასამართლო სისტემასაც, პროკურატურის მსგავსად, ისევ „ნაცები“ მართავენ?
- „ნაცები“, გადმოპორტირებული „ნაცები“, თუ ახლანდელი ხელისუფლებისთვის მისაღები ადამიანები. არ მინდა, ეს დავიჯერო, რადგან წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყვნენ ამ ხელისუფლებისთვის მისაღები ის მოსამართლეები, რომელთა მიერ განხილული საქმეების საფუძველზეც ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში. დღეს, როცა ქალბატონ ნინოს მოუწია გადადგომა, მე არ ვიცი, მას რა პირობებში უწევდა მუშაობა. მე ვიცი ის, რომ მან დეკლარირებულად განაცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მართალია, მას ეს ფაქტი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინათ საგამოძიებო ორგანოებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ, თუკი ქალბატონი გვენეტაძე ექვემდებარება ზეწოლას, არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული ზეწოლისგან.
როგორი ძლიერი პერსონაც არ უნდა მოვიდეს ამ თანამდებობაზე, თუკი კარდინალური რეფორმების გატარებაში მას „ოცნება“ მხარს არ დაუჭერს, ისიც გვენეტაძესავით დაამთავრებს ამ პოსტზე თავის კარიერას. რეფორმების ე.წ. მესამე და მეოთხე ტალღები რიგითი მოქალაქეებისთვის არაფერს ნიშნავს.
- ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მისი მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის კარგი იქნება, მაგრამ, ამავდროულად, ეს იქნება მეორეხარისხოვანი, რადგან თვითონ უზენაესი სასამართლო აბსოლუტურად განყენებული, დამოუკიდებელი ორგანოა. ხელისუფლების მხარდაჭერა კი არ უნდა ჰქონდეს სასამართლოს, არამედ ის უნდა იყოს იმ დონეზე, რომ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გაბედოს და ვერ გადაიბიროს სასამართლო. სწორედ ასეთი ადამიანი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც დასაცავ მოსამართლეებს დაიცავს და პასუხს მოსთხოვს დამნაშავე მოსამართლეებს წარსულში ან აწმყო დროში ჩადენილი დანაშაულების გამო. თუკი ასეთმა მოსამართლეებმა პასუხი არ აგეს, ყოველთვის იქნება ცდუნება, რომ ამა თუ იმ მოსამართლემ ვიღაცისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს.
მაგრამ აქ ვაწყდებით კანონის უსუსურობას. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილისდროინდელი მოსამართლეები ხელშეუხებელნი იყვნენ. ამიტომ იმ პერიოდში ჩადენილ დანაშაულზე პასუხს როგორ მოსთხოვენ, თუ ეს კანონი არ შეიცვალა?
- რაც შეეხება კანონის შეცვლას, მე აღვნიშნე კიდეც, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მათ საკანონმდებლო ბაზა არ მოამზადეს იმისთვის, რომ დამნაშავე პროკურორები, დამნაშავე მოსამართლეები პასუხისგებაში მიცემულიყვნენ. როცა გყავს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 191 პატიმარი, ხოლო 25 პოლიტდევნილი, ეს ნიშნავს, რომ, მინიმუმ, ამდენი პროკურორი, ან მათი ნახევარი მაინც განიხილავდა მათ საქმეებს, თუკი ვიტყვით, რომ ერთ პროკურორს ორი ან სამი საქმე ჰქონდა განხილული. ასევეა მოსამართლეების შემთხვევაშიც, რომელთაც უკანონო განაჩენები გამოიტანეს და ისინი იყვნენ უკანონო ბრალდების ავტორები. სანამ ეს ადამიანები პასუხს არ აგებენ, მერწმუნეთ, ამ ქვეყანაში ყოველთვის იქნება უსამართლობის განცდა.
ნებისმიერი პროკურორი იტყვის, მე რატომ უნდა ვაგო პასუხი, როდესაც ჩემი წინამორბედი ამაზე უარესს აკეთებდა და მას პასუხი არ უგია. ასევე იფიქრებენ მოსამართლეებიც. არასოდეს არავინ არ უნდა იყოს ხელშეუხებელი. მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად მისი დამოუკიდებლობის ხარისხისა, თუკი ის დანაშაულს ჩადის და არ ასრულებს კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს, მანაც უნდა აგოს პასუხი.