გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს

გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს

სალომე ზურაბიშვილის ამოუცნობმა ხასიათმა თავსატეხი გაუჩინა „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მძიმე ხასიათის სალომე ზურაბიშვილისგან შესაძლოა, საბოლოოდ მიიღონ „მარგველაშვილი 2“, ან მასზე უფრო უარესი, ამიტომ ალტერნატივას გამალებით ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ისიც დიპლომატიური ბეგრაუნდის მქონეა და უცხოეთში მიღებული ადამიანია. როგორც ამბობენ, ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ თემაზე 2-3 თვის წინაც ესაუბრნენ, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო შორს მიდის და მოელიან, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში პოლოლიკაშვილი საქართველოში ჩამოვა. წინასწარი ვარაუდით, თუკი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე არ შეჩერდება, მაშინ შესაძლოა, ზურაბ პოლოლიკაშვილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

განათლებით ეკონომისტი პოლოლიკაშვილი პოლიგლოტია და ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ და ესპანურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქმიანობა „თიბისი ბანკში“ დაიწყო საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, 2005-0  6 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2009 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად, ხოლო 2017 წელს აირჩიეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელად და ამ თანამდებობას 2018-21 წლებში დაიკავებს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტი ავტორიტეტული ფიგურა უნდა იყოს, ის უნდა იყოს პოლიტიკიდან წამოსული და პოლიტიკური ბეგრაუნდი, პოლიტიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პოლოლიკაშვილი კი ასეთად არ აღიქმება, ის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მას კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ, როგორც უფრო სახელმწიფო მოხელეს. შესაძლოა, მას პოლიტიკური თანამდებობაც ეკავა, მინისტრიც ყოფილა, მაგრამ ის არ აღიქმება პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე პიროვნებად.

„გასაგებია, რომ ის დიპლომატია, მაგრამ მარტო დიპლომატობა არ არის საკმარისი. პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ქვეყნის საგარეო წარმომადგენელობითობა, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის ერთადერთი კრიტერიუმი. სალომესთან დაკავშირებითაც, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიმდინარეობს მსჯელობა და, როგორც ვიცი, ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ისევ სალომეს დაუჭერენ მხარს. კითხვის ნიშნები მართლაც არის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს მის ხასიათსაც უკავშირდება. მაგალითად, ამ ბოლო დროს დაისვა კითხვები, რომ იგი, მართალია, საფრანგეთის მოქალაქობას დატოვებს, მაგრამ რატომ მაინდამაინც საფრანგეთის მოქალაქე, განა სხვა ვერ მოიძებნა? საბოლოო ჯამში, იმის გამოც, რომ სალომე დისტანცირებულია მმართველი პარტიისგან, ზეპარტიულ პოლიტიკურ ფიგურად აღიქმება და აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ წარმატებული პრეზიდენტი იყოს, ალბათ, უფრო მასზე შეაჩერებენ არჩევანს“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესახებ ვერაფერს იტყვის, ეეჭვება, რომ ეს კანდიდატურა წამოაყენოს მმართველმა გუნდმა, თუმცა ის ფაქტი, რომ პოლოლიკაშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ჩნდებოდა, მმართველი გუნდისთვის თეორიულად მისაღები უნდა იყოს, რადგან უფრო მართვადი იქნება. სალომე ზურაბიშვილი კი საეჭვოა, მართვადი იყოს რომელიმე ძალის მხრიდან.

„სალომე ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ. მისი პიროვნება საპრეზიდენტოდ სტანდარტულია, ანუ ადეკვატური იქნება მისი ფსიქოლოგია პრეზიდენტის თანამდებობისთვის და მისი ფუნქციებისთვის. ვეთანხმები ზოგიერთის მოსაზრებას, რომ შეიძლება მარგველაშვილზე უარესიც გამოდგეს „ქართული ოცნებისთვის“. მაგალითად, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, სალომე პირდაპირ აკრიტიკებდა პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ. ის ამბობდა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მეტი უფლებამოსილებები, სკეპტიკურად უყურებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მისი საქმიანობის დროს იყოს გარკვეული წინადადებები კონსტიტუციის სრულყოფისთვის. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მას არ აქვს, მაგრამ თავისი პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეუძლია. გარდა ამისა, ქვეყნის ავტორიტეტის გატანა და განმტკიცება საგარეო პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილს არ გაუჭირდება“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.

„დღემდე მიმდინარეობს „ოცნებაში“ საუბრები იმის შესახებ, ვინ სჯობს საპრეზიდენტო კანდიდატად, ამიტომ მოვითმინოთ ცოტა ხანს და მალე გვეცოდინება, ვის შევარჩევთ. წინასწარ არაფერს ვიტყვი. რაც შეეხება უშუალოდ პოლოლიკაშვილს, ზოგადად ვამბობ, რომ ბევრი ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“, ასევე, „ოცნების“ გარეთაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა“.