„საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს“, - ასეთია საზოგადოების ნაწილის ვერდიქტი. მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პირველი შემთხვევა არ არის, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლო გახდა სამიზნე. უფრო ადრე ჩვენი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია ამავე სასამართლოს მიერ მიღებულმა კიდევ ერთმა გადაწყვეტილებამ, რაც ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისებას შეეხებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ოდიოზურ გადაწყვეტილებებს შორის ბოლო წვეთი გახდა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რაც პრაქტიკულად, გზა არის მარიხუანას ლეგალიზებისკენ.
კობა დავითაშვილი იზიარებს სასულირო პირთა ნაწილის აზრს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს და მართლმსაჯულება გადაეცეს საერთო სასამართლოებს, როგორც ეს ამერიკაში, ან ბრიტანეთშია.
მოხერხდება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება, ამის შესახებ For.ge კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება ზღაპარია და მას არავინ გააუქმებს. ისიც საეჭვოა, ირაკლი კობახიძემ იფიქროს ამაზე და დაუშვას ეს შესაძლებლობა. უფრო მეტიც, კონსტიტუციონალისტის განმარტებით, არ არსებობს ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური კონტროლის ორგანო ამა თუ იმ სახით არ არის.
რაც შეეხება კობა დავითაშვილისეულ იდეას დეცენტრალიზებული კონსტიტუციური კონტროლის თაობაზე, ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. როდესაც 1993-95 წლებში კონსტიტუციის პროექტი მუშავდებოდა, მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მინდია უგრეხელიძე სწორედ ასეთ დიფუზიურ კონსტიტუციურ კონტროლს გვთავაზობდა თავიდან, რომ ყოველ სასამართლოს ჰქონოდა უფლება, დაედგინა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხი. თუმცა მაშინ უცხოელებმა ათასჯერ მაინც გვითხრეს და ვენეციის კომისიამაც მრავალჯერ გვირჩია, ამ გზით არ წავსულიყავით, რადგან ჩვენ არ ვიყავით ანგლოსაქსური სახელმწიფო.
„სხვათა შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო ნიმუში სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ნაწილობრივ, რუსეთისთვისაც, რადგან ადამიანის უფლებების მხრივ ჩვენ წინ ვიყავით, ანუ ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს თავისი კონსტიტუციური უფლების დასაცავად შეეძლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პირდაპირ მიემართა. სხვა ქვეყნებში კი ჯერ უნდა გაევლოთ საერთო სასამართლოები და პროცედურა გაცილებით რთული იყო. დღესაც არ არის ცუდი ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ მისი გაუქმება საკმაოდ დიდ პროცედურას უკავშირდება, ჯერ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. მე მგონი, მმართველი გუნდი ამას ვერ გაბედავს.
რა არის მნიშვნელოვანი მარიხუანას მოხმარებისას? -ადამიანის თავისუფლება. მინდა და მოვკვდები ამ მარიხუანით, ეს ჩემი უფლებაა. მოსახლეობის უმრავლესობის პოლიტიკური კულტურის დონე არ არის იქამდე ასული, დაუშვას ადამიანის თავისუფლება. რა თქმა უნდა, გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს მარიხუანას მოხმარებისას. ვეთანხმები დავით სერგეენკოს, რომ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას არ უნდა ჰქონდეს თავისუფლად მისი მოხმარების უფლება“.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოსამართლეები თავისი ინტელექტით, ცოდნით, განათლებით საზოგადოებაზე მაღლა უნდა იდგნენ, უკეთ უნდა იცოდნენ სიტუაცია და გაიაზრონ, რა მავნებლობას მოიტანს მარიხუანას ლეგალიზაცია. ამიტომ, გელა ლეჟავას აზრით, თუკი ამ ფუნქციას ვერ ასრულებენ კონკრეტული მოსამართლეები, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს.
„მე რომ ორი საათი არ მელაპარაკა მათთან საკონსტიტუციო სასამართლოში, კიდევ დავიჯერებდი, რომ ამ მოსამართლეებმა ნაკლებად იციან მარიხუანას რეალური მავნებლობის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი საათის განმავლობაში მათ რას მოვუყვებოდი მარიხუანას ირგვლივ? ოთხი მოსამართლე იჯდა თავის თავმჯდომარიანად, მაგრამ მათი საბოლოო გადაწყვეტილება იმის მაჩვენებელია, რომ ამ მოსამართლეებს სულაც არ ადარდებთ საქართველოს ბედ-იღბალი. რითი ხელმძღვანელობენ, ვერ გეტყვით, ამას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის აზრია, რომ ეს მოსამართლეები, რბილად რომ ვთქვათ, სამაგიეროდ რაღაც მნიშვნელოვანს იღებენ“, - აღნიშნა გელა ლეჟავამ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების პოზიციას არ იზიარებს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ არ შეიძლება, ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროა, როგორც ცალკე ინსტიტუტი, რადგან ჩვენ კონსტიტუციურობას, თუ შეიძლება ითქვას, ახლა ვუბრუნდებით. ამიტომ საერთო სასამართლოების სისტემა გასაგებია, მაგრამ ცალკე უნდა არსებობდეს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს სასამართლო გვჭირდება მოქალაქეების დავის დროს სახელმწიფოსთან, ასევე, საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი, სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობისა და თვითონ ხელისუფლების ორგანოებს შორის დავისას, რაც ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
„საპარლამენტო რესპუბლიკაში რომ გადავალთ და დემოკრატია განვითარდება, დიდი სიამოვნებით დავაკვირდები ამ პროცესებს. ნამდვილად იქნება ისეთი პრაქტიკა, როდესაც თვითმმართველობა გაბედავს და უჩივლებს სახელმწიფოს რომელიმე კანონთან დაკავშირებით, რაც მის ინტერესებში არ აღმოჩნდება. კობა დავითაშვილი გამოირჩევა ხოლმე რადიკალური ხედვებით, რაც საჭიროა, რომ შეგვანჯღრიოს და გამოგვაფხიზლოს, მაგრამ მარიხუანას ერთი კერძო შემთხვევის გამო არ შეიძლება გავაუქმოთ საკონსტიტუციო სასამართლო. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დებულებებიდან ამოდის. მარიხუანასა და მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მას კონსტიტუციის დებულებებიდან გამომდინარე, უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. თუმცა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სახელისუფლებლო შტოებს უბიძგებს, თავიანთი გადაწყვეტილებების ინიცირება მოახდინონ და რაღაც შეცვალონ. კარგია, რომ თუნდაც მიწებთან დაკავშირებით პროცესი პოზიტიურად დასრულდა, რადგან კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ გაიაზრა რა საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, შეცვალა რედაქცია მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით და პირდაპირ ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ უცხოელებზე მიწის გასხვისება დაუშვებელია. ასე რომ, ეს პროცესია და ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს გვაიძულებს, უკეთესი გამოსავალი ვეძებოთ“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
უფლებადამცველი ირმა ჭკადუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ინსტიტუტი, რომელიც რიგ შემთხვევაში ასწორებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ხარვეზებს და მათ ქმედებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყველა შემთხვევაში უნაკლოა. რა თქმა უნდა, ხშირად საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონებიც არ არის ხოლმე მისაღები სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისევე, როგორც ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა მარიხუანასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება.
„ყველამ ვიცით, რომ ჩვენს საზოგადოებაში მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს მარიხუანას მოხმარებას. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება დეკლარირებულად იქნებოდა თუ არა, ჩვენ ისედაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ მარიხუანას მომხმარებლები და ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი ნაბიჯები, რასაც გადადგამს საკანონმდებლო ორგანო, ანუ ეს იქნება დათქმა, თუ ვინ არ შეიძლება იყოს მარიხუანას მომხმარებელი. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება საჯარო სამსახურებში მუშაობის მოსურნე პირი ნარკოტიკების და მარიხუანას მომხმარებელი იყოს. თუკი ამას სწორად განმარტავს პარლამენტი, მაშინ ვისაც ენდომება მარიხუანა, წავიდეს და მოსწიოს, მაგრამ, ვისაც ენდომება იყოს სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, თავი შეიკავოს მარიხუანასგან.
არ მსურს, ვინმემ დისკრიმინაციულად აღიქვას ჩემი გამონათქვამი სრულფასოვნებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვეთანხმები ბატონ სერგეენკოს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნებისმიერი ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფიში მიდის და ამ დროს მას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ექიმი „მკურნალობს“, ან კიდევ ჩვენი შვილები როცა მიდიან სკოლაში და მათ ხვდება კაიფში მყოფი მასწავლებელი, ეს კატასტროფაა. არ შეიძლება, არასრულწლოვანებმა მარიხუანა მოსწიონ. იმედს ვიტოვებ, ამ რეგულაციებს საკანონმდებლო ორგანო თავს გაართმევს“,-აცხადებს ირმა ჭკადუა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ ითვალისწინებდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის 74%-მა გამოკითხვაში აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მარიხუანას ლეგალიზაციას.
„ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად უნდა გაუქმდეს, ზოგან არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, ზოგან არის. ჩვენ კონსტიტუციით, გვაქვს ასეთი სასამართლო. პარლამენტს აქვს უფლება, უამრავ საკითხზე იმსჯელოს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზეც“, - გვითხრა გუგული მაღრაძემ.